არჩევნების ოფიციალური შედეგების გამოქვეყნებიდან ზუსტად მე-10 დღეს,
25 ნოემბერს, პარლამენტს, ნდობის გამოსაცხადებლად, მთავრობის ახალი
შემადგენლობა წარედგინება.
ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე
განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, პარლამენტს ასევე წარედგინება
სამთავრობო და 4-წლიანი პროგრამაც. ამიტომ, კობახიძემ
სამინისტროებს სთხოვა, სამთავრობო პროგრამის საბოლოოდ დაზუსტებაზე
მუშაობა დაიწყონ.
„როგორც მოგეხსენებათ, ორშაბათს, მთავრობის შემადგენლობასთან ერთად,
ჩვენ უნდა წარვუდგინოთ საქართველოს პარლამენტს სამთავრობო პროგრამაც,
4-წლიანი პროგრამაც. მნიშვნელოვანია, რომ ყველა დეტალი იყოს
დაზუსტებული. ეს არის ჩემი თხოვნა თითოეული სამინისტროს და მინისტრის
მიმართ. ჩვენ გვაქვს ამბიციური ამოცანა, რომელიც ასახულია სამთავრობო
პროგრამაში.
4 წლის თავზე ჩვენ განვითარების სრულიად სხვა ეტაპზე უნდა
გადავიყვანოთ ჩვენი ქვეყანა, ამას უზრუნველყოფს ჩვენი სამთავრობო
პროგრამა. ახლა მთავარია ყოველდღიური მუშაობა იმისათვის, რომ ყველა
ამოცანა სათანადოდ შესრულდეს“, - განაცხადა ირაკლი
კობახიძემ.
16 ნოემბერს, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპარლამენტო არჩევნების
შემაჯამებელი ოქმი დაამტკიცა, რომლის თანახმად, „ქართულმა ოცნებამ“
ამომრჩეველთა 53.93%-იანი მხარდაჭერა მიიღო და პარლამენტში 89
მანდატით იქნება წარმოდგენილი.
26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს მხოლოდ სახელისუფლებო პარტია
აღიარებს. ოპოზიციისათვის ეს არჩევნები გაყალბებულია და ამიტომ
აცხადებენ, რომ პარლამენტში შესვლას არ აპირებენ.
მასალის გამოყენების პირობები