ხელისუფლება
ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეების პროტესტით მხოლოდ ოთხი თვის შემდეგ
დაინტერესდა.
ქუთაისში გამართული ხალხმრავალი აქციიდან ოთხ
დღეში, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ეკონომიკისა და სოფლის
მეურნეობის მინისტრებს ხეობაში ჩასვლა დაავალა. პარლამენტმა კი ჰესის
პროექტთან დაკავშირებით, მთავრობის წარმომადგენლების მოსმენა
მოითხოვა.
პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ
ბიუროს სხდომაზე განაცხადა, რომ საზოგადოებას აქვს წუხილი და კითხვები
ამ საკითხზე და მთავრობის მხრიდან არსებობს მზაობა, რომ საკანონმდებლო
ორგანოში ამომწურავი მოსმენა გამართოს.
"ჩვენ საზოგადოებას მივაწვდით პასუხებს
იმ კითხვებზე, რამაც მათი წუხილი და პროტესტი გამოიწვია. კარგია, რომ
მინისტრებმა მიიღეს დავალებები, ადგილზე ჩავიდნენ და ჰქონდეთ
საზოგადოებასთან კომუნიკაცია, თუმცა ამ სფეროში პარლამენტს თავისი
მნიშვნელოვანი როლი აქვს საზედამხედველო ფუნქციის ფარგლებში. ჩვენ ამ
ფორმატს გამოვიყენებთ", - განაცხადა არჩილ
თალაკვაძემ.
პოზიციის უცვლელობის მიუხედავად, მინისტრებთან
შეხვედრაზე თანხმობას აცხადებენ ხეობის მცველები და ამბობენ, რომ
საჭიროა დიალოგის ფორმატის შექმნა, სადაც სპეციალისტებიც იქნებიან
ჩართული.
აქციის შემდეგ გამოეხმაურა ჰესის მშენებლობის
საკითხს ქუთაისის მაჟორიტარიც. ზაზა ლომინაძემ პროტესტის მიზეზად
ჰესთან დაკავშირებით ადგილობრივების არაინფორმირებულობა
დაასახელა.
რიონის ხეობაში 433 მგვტ. სიმძლავრის ჰესს
კომპანია "ენკა" აშენებს. მთავრობასა და ინვესტორს შორის გაფორმებული
ხელშეკრულება უკვე შეისწავლეს სპეციალისტებმა და მას საქართველოს
ინტერესების საზიანო უწოდეს. გარდა ხელისუფლების მიერ აღებული
კოლოსალური ფინანსური ვალდებულებებისა, ექსპერტები საუბრობენ ჰესის
ნეგატიურ შედეგებზე. მათი თქმით, ჰესი სრულად შეცვლის ხეობის
მიკროკლიმატსა და ბიომრავალფეროვნებას, კაშხლების დაზიანების
შემთხვევაში კი 34 მეტრიანი ტალღა 19 წუთში გადაუვლის ხეობას და
მიაღწევს ქუთაისამდე.
მასალის გამოყენების პირობები