ცხოვრება დაცარიელებულ სოფელში - „დანაზოგი რომ არ მქონოდა, ვერაფერს გავაკეთებდით“
12:50 / 17.12.2024
უკვე 4 წელია, თეონა ლევიძის დილა, 07:00 საათზე, საქონლისა და
ფრინველების მოვლა-პატრონობით იწყება, დღის დარჩენილი ნაწილი კი
სახლის საქმეებში გადის.
ასეთია თეონას ყოველდღიურობა მას შემდეგ, რაც სოფლის სიყვარულით,
ქალაქის მიტოვება და ტყიბულის მუნიციპალიტეტში, დაცარიელებულ სოფელ
ლაშიაში დასახლება გადაწყვიტა.
სოფელში ცხოვრების სურვილთან ერთად, იყო სხვა მიზეზებიც. თეონა
ლევიძე, რომელმაც 30 წელი ქუთაისში გაატარა, გვიყვება, რომ ფინანსური
პრობლემების გამო, მეუღლესთან ერთად, ემიგრაციაში წასვლაზეც ფიქრობდა.
მაგრამ, შვილებისგან შორს ყოფნას, სამშობლოში დარჩენა და დედისეულ
სოფელში დაბრუნება არჩია, სადაც, დანაზოგით, პირუტყვი მოიშინაურა და
სოფლის მეურნეობაც განავითარა.
„დედა 12 წელი საზღვარგარეთ იყო და იქედან ცდილობდა სოფელში რაღაცების
გაკეთებას, ჩვენც ხელს ვუწყობდით. ამიტომ, რომ ჩამოვედით, საქონლის
სადგომი და ფრინველების კოტეჯები უკვე დაგვხდა. მერე ჩვენი დანაზოგით
დავამატეთ შინაური პირუტყვი, გავზარდეთ ფრინველების რაოდენობაც,
დავთესეთ ყანა, ვუვლით ვენახებს. ყველაფერს ვაკეთებთ რაც შეგვიძლია,
მაგრამ ხელისშემწყობი არ გვყავს, სოფელს არავინ აქცევს ყურადღებას“,-
ამბობს თეონა ლევიძე.
მისი თქმით, ხელისუფლებისგან დახმარების ნაკლებობა, ალბათ, მიზეზია
იმისა, რომ სოფელი თითქმის დაცარიელებულია და იქ მხოლოდ მოხუცებულები
ცხოვრობენ. ამიტომ, ამბობს, რომ ქალაქიდან ჩამოსულს, თავიდან ძალიან
გაუჭირდა სიჩუმეში ცხოვრება. ამას ემატება ისიც, რომ სოფელში არც
ბუნებრივი აირია, შეშის მოჭრაზე კი შეზღუდვა აქვთ, ხოლო მგლებისა და
დათვების გამო, პირუტყვი ხშირად იკარგება.
„არ გვაქვს ხელშეწყობა და ამიტომ გარბის ხალხი. რომ გვქონდეს
დაფინანსება დახვნაში, სასუქში, ან ძროხის აცრისთვის მაინც გამოიყოს
თანხები ხომ შეიძლება? ტყიბულის მერიაშიც ვიყავით მისული, გვინდოდა
გაგვერკვია, ჰქონდათ თუ არა სოფლის ხელშემწყობი პროგრამები,
დაგვპირდნენ, მაგრამ მას შემდეგ არავინ შეგვეხმიანებია. ყველაფერს
ჩვენი სახსრებით ვაკეთებთ“,- გვიყვება თეონა.
სწორედ ამიტომ, თეონა ლევიძე თვლის, რომ დანაზოგის გარეშე, სოფელში
დაბრუნებას ვერ შეძლებდა.
„იმიტომ, რომ სოფლის მეურნეობაზეც სესხი ძალიან დიდ პროცენტში
კეთდება. ხალხს შეიძლება უნდა სოფელში დაბრუნება, მაგრამ ხელშეწყობა
არ არის და ვერ ბრუნდებიან“,- ამბობს თეონა.
თუმცა, სირთულეების მიუხედავად, თეონა ლევიძე ახალგაზრდებს მოუწოდებს,
ნუ მიატოვებენ თავიანთ მიწა-წყალს. მთავრობას კი მიმართავს, მეტი
ყურადღება მიაქციონ სოფლის მცხოვრებლებს და მათი საჭიროებები
გაითვალისწინონ.
არიან თუ არა ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიაში ინფორმირებული სოფელ
ლაშიაში მცხოვრებლების პრობლემებით; აქვთ თუ არა სოფლის განვითარების
ხელშემწყობი რაიმე პროგრამა, ან რას აკეთებენ იმისთვის, რომ სოფელი
მეტად არ დაცარიელდეს ხალხისგან - აღნიშნულთან დაკავშირებით ჩვენ
მერიაში წერილი 2 დეკემბერს გავაგზავნეთ, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ
მოგვსვლია.
"ჩვენი ქვეყნის მომავალი ევროპაშია, ეს გვინდა დავაფიქსიროთ და ასევე,
ვუთხრათ მთავრობას, რომ დაუშვებელია ის ძალადობა, რომელიც აქციის
მონაწილეების მიმართ ხორციელდება",- ამბობენ მედიკოსები, რომლებიც
ქვეყნის ევროპული მომავლის დასაცავად, ქუჩაში, თეთრი ხალათებით,
გამოვიდნენ.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მასალის გამოყენების პირობები