პოლიტიკური კრიზისი შესაძლოა ეკონომიკური კრიზისით გაგრძელდეს.
„ქართული ოცნების“ პრორუსული პოლიტიკით გამოწვეული ქუჩის პროტესტი, გრძელვადიან პერსპექტივაში ქვეყნის ეკონომიკაზე დამანგრეველ შედეგებს გამოიწვევს.
არსებული არასტაბილურობით უკვე შეფერხდა ადგილობრივი ბიზნესისა და
მეწარმეების მუშაობა. სფეროს სპეციალისტების თქმით, თუკი,
პოლიტიკური კრიზისი არ მოგვარდება და ვითარება არ შეიცვლება, ქვეყნის
დაღმავალი ეკონომიკა ყველა სფეროზე იქონიებს უარყოფით გავლენას, რაც
ბიუჯეტზეც აისახება და შესაძლოა, ხელფასებისა და პენსიების გაცემაც კი
გაჭირდეს.
გოჩას საოჯახო ივენთკომპანია „არტერია“ 14 წელია
ფუნქციონირებს ქუთაისში. კომპანია სხვადასხვა გასართობ წვეულებებს
უწევს ორგანიზებას, მათ შორის, კორპარტიულ საღამოებსაც.
„არტერიას“ 2023 წლის დეკმბრის თვეში 24 შეკვეთა ჰქონდა, 2024 წლის
ამავე პერიოდში მხოლოდ 8 შეკვეთა მიიღო, საიდანაც მხოლოდ ოთხს გაუწია
მომსახურება.
„ჩვენ ვემსახურებით საბიუჯეტო ორგანიზაციებსაც. მაგალითად,
ვუორგანიზებთ კორპორატიულ წვეულებებს, წელს უარი ვთქვით, რადგან არ
მოვესმსახურებით რეჟიმის წევრებს, რომლებსაც ქუჩაში 50 დღეა ვებრძვით.
ცხადია, უარი უნდა გვეთქვა მომსახურებაზე, მაგრამ წარმოიდგინეთ საერთო
სურათი: რამდენი კომპანია თუ ორგანიაზაციაა ჩვენსავით და როგორ
კრიზისშია ეკონომიკა. გარდა იმისა, რომ ჩვენ ადამიანები გვყავს
დასაქმებულები, ასევე ბიუჯეტშიც ვიხდით თანხას“, - განმარტავს გოჩა
უგლავა.
გოჩა 48 დღეა ქუჩის პროტესტის ერთ-ერთი აქტიური მონაწილეა. ყოველ
საღამოს თანამოაზრეებთან ერთად, ქუთაისის მერიის შენობის წინ დგას,
სადაც მთავარი მოთხოვნა ხელახალი არჩევნებია. ამბობს, რომ სახლში
წასვლას მანამ არ აპირებს, ვიდრე მათი მოთხოვნა არ შესრულდება. ქუჩაში
გამოსული „ოცნების“ მთავრობით გაბრაზებული მოქალაქეები თვლიან, რომ
ახლა კაფე-ბარებში გართობის, კორპორატიული საღამოების მოწყობის,
სასტუმროებში დასვენების დრო არ არის.
ისინი აღნიშნავს, რომ კრიზისიდან გამოსავალი სახლებში ჯდომა კი არა,
ქუჩაში უფრო მეტი ადამიანის გამოსვლაა.
„რეალურად, ყველამ ხომ კარგად ვიცით, რომ ეს არის არასტაბილური
გარემო, რომელიც შექმნა „ოცნებამ“. ჩვენ არცერთი წამით არ ვფიქრობთ,
რომ წავიდეთ სახლებში. ამ ქაოსის, პოლიტიკური თუ ეკონომიკური კრიზისის
დასრულების გასაღები აქვს „ოცნებას“ - დანიშნოს ხელახალი არჩევნები“,
- ამბობს გოჩა უგლავა.
ლილე
მომხარებლების სიმცირეზე საუბრობს ლილე მაღლაფერიძე, რომელსაც
ქუთაისის ცენტრალურ ნაწილში რესტორანი „ლილესთან“ აქვს. ამბობს, რომ
ოცნების ხელისუფლების არაჯანსაღი პოლიტიკა ბიზნესის გაყიდვებზე
ნეგატიურად აისახა. მისი თქმით, ქვეყანაში შენელდება ეკონომიკური ზრდა
და განვითარება.
„თუკი შედარებით ანალიზს გავაკეთებთ, შემოსავალების მიღების ჭრილში
გვაქვს კლება 26 % -ის ოდენობით ( 2024 დეკემბერის მონაცემებით, 2023
წლის დეკემბერთან მიმართებაში). მნიშვნელოვანია, რომ ჩემი 4 წლიანი
გამოცდილებით, აღნიშნულ სფეროში დეკემბრის თვე ყოველთვის გამორჩეული
იყო ზრდადი მაჩვენებლებით. თუმცა, 2025 წელს ვგეგმავ 15-20 % იანი
კლებით და მნიშვნელოვანია, კარგად გავიაზროთ, რომ ამ სფეროში
დასაქმებული ადამიანებისთვის შემოსავლის თუნდაც რამდენიმე კვირით
შეწყვეტა, ძალიან ნეგატიურ გავლენებს მოახდენს მათზე“, - გვეუბნება
რესტორნის მფლობელი.
ლილე მაღლაფერიძე ამბობს, რომ ქვეყანა ღრმა კრიზისში შედის, როგორც
პოლიტიკურ, ასევე, ეკონომიკურ ჭრილში. მისი თქმით, ასეთ ვითარებაში
რთულია დაგეგმო ან ფოკუსირდე ბიზნესზე.
ამიტომაც ლილე, თავის გუნდთან ერთად, იმ ადამიანების რიგებშია,
რომლებიც თვლიან, რომ არსებული არასტაბილურობიდან გამოსვლა ღია, ქუჩის
პროტესტით უნდა მოხდეს. უფრო მეტიც, იგი ქალაქში უწყვეტის აქციის
მონაწილეებს ჩაით და ყავით მასპინძლობს.
„მე და ჩემი გუნდის წევრები აქტიურად ვდგევართ აქციაზე, ეს არის ჩვენი
სამოქალაქო პასუხისმგებლობა. 15 იანვარსაც გავიფიცეთ და ვეთანხმებით
მოთხოვნას სამართლიანი არჩევნების და პოლიტიკური პატიმრების
გათავისუფლების შესახებ. ახალი სამართლიანი არჩევნები არის ის
გამოსავლი, რომელიც განმუხატვს არსებულ კრიზსს“, - ამბობს ლილე
მაღლაფერიძე.
„ოცნების“
ეკონომიკური
კრიზისი
„მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესი თვისებრივად არ ჩაერიოს ისეთ პოლიტიკურ
საკითხებში, რომელიც არის თვოსებრივად, თავისი არსით პოლიტიკოსების
გადასაწყვეტი. როგორც არ შეიძლება, სახელმწიფო ერეოდეს ბიზნესის
თავისუფლებაში, ასევე ანალოგიურად არ შეიძლება, პირდაპირ შეიჭრას
ბიზნესი პოლიტიკაში, ეს არის ზოგადი პრინციპი. ჩვენთვის არავითარი
არსებითი ზიანის მოტანა არ შეუძლია ასე პირდაპირ შეჭრას ბიზნესის
მხრიდან პოლიტიკაში, მაგრამ ზოგადად, პრინციპები არის დასაცავი“, - ეს
განმარტება „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძემ
სამთავრობო ტელევიზიაში, მას შემდეგ გააკეთა, რაც 4 საათის
განმავლობაში 100-მდე მსხვილ ბიზნესს დახურულ კარს მიღმა შეხვდა.
მართალია, „ქართული ოცნება“ არ აღიარებს თავიანთი პოლიტიკით გამოწვეულ
ეკონომიკური კრიზის და შემდეგომ მის დამაზიანებელ შედეგებს, თუმცა, ეს
შეხვედრა სწორედ ამას მიუთითებს.
ეკონომიკის საკითხებში ექსპერტები ამბობენ, რომ პრობლემის არშემჩნევა
მის არარსებობას არ ნიშნავს.
„მას („ქართულ ოცნებას“) ყოველ ჯერზე უწევს იმის ჩვენება, რომ
ყველაფერი კარგად არის და შეძლებენ ნებისმიერი სიტუაციიდან თავის
დაღწევას. ზუსტად, ამის ჩვენებას ცდილობდა „ქართული ოცნება“ ბიზნესთან
შეხვედრით, სხვა რომ ყველაფერს თავი დავანებოთ. ასეთი შეხვედრით სურთ
ლეგიტიმაციის შეძენა მოსახლეობის თუ ბიზნესმენების თვალში, მაგრამ
ბიზნესმა და მით უფრო, მსხვილმა ბიზნესმენებმა ძალიან კარგად იციან,
თუ რა კრიზისია მოსალოდნელი ქვეყანაში და თუ როგორ შეიძლება
განვითარდეს ეს მოვლენები“, - ამბობს ეკონომიკის ექსპერტი, ბიზნესისა
და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, გიორგი
კეპულაძე.
ეკონომიკის მკვლევარები მიუთითებენ, რომ თუკი მცირე და მსხვილი
ბიზნესი სათანადოდ ვერ იმუშავებს, ეს ყველა რგოლზე დომინოს პრინციპით
აისახება. მაგალითად, თუ კაფეს და სასტუმროს ნაკლები მომხარებელი
ეყოლება,
ნაკლებ პროდუქტს, ნაკლებ საყოფაცხოვრებო ნივთებს შეიძენს, ამის გარდა,
რაოდენობრივადაც უფრო ნაკლები თანამშრომელი ეყოლება, ეს თავის მხრივ,
უმუშევრობას გამოიწვევს. მარტივი ლოგიკით, რაც უფრო მეტი ადამიანია
დასაქმებული, მეტია გადასახადების გადამხდელი.
„ბიუჯეტი შედგება ჩვენი და ბიზნესის მიერ გადახდილი გადასადგებისგან ,
რითაც ფინანსდება მერე საბიუეჯეტო ორგანიზაციები, ჯარი, პოლოცია,
სასამართლო, სოციალური დახმარებები და ასე შემდეგ. თუ ბიზნესი ვერ
იმუშავებს, მას ექნება ნაკლები შემოსავალი, თავისთავად ის გადაიხდის
ნაკლებ გადასახადს ბიუჯეტში“, - განმარტავს ექსპერტი გიორგი
კეპულაძე.
ექსპერტები ამბობენ, რომ ქვეყნის ეკონომიკა არ არის მზად იზოლაციაში
მოექცეს და შემდეგ გადარჩეს.
ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში სოსო ბერიკაშვილი თვლის, რომ ასეთ
ვითარებაში შეუძლებელია ქვეყნის ეკონომიკამ რაიმე სახით გაძლოს. ის
ამბობს, რომ თუკი არც საერთაშორისო გრანტი გვინდა და ქვეყნის შიდა
ეკონომიკასაც ხელოვნურად ვერ ვამუშავებთ, მაშინ რით უნდა იარსებობს
ქვეყანამ?!
„ამიტომაც, ყველაფრის თავი და თავი, პოლიტიკური კრიზისია
გადასაწყვეტი, რომ მოგვარდეს სხვა პრობლემები, რომელიც აქედან
მომდინარეობს. თუ ვინმეს ჰგონია, რომ აქციები შეწყდება და ყველაფერი
კარგად იქნება, ტყულია! აქციები გამოიწვია პოლიტიკურმა კრიზისმა და
არსებული ვითარებიდან აქციების შეწყვეტა კი არ არის გამოასავალი,
არამედ „ოცნების“ ხელისუფლების უკან დახევაა“, - აღნიშნავს სოსო
ბერიკაშვილი.
ექსპერტების შეფასებით, როცა ხელისუფალი 48 დღიანი ქუჩის
პროტესტის რეპრესიებით და ძალადობრივი მეთოდით ჩახშობას ცდილობს,
ქვეყანას იზოლაციისთვის წირავს.
„ამერიკამ დაასანქცირა ქვეყნის დეფაქტო მმართველი, რა თქმა უნდა, არ
მოგინდებათ ფულის ჩადება ასეთ ქვეყანაში, სადაც გაურკველობაა და
არავინ იცის რა მოხდება მომავლში. ქვეყანაში, რომლის შინაგან საქმეთა
მინისტრი დასანქცირებულია, პარალემენტარები კი დასასანქციერებელთა
სიაშია შეყვანილი, ვის მოუნდება ასეთ ქვეყნაში თანხის დაბანდება?
ზოგადად, სანციებს აქვს პრევენციული ხასიათი, რომ ჭკუას მოუხმონ. თუკი
ასე არ მოხდება, უფრო გაღრმავდება სანქციები, რაც მძიმედ აისახება
ქვეყანაზე.
მაგრამ ბიძინა ივანიშვილისთვის სულერთია რა მოუვა ან რა დაემართება
საქართველოს. ის საერთოდ არ დარდობს ამ ქვეყანაზე, მთავარია მისი და
მისი ოჯახის წევრების უსაფრთხოება და ფინანსები. თუმცა, ამ კუთხითაც
(ფინანსების კუთხითაც), რა თქმა უნდა, გარანტირენული ვეღარაფერი ვეღარ
იქნება“, - განმარტავს გიორგი კეპულაძე.
ეკონომიკის მკვლევარების თქმით, საქართველო ღია ეკონომიკის ქვეყანაა,
სადაც უცხოელი ინვესტორებისათვის ნაკლები გადასახედების გამო ჯერ
კიდევ მიმზდველია ამ ინვესტიცების განხორციელება. არსებული
არასტაბილური გარემოთი კი ქვეყნის იზოლაცია ხდება.
ექსპერტები ამბობენ, რომ რაც უფრო ხანგრძლივი იქნება პოლიტიკური
კრიზისი, მით უფრო რთული იქნება ამ იზოლაციიდან თუ კრიზისიდან თავის
დაღწევა.
„შესაძლოა, პოლიტიკური კრიზისი ერთ კვირაში ან ერთ თვეში მოგვარდეს,
მაგრამ ეკონომიკას ცოტა, უფრო მეტი დრო სჭირდება. ამიტომაც,
გამოსავალი არის ერთადერთი - ხელახალი არჩევნები, რათა სწრაფად
მოგვარდეს პრობლემები.
ასე რომ ბიზნესმაც უნდა მიიღოს პრაგმატული გადაწყვეტილება. ჩვენ მათ
გმირობას არ ვთხოვთ, არც ისეთ გადწყვეტლებებს, რაც მათ დააზიანებს.
პირიქით, ჩვენ ვამბობთ რომ დღეს როდესაც ქართველი ხალხი ქუჩაში დგას,
ის მათ შორის იცავს იმ ქართულ ბიზნესსაც, რომ შემდეგ უკვე აქ
(ბიზნესში) არ დამყარდეს დიქტატურა და ავტოკრატია.
ამიტომ ჩვენ მათაც ვიცავთ თბილისის, ქუთაისის, ბათუმის, ზუგდიდის თუ
თელავის ქუჩებში“, - ამბობს ეკონომიკის მკველვარი და პროფესორი გიორგი
კეპულაძე.
მასალის გამოყენების პირობები