თითქმის სამი თვეა, ჭიათურაში, კოროხნალის მაღაროსთან, მოსახლეობას
საპროტესტო კარავი აქვს გაშლილი, თუმცა მათი ბედით კვლავ არცერთი
უწყებიდან დაინტერესებულან.
გაფიცულების მდგომარეობა ამ დრომდე არავის მოუკითხავს, არც
ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლებიდან, მათ შორის, არც გუბერნიის
ადმინისტრაციიდან და არც სახალხო დამცველის
აპარატიდან.
შუქრუთელების პროტესტით მხოლოდ მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები
დაინტერესდნენ. გაფიცული შუქრუთელების უფლებებს „სამოქალაქო
აქტივობების ცენტრი" იცავს. თუმცა, რუსული კანონის ამოქმედების
შემდეგ, არც მათ და არც ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, მოქალაქეების
პრობლემები გავახმოვანოთ.
86 დღის განმავლობაში, გაფიცულების ბედით არ დაინტერესებულა რუსულ
კანონზე ხელმომწერი, საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის მაჟორიტარი
დეპუტატი პაატა კვიჟინაძეც. არადა მისი, როგორც მაჟორიტარი დეპუტატის,
ვალდებულებაა, მოისმინოს და გაეცნოს მოქალაქეების
პრობლემებს.
"არავინ არ დაგვკავშირებია, არც მოსულა, არც დაურეკავს და არც
ამბავი მოუკითხავს, არც მაჟორიტარ დეპუტატს, არც მერიის, გუბერნატორის
და კომპანიის წარმომადგენლებს, არც სახალხო დამცველს, აბსოლუტურად
არავის. ყველა საქმის კურსშია, შესაბამისი წერილები, განცხადებები
გაგზავნილია ყველა უწყებაში. იმას ვერავინ იტყვის, რომ არ იციან
საქმის ვითარება“,- ამბობს ადგილობრივი მცხოვრები გიორგი
ნეფარიძე.
რატომ არ დაინტერესდა მოქალაქეების სამთვიანი პროტესტით და გეგმავს თუ
არა მომავალში გაფიცულებთან მისვლას - ამის გასაგებად პაატა
კვიჟინაძესთან ტელეფონზე ვცადეთ დაკავშირება. თუმცა, სამდღიანი
მცდელობის შემდეგ, მხოლოდ იმას მივაღწიეთ, რომ დეპუტატის დავალებით,
ბიუროს ხელმძღვანელი მირანდა ჩუმაშვილი დაგვიკავშირდა. მან გვითხრა,
რომ მოქალაქეები პრობლემების გასაჟღერებლად თავად უნდა მივიდნენ
მაჟორიტართან.
„მოსახლეობას შეუძლია მიმართოს ბატონი პაატას ბიუროს ჭიათურაში,
ნებისმიერ დროს. შესაბამისად, მოხდება მათი შეხვედრა ბატონ პაატასთან.
ნებისმიერ მოქალაქეს აქვს ამის შესაძლებლობა, ეს პრობლემას არ
წარმოადგენს“,- მოგვწერა დეპუტატის ბიუროს
ხელმძღვანელმა.
ვიდრე მთავრობა, ქალაქის მაჟორიტარი დეპუტატი და ომბუდსმენი დუმს,
კომპანია "ჯორჯიან მანგანეზი" მოთხოვნების დაკმაყოფილების ნაცვლად,
პროტესტის მონაწილეებს სასამართლოში უჩივის.
მოსარჩელე შპს „მაღაროელი“ (კომპანიის ქვეკონტრაქტორი) ითხოვს, რომ
შუქრუთელებს აეკრძალოთ მაღაროს მუშაობის ხელის შემშლელი ქმედებების
განხორციელება (ფაქრობრივად პროტესტის უფლება) და ამასთან, ოთხი წლით
ჩამოერთვათ კერძო საკუთრებაში არსებული სახლები და მიწის
ნაკვეთები.
შუქრუთელების ინტერესებს „სამოქალაქო აქტივობების ცენტრის“ ადვოკატი
იცავს. ვლადიმერ ქუთათელაძე ამბობს, რომ მოთხოვნები, რომლებსაც
მოსარჩელე აყენებს, ყოველგვარ სამართლიან საფუძველს მოკლებულია და
უფრო მოსახლეობის შესაშინებელი ფაქტორია.
„ჯორჯიან მანგანეზი“, სასამართლოში, ქვეკონტრაქტორ შპს „მაღაროელის“
მეშვეობით, 14 პირს ედავება, საიდანაც 2 გარდაცვლილია.
პრობლემის მოგვარების ნაცვლად, რატომ უჩივლეს ადამიანებს, რომელთა
უმეტესობის სახლები დანგრევის პირასაა? რა ალტერნატივას სთავაზობენ,
თუკი მათ მოთხოვნას დააკმაყოფილებენ და 4 წლით დატოვებენ საცხოვრებელ
სახლებს? - ამ კითხვებზე პასუხების მისაღებად კომპანიის პრესსამსახურს
დავუკავშირდით, სადაც გვითხეს, რომ ოფიციალური წერილით
გვიპასუხებდნენ, რომელსაც ველოდებით და მიღებისთანავე
შემოგთავაზებთ.
სოფელ შუქრუთში, კოროხნალის მაღაროსთან, მოსახლეობის პროტესტი 86 დღეა
გრძელდება.
შუქრუთელების თქმით, წლების მანძილზე, მადნის ღია კარიერული წესით
მოპოვების შედეგად, დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, ეზოები,
სახნავ-სათესი მიწები, ეკლესია და სასაფლაოები. ამიტომ, ისინი
კომპანიას მიყენებული ზარალის პროპორციულ კომპენსაციას სთხოვენ.
"ჯორჯიან მანგანეზში" კი ამტკიცებენ, რომ ადამიანებს, რომელიც
კომპანიას მოთხოვნებს უყენებენ, კომპენსაცია უკვე აღებული აქვს და
თანხები კერძო საკუთრების ინდივიდუალური შეფასების მიხედვით,
სხვადასხვა წლებში ეტაპობრივად გაიცა.
სოფელ შუქრუთის მცხოვრებლები, კომპენსაციის მიღების მოთხოვნით,
ქუჩაში, 3 წლის წინაც
გამოვიდნენ. მაშინ მათ პროტესტის უკიდურეს ფორმას
მიმართეს და პირიც ამოიკერეს.
მოსახლეობასა და კომპანია „ჯორჯიან მანგანეზს“ შორის შეთანხმება 220
დღიანი პროტესტის შემდეგ
შედგა.
"ჯორჯიან მანგანეზმა" 2021 წლის 16 მაისს განაცხადა, რომ საინჟინრო
კვლევების საფუძველზე, სოფელში, 36 ოჯახი ჯამში 2 300 000 ლარის
კომპენსაციას მიიღებდა.
შპს "ჯორჯიან მანგანეზი" ჭიათურა-საჩხერის მუნიციპალიტეტში მანგანუმის
მადნის სამთო მოპოვების ლიცენზიის მესაკუთრეა. ის მოპოვებით
საქმიანობას ჭიათურის მთლიან ტერიტორიაზე (16 430 ჰექტარზე)
ახდენს.
ამავე თემაზე:
80 დღე კარავში - შუქრუთელების "შეუმჩნეველი"
პროტესტი
შუქრუთში მცხოვრებლებს, რომლებიც 71-ე დღეა ღამეს
კარვებში ათევენ, "ჯორჯიან მანგანეზი" უჩივის
"2027 წლამდეც რომ დაგვჭირდეს აქ დგომა, ვიდგებით, არ დავიღლებით"-
პროტესტის 58-ე დღე შუქრუთში
"მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დაინტერესდეს შუქრუთში მიმდინარე
პროტესტით"- საიას განცხადება
ერთთვიანი პროტესტი შუქრუთში და არანაირი გამოხმაურება
ხელისუფლებიდან
პროტესტის 27-ე დღე შუქრუთი - სოლიდარობის ნიშნად ყველა
მაღარო გაჩერებულია
23-ე დღეა შუქრუთში მოსახლეობა ღამეს კარავში ათევს, ხელისუფლება მათ
უყურადღებოდ ტოვებს
სოფელ შუქრუთში მოსახლეობის პროტესტი მე-11 დღეა
გრძელდება
"არ გვინდა, სოფელი დაგვენგრეს და ჩავარდეს მიწაში"-
პროტესტის მე-7 დღე ჭიათურაში
პროტესტის მეორე დღე - რა ხდება სოფელ
შუქრუთში
"იძულებული გაგვხადა „ჯორჯიან მანგანეზმა“ გამოვსულიყავით გარეთ"-
პროტესტი სოფელ შუქრუთში
მასალის გამოყენების პირობები