“მინდა, სოფელი გადავარჩინო” - პედაგოგი, რომელიც იმერეთის სოფელში გაკვეთილების ჩასატარებლად თბილისიდან დადის
10:12 / 18.12.2024
"მინდა რომ სოფელი გაძლიერდეს და ამაში ჩემი წვლილიც შევიტანო", -
ამბობს მარიტა გოტიაშვილი, რომელიც ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ
ძმუისის სკოლაში ინგლისურ ენას ასწავლის.
ახალგაზრდა მასწავლებელი სოფელში გაკავეთილების ჩასატარებლად
თბილისიდან დადის. ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება სოფელში სკოლის
შესანარჩუნებლად მიიღო. სოფლის სკოლაში ინგლისური ენის მასწავლებლის
ვაკანსია ორი წლის განმავლობაში ცხადდება, თუმცა მსურველი არავინ
ჩანდა.
"დეიდაჩემი ცხოვრობს ამ სოფელში, დამირეკა და მითხრა, რომ სკოლას
ხურავენ, რადგან პედაგოგი ვერ მოიძებნა. ჩემი სპეციალობა საერთაშორისო
ურთიერთობებია, თუმცა კარგად ვიცი ინგლისური ენა და მაქვს შესაბამისი
სერთიფიკატი. ამიტომაც, 2019 წელს, გადავწყვიტე ორი წლის წინ
გამოქვეყნებული ვაკანსია შემევსო. ვერ დავუშვებდი, რომ სოფელში, სადაც
ბავშვობა გავატარე სკოლა დაკეტილიყო. ავდექი და წამოვედი", - ამბობს
მარიტა.
მას შემდეგ 6 წელია მარიტას ყოველი კვირა დღე თბილისიდან ქუთაისში
მგზავრობით იწყება, შემდეგ ქუთაისიდან სოფელ ძმუისში ჩადის, სადაც
ოთხშაბათამდე რჩება. მერე ისევ ქუთაისი/თბილისის გზა აქვს
გასავლელი.
მასწავლებელი, რომელიც ორ ქალაქსა და სოფელ ძმუისს შორის კვირის
დღეებს ატარებს, ამბობს, რომ მისმა შრომამ შედეგი გამოიღო და მას
შემდეგ, რაც სკოლას ინგლისური ენის პედაგოგი ეყოლა და გაკვეთილები
სისტემატიურად ტარდება, რამდენიმე ოჯახი სოფელს უკან დაუბრუნდა.
სოფელი ტყეში დგას, სადაც ხშირია მგლების გამოჩენაც. "ამის გამო, დღის
გარკვეულ მონაკვეთებში საშიშია მარტო გადაადგილება სოფელში", -
აღნიშნავს პედაგოგი.
სოფელში სამანქანო გზა პრაქტიკულად არ არსებობს. მხოლოდ სკოლასთან
მცირე მონაკვეთია მოწესრიგებული, თუმცა იქ მოხვედრა მსუბუქი
ავტომობილით, პრაქტიკულად შეუძლებელია.
სოფლის სკოლა საბაზისოა (9 წლიანი), სადაც ამ დროისთვის 14 მოსწავლე
სწავლობს. კლასში ყველაზე ბევრი ოთხი, ყველაზე ცოტა კი ერთი მოსწავლე
ჰყავთ. მასწავლებელი ამბობს, რომ ძმუსის სკოლის მოსწავლეებს ყველა იმ
საგნის, პროქტების თუ არაფორმალური განათლების მიღების სრულფასოვანი
შესაძლებლობა აქვთ, რასაც განათლების სამინისტრო საჯარო სკოლებში
ახორციელებს.
მარიტა თვლის, რომ განსაკუთრებულს არაფერს აკეთებს. მას მიაჩნია, რომ
სოფლის, ქალაქის თუ ქვეყნის გაძლიერება მოქალაქეობრივი ვალდებულებაა
და ეს ყველამ ერთობლივად უნდა აკეთოს.
ამბობს, რომ ქალაქებს სოფლები აძლიერებენ და თვითგადარჩენისთვის
სოფლებში სახლების გამოკეტვა გამოსავალი არ არის.
"მესმის რომ დისკომფორტია, მარტივი არ არის სოფლის მკაცრი კლიმატის
ატანა, მაშინ როცა ინფაქსტრუქტურა მოწესრიგებული არ არის. მაგრამ,
ცალკეულადაც და სახელმწიმომაც უნდა მოინდომოს სოფლის გაძლიერება".
სოფელ ძმუისში 2014 წლის აღწერით 143 ადამიანი ცხოვრობდა. თუმცა,
ადგილობრივები ამბობენ, რომ ეს მონაცემი ახლა საგრძნობლად
შემცირებულია, რადგან, თითქმის ყოველი მეორე ოჯახი სოფელს ტოვებს.
"სოფელში ჯერ კიდევ შემორჩენილ ხალხს წყალიც კი არ გვაქვს", -
ამბობს ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გურნაში მცხოვრები 67 წლის
ჯუმბერ ხერხაძე, რომლის თქმით, სოფლის მკვიდრებს სასმელი წყლის
პრობლემა წლებია აწუხებთ.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მასალის გამოყენების პირობები