იმერეთის რეგიონმა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ეკონომიკური
განვითარების პოტენციალი და ასობით სამუშაო ადგილი დაკარგა.
ეს იმ პროექტების შედეგია, რომლებსაც მმართველი პარტია 2019 წლიდან,
წინასაარჩევნოდ (2020 წელს საპარალმენტო არჩევნები გაიმართა)
აანონსებდა და რომლებიც არ შესრულდა.
„ქართულმა ოცნებამ“ იმერეთის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში (სულ 12
მუნიციპალიტეტია) 2019 წლიდან 2023 წლამდე სხვადასხვა დროს,
წინასაარჩევნო პერიოდში მასშტაბური პროექტები დაანონსა, თუმცა, მათი
დიდი ნაწილი ამ დრომდე არ განხორციელებულა.
ექსპერტები ეკონომიკური პროექტების შეუსრულებელობის მიზეზს, ამ
პროექტების არარეალისტურობით ხსიან. ისინი აღნიშნავენ, რომ ეს
არის „ოცნების“ წინასაარჩევნო ტყუილი, რომელსაც
მოქალაქეების გულის მოსაგებად იყენებენ. მათი თქმით, სინამდვილეში
მმართველი პარტია არაფერს აკეთებს იმისათვის, რომ რეგიონში ეკონომიკა
განვითარდეს.
შეუსრულებელ დაპირებებზე არც ცენტრალური და არც ადგილობრივი მთავრობა
იღებს პასუხისმგებლობას. ისინი არც ჩვენს მიერ დასმულ კითხვებს
პასუხობენ. ექსპერტები თვლიან, რომ ასეთი დამოკიდებულება მოქალაქეებზე
ცუდად აისახება, რადგან ამომრჩევლებს ნდობა ეკარგებათ ყველა პარტიის
მიმართ და გულგრილი ხდებიან არჩევნების მიმართაც. ეს კი, როგორც
პოლიტიკის ექსპერტები ამბობენ, ქვეყანაში დემოკრატიას აზიანებს.
ამჯერად, მმართველია პარტია, 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის
ახალ დაპირებებს გასცემს. „ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო პროგრამა
2024 წლის 7 ოქტომბერს წარადგინა, რომლის მიხედვით, რეგიონების
ეკონომიკური განვითარების კონკრეტული გეგმა არც ამჯერად
დაუსახავთ.
„მნიშვნელოვანია, რომ თანაბრად გადანაწილდეს სიკეთე, მთელი
ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა რეგიონზე და ამ კუთხით გაგრძელდება
ინვესტიციების განხორციელება. რეგიონული განვითარების ფონდის
ფარგლებში, ორ მილიარდ ლარზე მეტი იქნება გამოყოფილი რეგიონების
განვითარებისთვის“, - აღნიშნა
პროგრამის წარდგენინას პრემიერ-მინსტრმა ირაკლი
კობახიძე.
რა ბედი ეწევა მმართველი გუნდის ამ ზოგად დაპირებას, 2024 წლის 26
ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გაირკვევა. მანამდე, წლების
განმავლობაში, იმერეთის რეგიონში გაცემულ დაპირებებს და შეუსრულებელ
ეკონომიკურ პროექტებს გაგაცნობთ.
დაპირება #1
მთავრობამ ქუთაისში 2019 წელს ელექტრომობილების ქარხნის მოწყობა
დაანონსა. მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით,
საწარმოს ელექტრომობილების გამოშვება 2020 წლიდან უნდა დაეწყო. მამუკა
ბახტაძის თქმით, ქარხნის წარმადობა 40 ათასი ავტომობილი იქნებოდა,
საიდანაც 50% შიდა ბაზრისთვის იქნებოდა განკუთვნილი, ხოლო 20 ათასი
ავტომობილი ექსპორტზე, ევროკავშირში, წარწერით – „მეიდ ინ ჯორჯია“
უნდა გაეტანათ. მთავრობის წარმომადგენლების თქმით, ქარხნის
მშენებლობას ჩინური ავტომწარმოებელი Changan-ს გეგმავდა, რომელიც
საქართველოში კომპანია Aigroup-თან პარტნიორობით შემოვიდა.
საწარმოს ასაშენებლად, ეკონომიკის სამინისტრომ, "აი გრუპს",
ავტოქარხნის აეროპორტის ყოფილ ტერიტორიაზე არსებული 1000 ჰა მიწა და
მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები, 2019 წელს, სიმბოლურ ფასად,
ერთ ლარად გადასცა. ამ დაპირებიდან ორი წლის თავზე კი, ეკონომიკის
მაშინდელმა მინისტრმა ნათია თურავამ განუხორციელებელ დაპირებაში
პანდემია დაადანაშაულა და განაცხადა, რომ კოვიდპანდემიის გამო
მსოფლიოში ელექტრომობილებზე მოთხოვნა შემცირდა.
დაპირება #2
მას შემდეგ რაც პანდემიამ „ხელი შეუშალა“ ელექტრომობილების ქარხნის
მოწყობას, 2021 წელს იგივე ადგილზე ახალი ეკონომიკური პროექტი -
ელექტრობატარეების საწარმოს მშენებლობა დაანონსდა. თუმცა, ამ
შემთხვევაში დეტალებზე არ უსაუბრიათ. დაანონსებიდან ერთი წლის თავზე
მხოლოდ ის გახდა ცნობილი რომ პროექტი ვერ შედგებოდა.
დაპირება #3
ზესტაფონში, 2021 წელს, მაშინდელმა ეკონომიკის მინისტრმა ნათია
თურნავამ განაცხადა, რომ 2 მილიონ 150 000 ლარის ინვესტიციის
განხორციელებას გეგმავდნენ. ზესტაფონში უნდა გახსნილიყო მინაბოჭკოვანი
და ბაზალტბოჭკოვანი არმატურის საწარმოს პროექტი. ეკონომიკის მაშინდელი
მინისტრი ნათია თურნავა ამბობდა, რომ ეს იყო „აწარმოე საქართველოში“
ფარგლებში დამტკიცებული კიდევ ერთი საწარმოს პროექტი, რომლის
მშენებლობაზეც 60-ზე მეტი, ხოლო უშუალოდ ქარხანაში 20-ზე მეტი
ადამიანი დასაქმდებოდა. პროექტი ამ დრომდე არ განორციელებულა.
დაპირება #4
ტყიბულში 2019 წელს, საპარტნიორო ფონდი, იგივე სახელმწიფო
საინვესტიციო ფონდი, ადგილობრივებს თანამედროვე ტექნოლოგიებით
აღჭურვილი ქურთუკების ქარხნის მშენებლობას დაჰპირდა. პირველ ეტაპზე,
ინვესტიციის ღირებულება 5 მილიონი აშშ დოლარით განისაზღვრა.
დამზადებული პროდუქცია, ადგილობრივთან ერთად, საერთაშორისო ბაზარზე
ექსპორტისთვის იყო გათვლილი (მათ შორის, ევროკავშირის ბაზარზე უნდა
გაეტანათ). გადამზადების შემდეგ, საწარმოში 300-ზე მეტი ადგილობრივი
უნდა დასაქმებულიყო.დაპირება ამ დრომდე არ შესრულებულა.
###
თუ რატომ ვერ მოხერხდა დაპირებების შესრულება და ამ პროექტების
განხორცილება? რა იყო ხელშემშლელი ფაქტორი? - ამ კითხვებით იმერეთის
თითოეულ მუნიციპალიტეტს მივმართეთ. ადგილობრივი თვითმმართველობების
პრესსამსახურში ამბობენ, რომ ეს დაპირება არ ყოფილა მათი მხრიდან
გაცემული, შესაბამისად, კომენტარსაც ვერ გააკეთებენ.
ანალოგიური კითხვები გვქონდა იმერეთის იმდროიდელ
გუბერნატორთან ზვიად შალაბერიძესთან, რომელმაც თანამდემობა
წინასაარჩევნოდ დატოვა. ახლა იგი „ოცნების“
ზესტაფონი-ბაღდათი-თერჯოლა-ტყიბულის ოლქის დელეგატია მმართველი
პარტიიდან და საარჩევნო სიაში 41 ნომრად არის წარმოდგენილი.
ჩვენი მხრიდან არაერთი მცდელობის მიუხედავად, მან ქუთაისიპოსტის
ზარებს არ უპასუხა.
ისევე როგორც პასუხი ვერ მივიღეთ ეკონომიკის სამინისტროში წერილობით
გაგზავნილ კითხვებზე.
აღსანიშნავია, რომ იმერეთის რეგიონის განვითარების გენერალურ გეგმა არ
არსებობს, ისივე, როგორც არ არსებობს ცალკეული მუნიციპალიტეტების
განვითარების გენგეგმა. სახეზეა მხოლოდ იმერეთის რეგიონის
განვითარების სტრატეგია, რომელიც 2014 წელს მომზადდა და ის მოიცავს
„2014-2021 წლების განვითარების სტრატეგიას“
. დოკუმენტში აღნიშნულია, თუ რა პოტენციალი აქვს
რეგიონს.
სწორედ ამაზე მიუთითებენ ექსპერტები და ამბობენ, რომ რეგიონს თუ
ქალაქს, უნდა ჰქონდეს ეკონომიკური განვითარების გეგმა, რომლის
მიხედვითაც მოხდება პროექტების დაგეგმვა და შემდეგ,
განოხრციელება.
„სამწუხაროდ, პოლიტიკურ ნებაზე გახდა დამოკიდებული რომელიმე პროექტის
განხორციელება. სინამდვილეში კი ეს გეგმაზომიერად უნდა ხდებოდეს.
ნორმალურ და დემოკრატიულ ქვეყანაში ეკონომიკური სარგებლის მომტანი
პროექტებისთვის ხელისუფლება ამზადებს ნიადაგს ანუ მიმზიდველს,
ხელსაყრელს ხდის ადგილობრივი თუ უცხოური ინვესტორისთვის და ასე ხდება
ქალაქების განვითარება“, - ამბობს ეკონომიკის მკვლევარი სოსო
ბერეკაშვილი.
ექსპერტები ამბობენ, რომ მმართველი პარტიის საარჩევნო დაპირებები (არა
მხოლოდ იმერეთში), ჰგავს ბუშტს, რომელიც არჩევნების შემდეგ
სკდება.
„ეს არის ოცნების წინასაარჩევნო ბუშტი. რადგან, 12 წელია ვისმენთ მათ
არარეალისტურ დაპირებებს, რომლებიც იმთავითვე იციან რომ არ
შესრულდება, მაგრამ ამის თქმა სჭირდებათ საარჩევნოდ. თუმცა, ახლა მათი
მთავარი დაპირება არის რეპრესიული ხასიათის. თუკი როგორ ცუდად
მოგვეცვეიან არჩევნების შემდეგ იმათ ვინც , ისე არ იქნება როგორც
ბატონ ბიძინას უნდა“, - ამბობს ეკონომიკური მიმომხილველი გიორგი
კეპულაძე.
„შეუსრულებელი დაპირებების შემდეგ მოდის გულგრილობა
არჩვნებისადმი და უნდობლობა პარტიების მიმართაც. ეს ცხადია აზიანებს
ქვეყანაში დემოკრატიის პროცესს“, - ამბობს პოლიტოლოგი კორნელი
კაკაჩია.
ექსპერტები თვლიან, რომ ერთადერთი ვინც მოგებული რჩება და დივიდენდებს
იღებს ამ შეუსრულებელი ეკონომიკური ხელშეწყობის პროექტებით ეს
მმართველი პარტიაა. რადგან, მათ ამის გამო პასუხს არავინ სთხოვს და
თა
„ამ ტყუილი დაპირების სანაცვლოდ ერთმა ადამიანმა რომ მისცეს ხმა
„ოცნებას“, ცხადია, მოგებული რჩება პარტია, ცხადია მოგებული
რჩება“, - აღნიშნავენ ექსპერტები.
მათი თქმით, ადგილობრივმა თვითმმართველობებმაც უნდა აიღონ თავიანთი
წილი პასუხისმგებლობა და ის მაინც უნდა გააკეთონ, რომ აუხსნან თავიანთ
ხალხს, თუ რატომ ვერ გაკეთდა ეს პროექტები. ექსპერტები ამბობენ, რომ
ნებისიერი პარტიის მიმართ, როდესაც ის კონკრეტულ პროექტს დაანონებს,
მოსახლეობას უნდა ჰქონდეს მთავარი კითხვა: რამდენად რეალისტურია ეს
პროექტი.
„ეკონომიკური პროექტების უმრავლესობა ხშირად არის არარეალისტური, არ
არის მორგებული იმ კონკრეტულ რეგიონს. მაშინ როცა შესწავლილი უნდა
იყოს ბაზარი, ადგილი, სადაც განახორიელებენ ამა თუ იმ პროექტს.
ასევე, დიდი პასუხისმგებლობა აქვს სამოქალაქო საზოგადოებას და მედიას,
რომელმაც უნდა გააკონტროლოს და მონიტორინგი გაუწიოს, რა გაკეთდა
დაანონსებული პროექტებიდან. იმ შემთხვევაში თუკი ამომრჩეველი თავს
მოტყუებულად ჩათვლის, ამის პასუხი არჩევნებზე უნდა გასცეს“, - ამბობს
ექსპერტი სოსო ბერეკაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები