ვიდეო
შვიდწლიანი მოლოდინი - ქუთაისის ბულვარის დაუსრულებელი რეაბილიტაცია [ვიდეო]
FaceBook
ქუთაისის ცენტრალური ბაღის რეაბილიტაციას, ისევე, როგორც სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებს ქალაქში, დაპირებიდან მის შესრულებამდე, ხანგრძლივი მოლოდინის ისტორია აქვს.

ბულვარი, რომელიც ქუთაისელებისთვის მთავარი თავშეყრის ადგილი იყო, წელიწადზე მეტია თუნუქის ფილებითაა შეღობილი. ქუთაისელების მთავარი დასასვენებელი სივრცე, რომელიც 2024 წლის დეკემბრის ბოლოს უნდა გახსნილიყო, ადგილობრივებისთვის ამ დრომდე მიუწვდომელია.


მუნიციპალური განვითარების ფონდმა ბაღის რეაბილიტაციის ტენდერი 2022 წლის ნოემბერში გამოაცხადა. ელექტრონულ შესყიდვაში უკონკურენტოდ გაიმარჯვა შპს "დაგმა", რომელსაც სამუშაოები ერთი წლის ვადაში, 14 850 000 ლარის სანაცვლოდ უნდა განეხორციელებინა, თუმცა, ბულვარში ერთი წლის თავზეც არაფერი იყო გაკეთებული. გასული წლის მიწურულს კი, როცა ბულვარი უნდა გახსნილიყო, კომპანიამ ტერიტორია მხოლოდ შემოღობა, პროექტი კი საერთოდ არ არსებობდა.

კომპანიამ სკვერის რეაბილიტაცია 25 ძირი მრავალწლოვანი ხის მოჭრით დაიწყო. ადგილობრივების პროტესტის პასუხად, მუნიციპალური განვითარების ფონდმა მაშინ თქვა, რომ მოჭრილი ხეები გამხმარი იყო. ამის შემდეგ, პროცესი, პრაქტიკულად შეჩერებული იყო. 

მაშინ, სამუშაოების გაჭიანურება, ბულვარში გასული საუკუნიდან მდებარე სანაყინე "სავანეს" დაბრალდა, რომელთანაც ქუთაისის მერიას 2002 წლიდან ჰქონდა სასამართლო დავა და ეს საქმე, მგფ-ის მიერ ტენდერის გამოცხადების დროს დასრულებული არ იყო. ამას არც ადგილობრივი თვითმმართველობისთვის და არც ტენდერის გამომცხადებლისთვის ხელი არ შეუშლია, რომ სანაყინეს ტერიტორია სარეაბილიტაციო ზონაში შეეტანათ. ამ დროს, "სავანეს" მფლობელები, რომლებსაც მერია სანაყინეს ქვეშ არსებულ მიწას ედავებოდა, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინში იყვნენ. ქუთაისის მერიისთვის არც ეს გარემოება აღმოჩნდა ხელისშემშლელი და 2023 წლის 27 დეკემბერს, ისე, რომ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილი არ იყო, "სავანეს" მძიმე ტექნიკა მიაყენა და შენობა დაანგრია.

თუმცა, ბულვარის რეაბილიტაციის გაჭიანურებაში მთავარი "დამნაშავეები" "სავანელები" არ აღმოჩნდნენ. კერძო საკუთრების დემონსტრაციულად დანგრევიდან ერთი წლის შემდეგაც, ქუთაისელების თავშეყრის ადგილი ისევ თუნუქის ფილებშია მოქცეული. კომპანიამ კი სამუშაოების კვლავ გადავადება მოითხოვა.

ბოლო ცვლილების მიზეზად, სამუშაოების ზედამხედველი  მცენარეების იმპორტის შეფერხებას ასახელებს და განმარტავს, რომ შესაბამის სანერგე მეურნეობაში მათი შესყიდვა ვერ მოახერხეს, რადგან დეფიციტი იყო. კომპანია მცენარეების ჩამოტანას თებერვალ-მარტში ვარაუდობს და ამით ხსნის სამუშაოების მაისამდე გადაწევის საჭიროებას. მცენარეების მიზეზითაა შეჩერებული სარწყავი სისტემისა და ბილიკების მოწყობაც, რაზეც კომპანია განმარტავს, რომ მცენარეების დარგვას მიწაზე მძიმე ტექნიკით მუშაობა სჭირდება და მანამდე სხვა სამუშაოების შესრულება არაგონივრულია.

ქუთაისის ცენტრალური ბაღის რეაბილიტაციის მრავალწლიანი დაპირების ისტორიიდან, ერთ-ერთი ბოლო, ვინც ბულვარის განახლების პირობა დადო, ქალაქის ყოფილი მერი გიორგი ჭიღვარია იყო. 2018 წელს ქუთაისის მერიამ ბულვარის ესკიზიც კი გამოაქვეყნა ფეისბუქზე და სცადა საზოგადოებაში შეექმნა განცდა, რომ ბაღის საბოლოო იერსახეს მოსახლეობასთან ერთად არჩევდა. მერიის ეს მცდელობა კრახით დასრულდა, ისევე, როგორც თავად გიორგი ჭიღვარიას მერობა. ბულვარის დაპირება, ყოფილ მერს თანამდებობიდან გადაყენებასთან ერთად გაჰყვა, მერიამ კი თავი იმით იმართლა, რომ ესკიზმა საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, რის გამოც, საბოლოო ვარიანტზე ვერ შეთანხმდნენ. სინამდვილე ის იყო, რომ ბაღის რეაბილიტაცია მუნიციპალური განვითარების ფონდმა არ დააფინანსა, ადგილობრივ ბიუჯეტს კი ამის სახსრები არ ჰქონდა.

ბულვარის განახლება ვერც ქალაქის მომდევნო და უკვე ყოფილმა მერმა, იოსებ ხახალეიშვილმა მიითვალა. 2024 წლის მაისში, როცა მან თანამდებობა დატოვა, სამუშაოები ახალი დაწყებული იყო. ბაღის რეაბილიტაცია არა, მაგრამ მის სახელს ნამდვილად დაუკავშირდა ისტორიული სანაყინეს დანგრევა.

ახლა, ბულვარის რეაბილიტაციის ბოლო ვადად 2025 წლის 1 მაისია დასახელებული. შპს "დაგს" ცენტრალურ ბაღში სამუშაოების დასასრულებლად სამი თვე აქვს დარჩენილი.

პროექტის მიხედვით, ბულვარის მთავარი მოწყობა არ შეიცვლება. დაგეგმილია მხოლოდ არსებული ინფრასტრუქტურის განახლება და რამდენიმე ელემენტის დამატება. პარკის ცენტრალურ ნაწილში უნდა მოეწყოს "გვირილობის მოედანი", ქვედა ნაწილში კი "ვარდების ხეივანი, ასევე მედიათეკა.

პროექტის ფარგლებში უნდა მოწესრიგდეს სარწყავი და სადრენაჟე სისტემები, დამონტაჟდეს ენერგოეფექტური განათების ბოძები; მოეწყოს საფეხმავლო ბილიკები. რეაბილიტაცია ჩაუტარდება შადრევანს და სკვერში არსებულ საზოგადოებრივ საპირფარეშოს. ტერიტორიას დაემატება ახალი ხე-მცენარეები, რომელთა ჩამოტანასაც სამუშაოების მწარმოებელი გაზაფხულზე აპირებს.

ადგილობრივები ახლა ისევ მოლოდინის რეჟიმში არიან. გაზაფხულის მოსვლასთან ერთად, ქალაქის მთავარ სარეკრეაციო სივრცეზე მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზრდება.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
საქმიანობაში ხელშეშლა, დაშინება, გაჩუმების მცდელობა, სიტყვიერი
შეურაცხყოფა, დარბევა, ფიზიკური ძალადობა და ახლა უკვე დაპატიმრებაც -
ასე უსწორდება
12:55 / 23.01.2025

საქმიანობაში ხელშეშლა, დაშინება, გაჩუმების მცდელობა, სიტყვიერი შეურაცხყოფა, დარბევა, ფიზიკური ძალადობა და ახლა უკვე დაპატიმრებაც - ასე უსწორდება "ქართული ოცნების" ხელისუფლება კრიტიკული მედიის წარმომადგენლებს.

13:35 / 22.01.2025
"კიკვიძის #8 ნომერიში მდებარე საცხოვრებელი სახლის ეზოში შეინიშნება მეწყრული პროცესი. რომელიც მცირედ მაგრამ მაინც მოძრაობს და საფრთხეს უქმნის საცხოვრებელ სახლს...კიკვიძის #8-ში მდებარე სახლი იმყოფება სახიფათო მდგომარეობაში, რადგან მეწყრული პროცესი განვითარებულია სახლთან კრიტიკულ მანძლზე“ 

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.