საზოგადოება
რიონის ხეობის „მცველები“
FaceBook
პირველ თებერვალს, რიონის ხეობაში პროტესტის მეასე დღე დაღამდა.

სამ თვეზე მეტია წყალტუბოსა და ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლების ათეულობით ოჯახის ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. სამსახური, მეგობრები, საოჯახო საქმე, ჯერ კარავში, ბოლო რამდენიმე დღე კი ღია ცის ქვეშ გატარებულმა დღეებმა და ღამეებმა ჩაანაცვლა. 30 იანვარს, წყალტუბოს მერიამ, პოლიციის ძალით, აქციის მონაწილეებს კარავი დაურბია და ჯვარი მოუხსნა. ამ გზით, ჰესის მშენებელი კომპანია, ხელისუფლების დახმარებით, პროტესტის ჩახშობას ცდილობს, თუმცა, ადგილობრივები ამბობენ, რომ უშედეგოდ. კარვის გარეშე დარჩენილები ახლა უკვე ღამეს ღია ცის ქვეშ ათენებენ და ასე გაგრძელდება მანამდე, ვიდრე გამოსავალს არ იპოვიან.
კარავის დარბევის შემდეგ აქციის მონაწილეები ღამეს ღია ცის ქვეშ ათენებენ

"ნაწილებად დაშალეს კარავი, წაიღეს და პოლიციის შენობასთან დაყარეს. ახლა ვცდილობთ ისევ ავაწყოთ და სადმე დავდგათ, რომ მომდევნო ღამეები მაინც გავათიოთ. თუ გაწვიმდა, გარეთ გაჩერება შეუძლებელი იქნება",
- ამბობს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ვარლამ გოლეთიანი.

სამ თვეზე მეტია "რიონის ხეობის მცველების" ერთადერთი საზრუნავი ხეობაში 105 მეტრი სიმაღლის ჰესის სამშენებლო სამუშაოების მონიტორინგი გახდა. ამიტომაც დაბანაკდნენ მძიმე ტექნიკასთან ასე ახლოს, მათ სახლებს, ეზოებსა და საფლავებს შთანთქმით რომ ემუქრება. ახლაც, კარავის გარეშე დარჩენილები 7 თებერვლის აქციას გეგმავენ. რაც შეიძლება ბევრი ადამიანი უნდა მივიდეს, რომ კიდევ ერთხელ აჩვენონ მათი გაუტეხლობა, ბრძოლაში უკან არდახევა, პოზიციის უცვლელობა, რომ არც ერთი მათგანი თანხის სანაცვლოდ მამაპაპისეულ სახლ-კარს არ დათმობს.

დამეწყრილ ხეობაში გიგანტური ჰესის მშენებელ კომპანიასა და "ხეობის მცველებს" ერთი ხიდი ჰყოფთ. ახლა, ხიდის იქეთ, სამი თვის წინ შეწყვეტილი ტექნიკის ხმა ისევ ისმის. ხელისუფლების "ძალისხმევით" კომპანია "ენკამ" ადგილზე ჰესის სამშენებლო სამუშაოები განაახლა. ადგილობრივები კი მესამე დღეა საკუთარი თვალით უყურებენ როგორ ინგრევა მათი მომავალი.
კომპანია "ენკას" ტექნიკა
დუმილი დაარღვია კომპანიის ხელმძღვანელობამაც, აგერ უკვე სამ თვეზე მეტია დანებების იმედით რომ შესცქეროდა მეორე მხარეს. "მცველები" არ ნებდებიან, რადგან მიიჩნევენ, რომ მართლები არიან.

"რა გვაძლებინებს აქ? სიმართლე. თუ მართალი არ ხარ, იმ საქმეში ადრე თუ გვიან დაიღლები და გაჩერდები. ჩვენ ვიცით, რომ სიმართლისთვის ვიბრძვით და ეს არის ჩვენი ძალა. თუ ვინმე გვეტყვის, რომ ამდენხნიანი პროტესტის მიუხედავად, კომპანიას ვერ ვათქმევინეთ უარი მშენებლობაზეო, ჩვენ ვუპასუხებთ, რომ სამი თვე რომ სამუშაოები გაჩერებული იყო, ესეც მიღწევაა",
-ამბობენ ადგილობრივები.

აქ ასაკს მნიშვნელობა არ აქვს. მომავლის გადარჩენის იდეამ რიონის ხეობის ყველა თაობა გააერთიანა. 28 წლის არის აქციის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი ვარლამ გოლეთიანი. მას აქციების გამო ქუთაისში ცხოვრებასა და სამსახურზე უარის თქმა მოუწია. ვარლამი ქუთაისის სამუსიკო სკოლაში პედაგოგად მუშაობს და ისე ხშირად ვეღარ ახერხებს ქალაქში ჩასვლას, თუმცა, ზუსტად იცის, რომ იმ საქმეზე მნიშვნელოვანი, რასაც ახლა აკეთებს, არაფერია.

27 წლის არის კიდევ ერთი "მცველი" კახაბერ ასათიანი. იგი სტუდენტია და პარალელურად მუშაობასაც ახერხებდა, თუმცა, თანასოფლელების გვერდით დგომა, მისთვისაც სამსახურზე უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. კახა ამბობს, რომ ჰესის მშენებელი კომპანიის პირისპირ დგომით სწორედ იმ საქმეს იცავს, რის კეთებაზეც ახლა დროებით თქვა უარი, რადგან თუ აღარ იარსებებს მისი სოფელი, აღარ იქნება არც მისი მომავალი.
რიონის ხეობას იცავენ დედებიც. მაკა სულაძეს აქციაზე მისასვლელად ჯერ სახლში შვილების და ასაკოვანი მამის დატოვება, შემდეგ კი 20 კილომეტრის გავლა უწევს. მაკა ამბობს, რომ არც კი უკითხავს რა თანხას სთავაზობს კომპანია სახლის დატოვების სანაცვლოდ. მისთვის მის სახლზე, დედისა და ძმის საფლავზე ღირებული არაფერია.

ნამახვანჰესის პროექტის საუკუნოვანი ისტორია

ნამახვანჰესის მშენებლობის საკითხი დღის წესრიგში 2020 წელს არ დამდგარა. ჰესის პროექტის განხორციელებაზე საუბარი ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში დაიწყო და მას მაშინაც ჰყავდა მოწინააღმდეგეები. ადგილობრივების შიშებს მაშინაც ამძაფრებდა სპეციალისტების მოსაზრებები იმის შესახებ, რომ სეისმურად აქტიურ და მეწყრულ ზონაში, სადაც არამყარი ქანებია, მსგავსი სიმძლავრის მშენებლობა სასიცოცხლო რისკებს შეიცავდა.

ტვიში- ნამახვანი - ჟონეთის მონაკვეთში ჰესის ასაშენებლად კვლევითი სამუშაოები 1930-იანი წლებიდან მიმდინარეობდა, თუმცა, მაშინ საუბარი იყო მცირე ჰესზე. სხვადასხვა კომპანია პროექტის განახლებას ორჯერ 1960-იან და 1980-იან წლებში შეეცადა, თუმცა, ექსპერტთა დასკვნების საფუძველზე, საბჭოთა საქართველოს მთავრობამ ჰესის მშენებლობაზე უარი თქვა. კაშხლის მშენებლობის იდეა 1990-იანი წლების დასაწყისში თითქოს საბოლოოდ მოიხსნა დღის წესრიგიდან. 20 წლიანი ინტერვალის შემდეგ კი ენერგო-პროექტზე საუბარი კვლავ განახლდა.

საბოლოოდ, ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ნებართვა 2020 წლის 28 თებერვალს, შპს "ენკა რინიუებლზზე" გასცა. პროექტი მოიცავს 100 მგვტ სიმძლავრის ტვიში და 333 მგვტ სიმძლავრის ნამოხვანი-ჟონეთის ჰესებს. ტვიში ჰესის კაშხლის სიმაღლე 56 მეტრი იქნება და ის დაახლოებით 1000 ჰექტარ ტერიტორიას წყლით დაფარავს. ნამოხვანი-ჟონეთის კასკადი კი 105 მეტრი სიმაღლის იქნება და მისი მშენებლობა დაგეგმილია მდინარე რიონის ვიწრო ხეობაში. ჰესისთვის უნდა აშენდეს 4 400 მეტრი სიგრძის გვირაბი, რომელშიც მდინარე რიონი მოექცევა. ჰესის უმეტესი ნაწილი წყალტუბოს ტერიტორიაზე მდებარეობს, წყალსაცავი ასევე ფარავს ცაგერის რამდენიმე სოფელს. ჯამში, წყლით იფარება 610 ჰა ტერიტორია.

"ნამახვანჰესი" -  ბუნების მტერი

კომპანია "ენკამ" ადგილზე სამუშაოები გასული წლის ზაფხულში დაიწყო, თუმცა, დიდი ხნით ადრე იცოდა მოსახლეობის ნეგატიური განწყობის შესახებ. ადგილობრივებთან დაპირისპირების თავიდან ასარიდებლად, სოფლებში საბჭოები შეიქმნა, სადაც იმართებოდა საინფორმაციო შეხვედრები და სოფლის მცხოვრებლებს ჰესის უპირატესობაში არწმუნებდნენ. მოსახლეობის ნაწილზე, ვინც სოფლების დატოვებაზე თანხმობა განაცხადა, გაიცა კომპენსაციები, პერიოდულად ცხადდება ვაკანსიები ჰესის სამუშაოებზე დასასაქმებლად, კომპანია დღემდე ყიდულობს თაფლს ადგილობრივებისგან, თუმცა, ეს სწორედ ის თაფლია, რაც ჰესის აშენების შემდეგ რიონის ხეობის სოფლებში აღარ იქნება. ფუტკართან ერთად გაქრება ყურძნის უნიკალური ჯიშები - ცოლიკოური და უსახელოური, მომატებული ტენიანობა ბიომრავალფეროვნების შეუქცევად დეგრადაციას გამოიწვევს. ჰესის ზეგავლენის არეალში მოექცევა 20-მდე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, რამდენიმე სოფელი და 10-ზე მეტი არქეოლოგიური ობიექტი. დაიტბორება 100-ზე მეტი ოჯახი და რაც მთავარია, კაშხლის დაზიანების შემთხვევაში, ადგილზე წარმოიქმნება 34 მეტრიანი ტალღა, რომელიც დაფარავს არამხოლოდ რიონის ხეობის სოფლებს, არამედ, დაახლოებით 19 წუთში მიაღწევს ქუთაისამდე.

ამ საფრთხეების რეალურობამ ათქმევინა უარი ხეობის მცხოვრებლებს კომპანიის დაპირებებზე და სწორედ მაშინ, როცა მძიმე ტექნიკა მათ მიწაზე გამოჩნდა, დარაჯად დაუდგნენ ხეობას.

"ის, რომ ამ პროექტის განხორციელების შემთხვევაში საფრთხე ემუქრება საქართველოს რიგით მეორე ქალაქს ქუთაისს, ეს არის ფაქტი და არა სპეკულირება. მარტივი მოდელირებაც კი აჩვენებს, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები თუ კაშხალი გასკდება. ყველა ეს საკითხი საჭიროებს დეტალურ გაანალიზებას და შეფასებას და არა ასეთ დამოკიდებულებას - ჩვენ გვინდა და ავაშენებთ. მართალია პროექტს აქვს მშენებლობის ნებართვა, მაგრამ თუ ჩავხედავთ კარგად, ვნახავთ, რომ მათ მხოლოდ მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარების უფლება აქვთ. ამ ხნის განმავლობაში კომპანიამ აწარმოა არა მხოლოდ მოსამზადებელი სამუშაოები, არამედ გაიყვანა გზები, მოაწყო სამშენებლო ბანაკი, აწარმოა აფეთქებები, დაიწყო ბეტონის ქარხნის ჩადგმა, ფაქტობრივად, შეიძლება ითქვას, რომ ჩაატარეს სამშენებლო და არა მოსამზადებელი სამუშაოები. ამასთანავე, უნდა ითქვას, რომ ეს არ არის მთლიანი პროექტი. საბოლოო ვერსია კომპანიამ 2021 წლის აპრილში უნდა წარმოადგინოს. გარდა იმისა, რომ ბევრი კითხვაა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მიიღო "ენკამ" მშენებლობის ნებართვა, პროექტში არ არის წარმოდგენილი საჭიროების დასაბუთება, ანუ რა მოგებას მიიღებს ქვეყანა იმ ზიანის სანაცვლოდ, რაც მიადგება გარემოს. ამ დანახარჯებისა და სარგებლის ანალიზიც კი არ მომხდარა", -ამბობს გარემოს დამცველი, მოძრაობა "მწვანე ალტერნატივას" წარმომადგენელი დავით ჭიპაშვილი.

რამდენად მძიმე შედეგი შეიძლება მოჰყვეს გაუთვლელი ნაბიჯებით ისეთ მნიშვნელოვან პროექტებზე ნებართვის გაცემას, როგორიცაა ჰესები, დავით ჭიპაშვილს ამის სადემონსტრაციოდ 2017 წელს აშენებული შუახევი ჰესი მოჰყავს, რომელიც მშენებლობის დასრულებიდან ორ თვეში ჩამოინგრა. გარემოს დამცველებისა და სპეციალისტებისთვის კიდევ უფრო შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ სწორედ შუახევი ჰესის ერთ-ერთი ინვესტორი იყო "ქლინ ენერჯი გრუპი", რომელიც ახლა ნამახვანჰესის მშენებლობაში მონაწილეობს.

"სწორედ "ქლინ ენერჯი გრუპმა" მოიგო თავდაპირველად ნამახვანჰესის ტენდერი და შემდეგ შემოვიდა "ენკა", თუმცა, ნორვეგიული კომპანიის 10%-იანი წილი კვლავ რჩება ამ მშენებლობაში. "ქლინ ენერჯი გრუპი" იყო ერთ-ერთი მთავარი ინვესტორი შუახევი ჰესის პროექტის და ყველამ ძალიან კარგად ვნახეთ როგორ დასრულდა მისი მშენებლობა, გახსნიდან ორ თვეში ჩამოინგრა გვირაბი. ხელისუფლებამ კი ნაცვლად იმისა, რომ კითხვები გასჩენოდა, კიდევ ახალი ტენდერი მოაგებინა", - ამბობს დავით ჭიპაშვილი.

შუახევის მუნიციპალიტეტში 2017 წელს აშენებული შუახევი ჰესი ამ დრომდე არ მუშაობს. 187 მეგავატი სიმძლავრის ჰესზე მშენებლობის დასრულებიდან ორ თვეში გვირაბი ჩამოინგრა. პროექტის ძირითადი ინვესტორები ნორვეგიული კომპანია "ქლინ ენერჯი" და ინდური "ტატა ჯგუფი" იყვნენ. რა გახდა ჰესის დაზიანების მიზეზი, ამაზე ზუსტი პასუხი არ არსებობს.

ნამახვანჰესს ნეგატიურ შეფასებას აძლევს EMC.  არასამთავრობო ორგანიზაცია პროცესს გაუმჭვირვალეს უწოდებს და სოციალურ, ეკონომიკურ და ეკოლოგიურ საფრთხეებზე საუბრობს.

"ნამახვანის პროექტი კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითია გაუმჭვირვალე პროცესით, საზოგადოების ჩართულობის ნაკლებობით, ეროვნული კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების უგულებელყოფით და ქვეყნის ენერგეტიკის განვითარების სტრატეგიული გეგმის არარსებობის პირობებში, ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებისა, რაც ქვეყანას უზარმაზარ სოციალურ, ეკონომიკურ და ეკოლოგიურ საფრთხეებს უქმნის", - ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებაში.

საპასუხოდ, პროექტის გამართულობასა და პროცესის გამჭვირვალობაზე საუბრობენ კომპანია "ენკაში" .

"ნამახვანჰესის პროექტს გააჩნია არსებული ეტაპისთვის ყველა საჭირო ნებართვა და კვლევა, რომლებიც სრულ შესაბამისობაშია როგორც საქართველოს, ასევე, დიდი კაშხლების საერთაშორისო კომიტეტის ნორმებთან და სტანდარტებთან. კომპანიას აქვს გამჭირვალე პოლიტიკა - "ენკამ" პროექტის დაწყებისთანავე არაერთხელ ჩაატარა საჯარო განხილვები, რომლებშიც მონაწილეობას იღებდა ადგილობრივი მოსახლეობა. ასევე, კომპანიას არაერთხელ გამოუხატავს კონსტრუქციული დიალოგისთვის მზაობა - შესაბამისად, დღესაც ის მზადაა გასცეს ყველა დასმულ კითხვაზე პასუხი, წარადგინოს ყველა სახის დოკუმენტაცია იქნება ეს ნებართვა თუ კვლევა", - აცხადებენ კომპანიაში.

"ენკა",  ჰესის ამოქმედების შემდეგ, ბიუჯეტში წლიურად 20 მილიონი ლარის შეტანის და მშენებლობაზე 1600 - მდე ადამიანის დასაქმების პირობას დებს. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 800 მილიონი დოლარია. კომპანიის ინფორმაციით, ნამახვანჰესი ქვეყანაში პიკური მოთხოვნილების (სექტემბრიდან აპრილამდე) 30-40%-ს დააკმაყოფილებს. წლიური შიდა გენერაცია კი გაიზრდება 15%-მდე.

"ნამახვანჰესი წინ გადადგმული ნაბიჯია საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის და ენერგოუსაფრთხოებისთვის", -აცხადებენ კომპანიაში.

ვერც დაპირებული ენერგოდამოუკიდებლობა და ვერც ფულადი კომპენსაცია ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებისთვის ვერ აანაზღაურებს იმას, რისი დაკარგვითაც, მათი თქმით,  გიგანტური ჰესი ემუქრებათ. "ხეობის მცველებისთვის" უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა სად გათენდება მათი დილა - კარავში თუ ღია ცის ქვეშ, რადგან ზუსტად იციან, რომ პროტესტს მანამდე არ შეწყვეტენ, ვიდრე კომპანია "ენკა" არ დატოვებს ხეობას.

წინ 7 თებერვალია, სადაც "ხეობის მცველებმა" კიდევ ერთხელ უნდა აჩვენონ ყველას, რომ არ დანებდებიან, არ გატყდებიან და არ დათმობენ საკუთარ მიწას.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის
სტუდენტს, საბა ჭეიშვილს, საზოგადოების მხარდაჭერა
სჭირდება.
11:32 / 11.10.2024
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტს, საბა ჭეიშვილს, საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.