"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრი, რომელმაც დღეს,
9 აპრილის მემორიალთან მისვლა ვერ გაბედა, 1989 წელს მომხდარ
ტრაგედიაზე განცხადება საქართველოს მთავრობის სახელით, სოციალურ
ქსელში გააკეთა.
გამოქვეყნებულ ტექსტში, ირაკლი კობახიძე არ ახსენებს რუსეთს და 9
აპრილს, რუსთაველის გამზირზე მომხდარ ტრაგედიაში დამნაშავეს უცხოურ
ძალას უწოდებს.
"9 აპრილი არის დღე, როდესაც უცხოურმა ძალამ
განახორციელა ძალადობა ჩვენი თანამოქალაქეების წინააღმდეგ.
ამავდროულად, 9 აპრილი არის დღე, რომელმაც გააერთიანა საქართველო, დღე
როდესაც ქართველებს შორის სიყვარულმა სძლია სიძულვილს. 9 აპრილი,
ასევე, არის დღე, როდესაც მონობაზე თავისუფლების იდეამ გაიმარჯვა.
სწორედ ამიტომ, დღეს, როგორც არასდროს, უნდა გავემიჯნოთ ყოველგვარ
ძალადობას, დავამარცხოთ სიძულვილი და დავიცვათ თავისუფლების
იდეა.
დღეს, 9 აპრილის ტრაგედიიდან 36 წლის თავზე, კვლავაც
უცხოური ძალა ძალადობს რუსთაველის გამზირზე. დღესაც, რუსთაველის
გამზირზე უცხოური ძალა აღვივებს სიძულვილს, ცდილობს ხელოვნურად
დაარღვიოს ერთიანობა ქართველებს შორის და ებრძვის თავისუფლების იდეას.
თუმცა, 9 აპრილის გამოცდილებამ გვასწავლა, რომ უცხოური ძალის "არსება
მოკლეა" და სიძულვილსა და მონობაზე აუცილებლად სიყვარული და
თავისუფლება გაიმარჯვებს.
დღეს, რუსთაველის გამზირზე უცხოურმა ძალამ სცადა
ძალადობის პროვოცირება და როდესაც ამას ვერ მიაღწია, თავადვე იძალადა.
ჩვენ ვერ მივცემთ სიძულვილს დამატებით ენერგიას და ჩვენს ქვეყანას
ავარიდებთ უცხოური ძალის მიერ დაგეგმილ, თუნდაც მცირე,
პროვოკაციას.
ვფიქრობთ, სწორედ ამას ელიან ჩვენგან 9 აპრილის
გმირთა სულები, რომლებმაც სიყვარულისა და თავისუფლების იდეისთვის
გაწირეს სიცოცხლე. მათ ხსოვნას ჩვენ დღეს სათანადო პატივს მივაგებთ.
საქართველოში სიძულვილსა და მონობაზე სიყვარული და თავისუფლება
გაიმარჯვებს!
საქართველოს პრემიერ-მინისტრი
ირაკლი კობახიძე"
1989 წლის 9 აპრილს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე
მშვიდობიან დემონსტრანტებს, რომლებიც საბჭოთა კავშირიდან საქართველოს
გასვლას და დამოუკიდებლობას ითხოვდნენ, რუსული ჯარი სასტიკად
გაუსწორდა.
დემონსტრანტების წინააღმდეგ სასანგრე ბარები, ქიმიური
საშუალებები და იარაღი გამოყენეს.
რუსთაველის გამზირზე ტანკებით შემოსული ჯარის ორლესულ
ნიჩბებს 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გარდაცვლილთა შორის
ყველაზე ახალგაზრდები 16 წლის ეკა ბეჟანიშვილი და თამარ ჭოველიძე
იყვნენ.
დემონსტრანტების დარბევის გადაწყვეტილება
ამიერკავკასიის ჯარების სარდალმა, გენერალ-პოლკოვნიკმა როდიონოვმა და
საქართველოს კომპარტიის პირველმა მდივანმა, ჯუმბერ პატიაშვილმა
ერთობლივად შეიმუშავეს.
ტრაგედიიდან ორი წლის შემდეგ, საქართველომ
დამოუკიდებლობა მოიპოვა. 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს რესპუბლიკის
უზენაესმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი
მიიღო.
მასალის გამოყენების პირობები