პრემიერ - მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა,
რიონის ხეობაში 105 მეტრიანი კაშხლის მშენებლობის წინააღმდეგ
ბრძოლას, ჰიბრიდული ენერგეტიკული ომი უწოდა.
მისი თქმით, მოწინააღმდეგეთა შორის არიან
ადამიანები, რომლებიც გულწრფელ პროტესტს გამოხატავენ, თუმცა, მათ არ
აქვთ საკმარისი ინფორმაცია, მეორე მხარეს კი დგანან პოლიტიკოსები და
უცხო სახელმწიფოს მიერ წახალისებული ადამიანები, რომლებიც ჰიბრიდულ
ენერგეტიკულ ომს აწარმოებენ ქვეყნის წინააღმდეგ.
"ის აჟიოტაჟი და ხმაური რაც არის დაწყებული ნამახვანჰესზე, არის
აბსოლუტურად გაუგებარი. იქ არის მოსახლეობა, რომელიც გულწრფელად
არის ჩართული ამ პროცესში და მინდა გავმიჯნო ერთის მხრივ, ეს
გულწრფელად ჩართული ადამიანები და მეორეს მხრივ, პოლიტიკურად
ანგაჟირებულები, ზოგიც პოლიტიკოსი და ზოგიც უცხო სახელმწიფოს მიერ
წახალისებული, ინსპირირებული მოქალაქეები, რაც არის საგანგაშო.
ჩვენ დღეს ვხედავთ ჰიბრიდული ენერგეტიკული ომის გამოკვეთილ
ნიშნებს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ", - განაცხადა
პრემიერმა.
მან რიონის ხეობის მცხოვრებლებს ის ოთხპუნქტიანი გეგმა შეახსენა, რომელიც ეკონომიკის
მინისტრმა, ნათია თურნავამ ქუთაისში 12 მარტის ჩაშლილ შეხვედრაზე წარმოადგინა და რომელიც ჰესის
მოწინააღმდეგეებისთვის მიუღებელია.
"მინდა იმ მოქალაქეებისთვის განვმარტო,
ვინც გულწრფელად წუხს, იმიტომ რომ ინფორმაცია არ აქვს ზოგს და
მეტი კომუნიკაციაა საჭირო, რომ კომპანიასთან მივაღწიეთ შეთანხმებას
რამდენიმე პუნქტზე. მათ შორის მინდა გამოვყო, პირველი: კაშხლის
მშენებლობის სამუშაოები შეჩერდება 9-დან 12 თვემდე და ამაზე კომპანია
დავითანხმეთ; კიდევ ერთხელ გადამოწმდება ყველაფერი კარგად, მათ შორის
ჩვენი ექსპერტების, უცხოელი სპეციალისტების მოწვევით;
შემოწმდება გარემოს ზემოქმედების ეფექტი, არის თუ არა
დამაზიანებელი; ასევე, რიონის ხეობის განვითარებისთვის ამ ეტაპზე
შეიქმნება 5 მილიონიანი ფონდი. აქვე მინდა განვმარტო, რომ 30 მილიონი
უკვე დახარჯული აქვს კომპანიას კომპენსაციებში. ამას გარდა 840
მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს ნამახვანჰესში.
2000 კაცი დასაქმდება მშენებლობაზე და 4000-ზე მეტი მეგავატი
სიმძლავრის ჰესი შეემატება ჩვენს ენერგოსისტემას. დამისახელეთ
კომპანია, რომელიც ამ პანდემიის დროს ამხელა ინვესტიციას
შემოიტანს ქვეყანაში. ჩვენ ამას ვეწინააღმდეგებით ჩვენივე
სურვილით და ვაფერხებთ ამ სამუშაოებს", - განაცხადა
ღარიბაშვილმა.
მან ასევე ისაუბრა კომპანია "ენკასთვის" მიწების
გადაცემაზე. მისი თქმით, ეს მეთოდი მსოფლიოში აპრობირებულია და
ამ საკითხის მიმართ ანტისახელმწიფოებრივი რიტორიკა უნდა
შეწყდეს.
"იქ საუბარი იყო ასევე,
ტერიტორიების რამდენიმე წლით იჯარით გადაცემაზე. ეს არის
მიღებული პრაქტიკა მთელ მსოფლიოში. შესაბამისად, ეს გაუაზრებელი და
ანტისახელმწიფოებრივი რიტორიკა, რომელიც ხელს უშლის ჩვენს მეზობელ
სახელმწიფოებთან, ჩვენს ინვესტორებთან ურთიერთობას, უნდა
შეწყდეს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები