რიონის ხეობაში, ნამახვანჰესის
მოწინააღმდეგეებისა და ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის მინისტრების
შეხვედრის შედეგად გადაწყდა, რომ მომავალი კვირის ბოლომდე კომპანია
"ენკა" ჰესის სამშენებლო სამუშაოებს შეაჩერებს.
12 მარტს კი მხარეებს შორის შეხვედრა შედგება.
ამ შეხვედრაზე უნდა გადაწყდეს რა ფორმატში გაგრძელდება დიალოგი. თუ
სამუშაო პროცესის შეჩერების შესახებ პირობა შესრულებული არ იქნება,
ხეობის მცველები 14 მარტის გეგმას, რომელიც ქუთაისში ფართომასშტაბიანი
აქციის გამართავს გულისხმობს, განახორციელებენ.
შეხვედრაზე ადგილობრივებმა მინისტრებს უთხრეს, რომ დიალოგში ჩართვა არ
გულისხმობს მათი პოზიციის შეცვლას და რომ ისინი კვლავ უპირობოდ მოითხოვენ ჰესის მშენებლობის შეჩერებას, რადგან
პროექტს მთელი ხეობისთვის საფრთხისშემცველად მიიჩნევენ. ხეობის
"მცველებს" ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ უთხრა, რომ
განსხვავებული პოზიციების მიუხედავად, მთავრობა მზად არის
დიალოგისთვის და რომ პროექტში ცვლილებების შეტანა ჯერ კიდევ
შესაძლებელია.
"თქვენ თვლით, რომ ჰესი არ უნდა
აშენდეს, ჩვენ ვფიქრობთ, რომ უნდა აშენდეს, მაგრამ ახლა ეს პოზიციები
უნდა გადავდოთ გვერდზე. არ იფიქროთ ერთი წამით, რომ ეს შეხვედრები
არის ფორმალური და შეხვედრა შეხვედრისთვის. არის საკითხები, რომლებზეც
იმედი გვაქვს, რომ აზრს შეიცვლით და არის საკითხები, ჯერ კიდევ
დაუსრულებელი, რომლებიც შეგვიძლია შევცვალოთ. დანარჩენზე ვიმსჯელოთ იმ
ფორმატში, როგორც შევთანხმდებით", - განაცხადა ნათია
თურნავამ.
ოთხთვიანი პროტესტის შემდეგ, აქტივისტებთან
დაგვიანებული შეხვედრის გამო მინისტრებს უსაყვედურა აქციის ერთ-ერთმა
მონაწილემ. მაკა სულაძემ ნათია თურნავასა და ლევან დავითაშვილს უთხრა,
რომ მათ ხეობაში ჩასვლა სპეცრაზმმა დაასწრო.
"საყვედური ჩემგან დაგვიანებისთვის,
იმდენად დაგაგვიანდათ ბატონებო და ქალბატონებო, რომ ორჯერ სპეცრაზმმა
მოგასწროთ და ეს იყო ძალიან შეურაცხმყოფელი ჩვენთვის. უცხოელი
კომპანიის თვალწინ, ჩვენი ქვეყნის დამცველებს, შეურაცხყოფას
გვაყენებდნენ. თუნდაც, რელიგიური ნიშნით, თუნდაც ადამიანური, ჩვენ
ვიცავდით ჩვენს მიწას არამარტო ჩვენთვის, თქვენთვისაც", -
უთხრა მინისტრებს მაკა სულაძემ.
აქციის ორგანიზატორის, ვარლამ გოლეთიანის თქმით,
პირველ რიგში ადგილობრივები უნდა დარწმუნდნენ, რომ მშენებლობა არ
გრძელდება, შემდეგ კი შესაძლებელი იქნება შეთანხმება შემდგომი
მოლაპარაკებების ფორმატსა და ვადებზე. გოლეთიანი მიიჩნევს, რომ
მოლაპარაკებები ხელშეკრულების იმ პუნქტების განხილვით უნდა დაიწყოს,
რომელიც ადგილობრივებისთვის ყველაზე მწვავე
შინაარსს ატარებს.
"თუ მშენებლობა გაგრძელდება და ადამიანები
დაინახავენ, რომ სახელმწიფოს გადაწყვეტილი აქვს ჰესის
მშენებლობა, ეს ისევ გაამწვავებს ემოციურ ფონს და მოლაპარაკებებსაც
აზრი არ ექნება. ამიტომ, ჩვენი უპირველესი მოთხოვნაა, შეჩერდეს
სამუშაოები იქამდე, ვიდრე დავნიშნავთ პირველ შეხვედრას. შემდეგ,
პრიორიტეტებში უნდა გადმოვიტანოთ ხელშეკრულების გარკვეული პუნქტები,
რომლებიც ჩვენს მღელვარებას იწვევს და როცა დაკმაყოფილდება ეს
ინტერესი, ამის შემდეგ შეგვიძლია დავყოთ საკითხები კალენდარულად
და გავაგრძელოთ დიალოგი", - განაცხადა ვარლამ
გოლეთიანმა.
ნამახვანჰესის საკითხის განხილვაზე ეკონომიკისა
და სოფლის მეურნეობის მინისტრები დღეს ცაგერში ჩავიდნენ, სადაც რიონის
ხეობის მცხოვრებლებსაც ელოდებოდნენ, თუმცა, აქტივისტებმა, რომლებიც
ოთხ თვეზე მეტია ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ, შეხვედრის დახურული
ფორმატის გამო, ცაგერში ჩასვლაზე უარი განაცხადეს. მინისტრები ამის
შემდეგ იძულებული გახდნენ,
ნამოხვანში, იმ ადგილზე წასულიყვნენ, სადაც აქტივისტებს კარავი აქვთ
გაშლილი.
მასალის გამოყენების პირობები