საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2024 წლის საპარლამენტო
არჩევნების შედეგებს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
ამის შესახებ ბრიფინგზე განაცხადა. ზურაბიშვილის თქმით, სარჩელი
სწორედ იმ ორი კონსტიტუციური პრინციპის დარღვევის გამო შეაქვს,
რომელსაც ფარულობა და საყოველთაობა ჰქვია.
"ეს არ არის იმიტომ, რომ მჯერა საკონსტიტუციოსი. ჩვენ, ყველამ ვიცით,
რომ ამ ქვეყანაში არცერთი ინსტიტუტი არ არის დამოუკიდებელი და ამის
მტკიცებულება უკვე მივიღეთ არაერთხელ, მაგრამ ეს უნდა იყოს ნიშანი
იმის, რომ ქვეყანაში არცერთი სამართლებრივი დავა მაინც არ უნდა დარჩეს
ისე, რომ არ ვცადოთ და ბოლომდე არ გამოვცადოთ (ესეც არის ჩემი მიზანი)
იმ მოსამართლეების სინდისი, რომლებიც დადგებიან თავიანთ თავთან იმ
არჩევანის წინაშე, როგორი არჩევანი უნდათ, ვისთან ერთად უნდათ ეს
ქვეყანა და საითკენ უნდა წავიდეს ეს ქვეყანა. ამაზე მათი პასუხი
იქნება არანაკლებად მნიშვნელოვანი. მინდა, ვუსურვო მათ და ჩვენ თავს,
რომ აღმოჩნდეს ამ საკონსტიტუციო სასამართლოში რამდენიმე მოსამართლე
მაინც, რომლებიც, ერთი მოსამართლის მსგავსად, შეძლებენ, გვაჩვენონ,
რომ ღირსეული მოსამართლეები მაინც გვყავს ამ ქვეყანაში“, – განაცხადა
სალომე ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ჩატარებულ საპარლამენტო
არჩევნებს ლეგიტიმურად არ ცნობს. ამიტომ, მან ის გეგმაც
წარადგინა, როგორ უნდა მივიდეს ქვეყანა ახალ არჩევნებამდე.
"პირველი პუნქტი არის საერთაშორისო გამოძიება იმისთვის, რომ
გამოარკვიოს და დაამტკიცოს ის სისტემური ხარვეზები, რაც არსებობდა. თუ
გვინდა, მივიღოთ ახალი, სამართლიანი, თავისუფალი და არა გაყალბებული
არჩევნები, უნდა შევძლოთ ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის
დაკომპლექტება, საარჩევნო კოდექსის ცვლილება იმ მიმართულებით და იმ
გზავნილებით, რაც იყო ეუთო/ოდირის მოთხოვნა.ასევე, დამატებით უცხოეთში
უბნების გახსნის პროცედურების გამართვით და ამასთან, საარჩევნო
დავებზე სპეციალური დავების სასამართლოს შექმნა. სასურველია, რომ ამ
ინსტანციებში ჩვენი უცხოელი პარტნიორები იყვნენ ჩართულები",-
განაცხადა ზურაბიშვილმა.
მისივე თქმით, გეგმის მეორე პუნქტია 26 ოქტომბრამდე არსებული
პოლიტიკური მოცემულობის გაგრძელება.
"რამდენადაც არ შედგა არჩევნები, არაფერი ახალი არ შეიძლება შედგეს,
არც პარლამენტი, არც მთავრობა, არც პრეზიდენტის არჩევნები. ჩვენ
ვაგრძელებთ იმ არსებული პარლამენტით, მთავრობით და თუნდაც პრეზიდენტით
იმისთვის, რომ ეს გარდამავალი პერიოდი, რომელიც იქნება ახალ
არჩევნებამდე, იყოს მაქსიმალურად სტაბილური. ამიტომ არავის ვიჭერთ,
არავის ვაგდებთ. არ არსებობს სტაბილური ქვეყანა, სადაც მისი
მოსახლეობის ნება არ არის ასახული არჩევნებში. საერთაშორისო
პარტნიორების მხარდაჭერა ამ გეგმაზე არის აუცილებელი და მე ამაზე უკვე
ვმუშაობ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
იურისტი ვახუშტი მენაბდე წერს, რომ სანამ საკონსტიტუციო სასამართლოში
დავა მიმდინარეობს, პარლამენტი ახალი შემადგენლობით ვერ
შეიკრიბება.
საპარლამენტო არჩევნები, 26 ოქტომბერს, მასობრივი დაშინებისა და
მოსყიდვის ფონზე ჩატარდა. 16 ნოემბერს კი ცენტრალურმა საარჩევნო
კომისიამ საპარლამენტო არჩევნების შემაჯამებელი ოქმი დაამტკიცა,
რომლის თანახმადაც, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩეველთა 53.93%-იანი
მხარდაჭერა მიიღო და პარლამენტში 89 მანდატით იქნება
წარმოდგენილი.
26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს მხოლოდ სახელისუფლებო პარტია
აღიარებს. არჩევნების შედეგებს არ ცნობს ოპოზიცია, არასამთავრობო
სექტორი და მოსახლეობის უმრავლესობა.
სადამკვირებლო ორგანიზაციები ჯერ საქალაქო, შემდეგ კი სააპელაციო
სასამართლოში, იმ უბნის შედეგების ბათილობას ითხოვდნენ, სადაც
არჩევნები ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდა, თუმცა სასამართლომ
საარჩევნო ოლქების შედეგების ბათილობა დაუშვებლად ცნო.
მასალის გამოყენების პირობები