„საქართველოს მმართველი პარტიის განცხადება „უცხოური გავლენის
გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ხელახლა შემოტანასთან
დაკავშირებით სერიოზულ შეშფოთებას იწვევს“, - ასე ეხმიანება
"რუსული კანონის" ხელახალ დაინიცირებას
ევროკავშირი.
ის ხელისუფლებას შეახსენებს, რომ ევროპულმა საბჭომ საქართველოს
კანდიდატის სტატუსი იმის გათვალისწინებით მიანიჭა, რომ ევროკომისიის
2023 წლის 8 ნოემბრის რეკომენდაციის შესაბამისი ნაბიჯები
გადაიდგმებოდა.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პრეს-სპიკერის განცხადებით,
გამჭვირვალობა სამოქალაქო საზოგადოების თავისუფალი მოქმედების
შესაძლებლობის შეზღუდვის ინსტრუმენტად არ უნდა იქნას
გამოყენებული.
„ევროკავშირი შეგახსენებთ საქართველოს მთავრობისა და მმართველი
პარტიის გასული წლის საჯარო დაპირებას, ასეთი კანონპროექტის „უპირობოდ
გაწვევის“ შესახებ. ევროკავშირი წუხილს გამოთქვამს, რომ ის კვლავ
განიხილება 2023 წლის მარტში საზოგადოების და საერთაშორისო მძაფრი
რეაქციის მიუხედავად.
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის ხელსაყრელი გარემოს
შექმნა, შენარჩუნება და მედიის თავისუფლების უზრუნველყოფა დემოკრატიის
საფუძველს წარმოადგენს. მას ასევე გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს
ევროკავშირში გაწევრიანების პროცესისთვის. ევროკავშირი შეგახსენებთ,
რომ ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა იმის
გათვალისწინებით, რომ ევროკომისიის 2023 წლის 8 ნოემბრის
რეკომენდაციის შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმებოდა.
ნაბიჯი 9 მოიცავს რეკომენდაციას, რომ საქართველომ სამოქალაქო
საზოგადოების თავისუფლად მუშაობა უზრუნველყოს და ნაბიჯი 1 მოუწოდებს
საქართველოს ევროკავშირისა და მისი ღირებულებების წინააღმდეგ მიმართულ
დეზინფორმაციას ებრძოლოს. გამჭვირვალობა სამოქალაქო საზოგადოების
თავისუფალი მოქმედების შესაძლებლობის შეზღუდვის ინსტრუმენტად არ უნდა
იქნას გამოყენებული“,- აღნიშნულია განცხადებაში.
ევროკავშირი საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს მოუწოდებს, მიიღონ და
განახორციელონ რეფორმები, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანების
გაცხადებულ და საქართველოს მოქალაქეების დიდი უმრავლესობის მიერ
მხარდაჭერილ მიზანს შეესაბამება.
ამასთან, ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, დემოკრატიის, კანონის
უზენაესობისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობის კუთხით ნაკისრი
ვალდებულებები შეასრულოს.
3 აპრილს, "ქართულმა ოცნებამ" პარლამენტში "რუსული კანონი"
ოფიციალურად
დაარეგისტრირა.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით,
კანონპროექტი საქართველოს პარლამენტში ზუსტად იმავე ტექსტით
დაინიცირდება, როგორც შარშან იყო დაინიცირებული, ერთადერთი
განსხვავებით: ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“ , ახლა
გამოყენებული იქნება ტერმინი – „უცხოური ძალის ინტერესების
გამტარებელი ორგანიზაცია“. კანონპროექტის ყველა სხვა ჩანაწერი კი
უცვლელი დარჩება.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი "ოცნებიდან“
ფორმალურად წასული ე.წ "ხალხის ძალის" დეპუტატების მიერ
ინიცირებულია.
ამ კანონს, რომლის მიზანიც ქვეყანაში დასავლური დაფინანსების მქონე
ორგანიზაციების დისკრედიტაცია და შეზღუდვაა, საქართველოში არაერთი
საზოგადოებრივი ჯგუფი ეწინააღმდეგება. ამასთან, წინააღმდეგია აშშ,
ევროკავშირი და არაერთი დასავლური ორგანიზაცია.
მსგავსი კანონი რუსეთში 2012 წლიდან სწორედ სამოქალაქო
ორგანიზაციებისა და მედიის რეპრესიებისა და საბოლოოდ, ქვეყნიდან
გასაძევებლად გამოიყენეს.
"ოცნებამ" 2023 წლის მარტში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის
შესახებ" კანონი პირველი მოსმენით მიიღო, რასაც საზოგადოების ყველა
სფეროს წარმომადგენლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მწვავე
პროტესტი მოჰყვა.
მას შემდეგ კი, რაც მოქალაქეები რუსული კანონპროექტის
გასაპროტესტებლად ქუჩაში გამოვიდნენ, "ოცნება" იძულებული გახდა,
კანონი უკან გაეწვია და მეორე მოსმენაზე ჩაეგდო.
მასალის გამოყენების პირობები