საქმიანობაში ხელშეშლა, დაშინება, გაჩუმების მცდელობა, სიტყვიერი
შეურაცხყოფა, დარბევა, ფიზიკური ძალადობა და ახლა უკვე დაპატიმრებაც -
ასე უსწორდება "ქართული ოცნების" ხელისუფლება კრიტიკული მედიის
წარმომადგენლებს.
"ჩვენ, ჟურნალისტები, არ ვებრძვით კონკრეტულ სახელებს და გვარებს,
კონკრეტული პარტიების სახელწოდებებს. ჩვენ ვამზადებთ თემებს
უსამართლობაზე, უმოქმედობაზე, ქვეყნის გარუსებაზე და თუ სარკეში ისინი
საკუთარ თავებს ხედავენ, ეს, ბუნებრივია, ჟურნალისტების დანაშაული არ
არის",- ამბობს "მთავარი არხის" იმერეთის კორესპონდენტი ირაკლი
ვაჩიბერაძე.
სხვაგვარად ფიქრობს საკრეში საკუთარი თავის ამომცნობი ხელისუფლება,
რომელიც ნაცვლად მოქალაქეების პრობლემების მოგვარებისა, კრიტიკული
მედიის წარმომადგენლებს სხვადასხვა მეთოდით ებრძვის.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ანგარიშის
მიხედვით, 2024 წელს, მედიის წარმომადგენლებზე სხვადასხვა ტიპის
ძალადობისა და საქმიანობაში ხელშეშლის 200-მდე შემთხვევა აღირიცხა,
რაც 2023 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე თითქმის 5-ჯერ მეტია.
ეს რიცხვი, ალბათ, კიდევ უფრო გაიზრდება, თუ გავითვალისწინებთ იმ
ფაქტს, რომ 2025 წელი მედიის წარმომადგენლების დაკავებით
დაიწყო.
ბათუმში, პროევროპულ აქციაზე, ორი თავისუფალი გამოცემის:
"ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელი და დირექტორი მზია
ამაღლობელი დააკავეს. იმ მედიასაშუალებების, რომლებიც წლებია ამხელს
სისტემას, ახდენს მოქალაქეთა პრობლემების იდენტიფიცირებას და მუდმივად
უქმნის დისკომფორტს ხელისუფლებას.
კოლეგის დაკავებას მედიის წარმომადგენლები საგანგაშო სიგნალად
აფასებენ და ამბობენ, რომ ქვეყანაში უკვე ოფიციალურად გვაქვს
გაფორმებული დიქტატურა.
"ჩვენ აქამდე ვნახეთ ჟურნალისტებზე ძალადობა, საკმაოდ მძიმე, მაგრამ
პირველი შემთხვევა იყო ეს, როცა დააკავეს ჟურნალისტი, თანაც
არაადეკვატური მუხლით, სისხლის სამართლის მუხლით",- ამბობს "აი
ფაქტის" ჟურნალისტი შორენა ლაღაძე.
მედიის წარმომადგენლებისთვის მზია ამაღლობელი მებრძოლი და
დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის სახე გახდა, იმ ჟურნალისტიკის, რომელსაც
ვერავინ ვერასდროს მართავს. ისინი მიიჩნევენ, რომ "ბათუმელებისა"
და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელი მიზანმიმართულად ჩასვეს
ციხეში, რადგან დღეს არსებული რეჟიმისთვის სერიოზულ პრობლემას
წარმოადგენდა.
"მზია ამაღლობელი ციხეში ზის არა იმიტომ რომ მან დანაშაული ჩაიდინა,
არამედ იმიტომ, რომ ის არის კრიტიკული მედიის წარმომადგენელი, რომელიც
ამხელს სისტემას",- ამბობს ტელეკომპანია
"მთავარის" ჟურნალისტი ირაკლი ვაჩიბერაძე.
მედიის წარმომადგენლების თქმით,
ამ ქვეყანაში სიტყვის თავისუფლების დაცვა დასჯადი
გახდა და ანალოგიური ელის ბევრ სხვა დამოუკიდებელ ჟურნალისტსაც, თუ
საზოგადოება უფრო მეტად არ გამოფხიზლდება.
"ჩვენ, ყოველ დღე, აქციებზე სილას ვაწნით პოლიციას, როდესაც ვამბობთ:
ყველგან პოლიცია, არსად სამართალი. ეს სილის გაწნაა, უბრალოდ,
ამისთვის ყველას ვერ იჭერენ, მზია დაიჭირეს",- ამბობს ტელეკომპანია
"ფორმულას" ჟურნალისტი ეკა ფხაკაძე.
ის მიიჩნევს, რომ თუ ასე გაგრძელდება, აღმოვჩნდებით რუსეთში, სადაც
ჟურნალისტებს იჭერენ და
კლავენ. ეკა ფხაკაძის თქმით, დღეს უკვე აღარ არის საუბარი თავისუფლების შეზღუდვაზე,
საუბარია დამოუკიდებელი მედიის გაქრობაზე და
მხოლოდ ისეთი მედიასაშუალებების დატოვებაზე, რომელიც ემსახურება
რეჟიმს.
"სიჩუმე, რომელიც ყველანაირ ხმაურზე უფრო ძლიერია - აი ეს სიჩუმე
გველის ყველას, თუ ქვეყანაში თავისუფალი მედია გაქრება",- ამბობს
ჟურნალისტი.
მედიის წარმომადგენლების მსგავსად, მოქალაქეებიც მიიჩნევენ, რომ თუ
დამოუკიდებელი მედია გაქრება, დარჩება მხოლოდ პროპაგანდა, ის, რისი
თქმაც სურს ხელისუფლებას და აღარ გვექნება საშუალება, ვიხილოთ რეალური
სურათი, თუ რა ხდება ქვეყანაში.
მზია ამაღლობელი, 11 იანვარს, ბათუმში მიმდინარე პროევროპულ აქციაზე,
ორჯერ დააკავეს: პირველად პლაკატის ("გაიფიცე") გაკვრისთვის,
ადმინისტრაციული წესით, მეორედ კი გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში -
სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით. მას
ბათუმის პოლიციის უფროსისთვის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნას
ედავებიან. ამისთვის პროკურატურა მისთვის ოთხიდან შვიდ წლამდე
პატიმრობას ითხოვს, მანამდე კი ბათუმის საქალაქო სასამართლომ
წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდა.
მზია ამაღლობელის დაკავებიდან, უკვე მეათე დღეა, არ წყდება ქვეყანაში
მისი სოლიდარობის აქციები. ამის გარდა, #თავისუფლებამზიას - ამ
„ჰეშთეგით“ სოციალურ ქსელში ვიდეოები ვრცელდება. ჟურნალისტები,
რეჟისორები, მწერლები, აქტივისტები, საზოგადოებისთვის ნაცნობი სახეები
ხელისუფლებას მზია ამაღლობელის გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ.
მის დაკავებას გამოეხმაურა აშშ-ის „ჰელსინკის კომისიის“ თავმჯდომარე,
რესპუბლიკელი ჯო უილსონი. ის პლატფორმა X-ზე წერს: „მზია ამაღლობელი
და ივანიშვილის რეჟიმის ყველა პოლიტპატიმარი დაუყოვნებლივ უნდა
გათავისუფლდნენ. უნდა ჩატარდეს თავისუფალი და სამართლიანი
არჩევნები“.
ორგანიზაცია Women Press Freedom-ი კი პლატფორმა X-ზე წერს, რომ
ნოემბრის აქციების შემდეგ პოლიციის მხრიდან ათობით ჟურნალისტი ქალი
შევიწროებისა და ძალადობის მსხვერპლი გახდა.
„ამაღლობელი და მისი კოლეგები აშუქებდნენ, როგორ უსამართლოდ აკავებდა
[დემონსტრანტებს] ბათუმის პოლიცია. ვითხოვთ, მოეხსნათ ბრალი და
შეწყდეს დამოუკიდებელი ჟურნალისტების დევნა საქართველოში“, - წერია
განცხადებაში.
55-ე დღეა, საქართველოში პროევროპული აქციები გრძელდება. ამ აქციებზე
პოლიციამ იძალადა ათეულობით მოქალაქესა და ჟურნალისტზე. მათ შორის,
არაერთს მძიმე დაზიანებების გამო კლინიკაში გადაყვანა დასჭირდა.
მხოლოდ 28-29 ნოემბერს აქციების გაშუქებისას საქართველოში 20-მდე
ჟურნალისტი დაშავდა. ძალოვანი სტრუქტურები მათ, ხშირ შემთხვევაში,
მიზანმიმართულად უსწორდებოდნენ. ამ დრომდე ამ დანაშაულებისთვის არავინ
დასჯილა.
მასალის გამოყენების პირობები