ახალი ამბები
"მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დაინტერესდეს შუქრუთში მიმდინარე პროტესტით"- საიას განცხადება
FaceBook
ჭიათურის მუნიციპალიტეტ სოფელ შუქრუთში მიმდინარე პროტესტს, რომელიც 45-ე დღეა გრძელდება და არცერთი სახელისუფლებო უწყება არ დაინტერესებულა,  საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეხმიანება.
ორგანიზაციის განცხადებით, ადგილობრივი მაცხოვრებლები ღამეს კარავში 40 დღეზე მეტია ათევენ და მათ უკუკავშირი ამ დრომდე არც ერთი უწყებისგან არ მიუღიათ, მათ შორის, არც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაკავშირებიან.

საიას განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"11 აპრილს საიას ქუთაისის ფილიალის წარმომადგენელი იმყოფებოდა ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთში, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა უკვე 40-ზე მეტი დღეა აპროტესტებს კომპანია ,,ჯორჯიან-მანგანეზის“ საქმიანობის შედეგად მათი საცხოვრებელი გარემოსა და საკუთრებისათვის მიყენებულ ზიანს.

ადგილობრივებმა 2024 წლის მარტში მიმართეს კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ სახელმწიფო სპეციალურ მმართველს ბესიკ კირთაძეს, ასევე, მიმართეს გენერალურ პროკურატურას გამოძიების დაწყების თაობაზეც. სოფელ შუქრუთის მაცხოვრებლები კოლექტიურ განცხადებაში უთითებდნენ საკუთრების უფლების დარღვევის ფაქტებზე, აცხადებენ, რომ კომპანიამ ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე დაიწყო მათ საკარმიდამო ტერიტორიებზე სამთო-მოპოვებითი სამუშაოები, დაზიანდა და დღემდე ზიანი ადგება მათ საცხოვრებელ გარემოს, სოფლის ტერიტორიაზე განთავსებულ ეკლესიას და საფლავებს.

ხაზგასასმელია, რომ შუქრუთის მოსახლეობა ჯერ კიდევ 2019 წლის სექტემბერსა და ნოემბერში ითხოვდა შპს „ჯორჯიან მანგანეზისგან“ იმ ზიანის კომპენსირებას, რომელიც მათ სახლებსა და საცხოვრებელ გარემოს კომპანიის საქმიანობის გამო მიადგა. 2020 წლის 23 თებერვალს მაღაროს ბლოკირება დაიწყო სოფელ ითხვისშიც, სადაც ადგილობრივები, შუქრუთელების მსგავსად, თავისი საცხოვრებელი სახლების, დამხმარე ნაგებობებისა და სასოფლო-სამეურნეო მიწების დაზიანებას მაღაროს ფუნქციონირებას უკავშირებენ და "ჯორჯიან მანგანეზისგან" მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ითხოვდნენ.

პროტესტი გაგრძელდა ასევე 2021 წელს, როდესაც სახელმწიფოსა და აღნიშნული კომპანიის მხრიდან აქციის მონაწილეთა მოთხოვნების იგნორირების გამო სამმა ადგილობრივმა პროტესტის უკიდურეს ზომას მიმართა და პირი ამოიკერა. მაცხოვრებლები უთითებენ, რომ 2021 წლის პროტესტის შედეგად კომპანია ,,ჯორჯიან-მანგანეზსა“ და ადგილობრივებს შორის მიღწეულ შეთანხმებას კომპანია დღემდე არ ასრულებს. კონკრეტულად, შეთანხმების საგანს წარმოადგენდა კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ ლიცენზიის ფარგლებში განხორციელებული სამთო-მოპოვებითი საქმიანობიდან გამომდინარე მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურების ადეკვატური ოდენობისა და მისი აღსრულების პირობების განსაზღვრა. შუქრუთელების მითითებით, "ჯორჯიან მანგანეზის" მიერ ჩატარებული აუდიტორული შეფასებები არ ასახავს რეალურ ზიანს, ხოლო თავად ექსპერტიზის ჩატარებას ვერ ახერხებენ.

შესაბამისად, 2021 წელს პროტესტის შედეგად მიღწეული შეთანხმებაც შეუსრულებელი რჩება.

ადგილობრივი მაცხოვრებლები ღამეს კარავში ათევენ კოროხნალის მაღაროსთან ახლოს. აღსანიშნავია, რომ მათ მუდმივი და გაუსაძლისი ხმაურის ფონზე უხდებათ პროტესტის გამოხატვა. მათი განცხადებით პროტესტის დაწყებიდან მესამე დღეს, მიუხედავად იმისა, რომ მაღარო არ ფუნქციონირებს, აამუშავეს დანადგარი, რომელიც ხმას გამოსცემს და მოსახლეობას მნიშვნელოვან დისკომფორტს უქმნის. შესაბამისად, მაცხოვრებელთა აზრით, ეს მათი პროტესტის ჩახშობის/ხელშეშლის ერთ-ერთი მცდელობაა. ამ ეტაპამდე მათ უკუკავშირი არც ერთი უწყებისგან არ მიუღიათ, მათ შორის, არც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაკავშირებიან. არსებულ ვითარებაში, მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ გაიაზროს შუქრუთში არსებული კრიზისული ვითარება, იტვირთოს აქტიური როლი და აღმოფხვრას ის სოციალური და ეკოლოგიური კატასტროფა, რომლის წინაშეც ადგილობრივი მოსახლეობა დაუცველია", - აღნიშნულია განცხადებაში. 

საია მოუწოდებს საქართველოს გენერალურ პროკურატურას, განმცხადებლებს და საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია გამოძიების დაწყებისა და ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ. ადგილობრივ ხელისუფლებას კი მოუწოდებს, დაინტერესდეს შუქრუთში მიმდინარე პროტესტით და საკუთარი მანდატის ფარგლებში იმოქმედოს იქ მაცხოვრებელთა საკუთრების უფლებისა და უსაფრთხო გარემოში ცხოვრების უფლების სავარაუდო დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით.

ამავე თემაზე:

ერთთვიანი პროტესტი შუქრუთში და არანაირი გამოხმაურება ხელისუფლებიდან

პროტესტის 27-ე დღე შუქრუთი - სოლიდარობის ნიშნად ყველა მაღარო გაჩერებულია

23-ე დღეა შუქრუთში მოსახლეობა ღამეს კარავში ათევს, ხელისუფლება მათ უყურადღებოდ ტოვებს

სოფელ შუქრუთში მოსახლეობის პროტესტი მე-11 დღეა გრძელდება

"არ გვინდა, სოფელი დაგვენგრეს და ჩავარდეს მიწაში"- პროტესტის მე-7 დღე ჭიათურაში

პროტესტის მეორე დღე - რა ხდება სოფელ შუქრუთში

"იძულებული გაგვხადა „ჯორჯიან მანგანეზმა“ გამოვსულიყავით გარეთ"- პროტესტი სოფელ შუქრუთში
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.