კანონპროექტი, რომელიც მაუწყებლებს უცხოეთიდან დაფინანსების მიღებას
უკრძალავს - დამტკიცებულია.
„მაუწყებლობის შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებას პარლამენტის
86-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
"ოცნებამ" ორი კანონპროექტი წარადგინა - პირველი მაუწყებლებს უცხოური
დაფინანსების პირდაპირ და არაპირდაპირ მიღებას უკრძალავს, მეორეს კი
მაუწყებლობის სტანდარტებში ცვლილებები შეაქვს და ამ სტანდარტების
დარღვევაზე რეაგირების შესაძლებლობას კომუნიკაციების კომისიასაც
აძლევს. აქამდე ეს მხოლოდ თვითრეგულირების მექანიზმით იყო
შესაძლებელი.
უფრო კონკრეტულად, “მაუწყებლობის შესახებ“ კანონს ემატება მუხლი,
რომლის მიხედვით, მაუწყებლის მიერ სოციალურ რეკლამის განთავსების
სანაცვლოდ პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების მიღება დაუშვებელი
იქნება.
კანონის მიზნებისთვის „უცხოურ ძალად“ მიიჩნევა: - უცხო სახელმწიფოს
ხელისუფლების სისტემის შემადგენელი სუბიექტი; ფიზიკური პირი, რომელიც
საქართველოს მოქალაქე არ არის; იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს
კანონმდებლობის საფუძველზე არ არის დაფუძნებული; ისეთი ორგანიზაციული
წარმონაქმნი - მათ შორის, ფონდი, ასოციაცია, კორპორაცია, კავშირი,
სხვა სახის ორგანიზაცია ან პირთა სხვა სახის ისეთი გაერთიანება,
რომელიც უცხო სახელმწიფოს სამართლის ან საერთაშორისო სამართლის
საფუძველზეა დაფუძნებული.
ამასთან, განხილვის პროცესში აღნიშნულ კანონის პროექტს დაემატა მუხლი,
რომლის გათვალისწინებით, მაუწყებლის მიერ კანონით გათვალისწინებული
მოთხოვნის 2025 წლის 1-ელ ივნისამდე დარღვევის შემთხვევაში,
მარეგულირებელი კომისიის მიერ დაწესებული სანქციები აღსასრულებლად არ
მიექცევა.
"ქართული ოცნების" ხელისუფლება აქტიურად მუშაობს შემზღუდავ კანონებზე.
პარლამენტმა უკვე გაამკაცრა დემონსტრაციების შესაზღუდად
კანონმდებლობა. ცვლილებები შეიტანა: ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსში, სისხლის სამართლის კოდექსში,
შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონსა და პოლიციის შესახებ
კანონში.
„ოცნების“ გადაწყვეტილებით, შეიცვალა შეკრებებისა და მანიფესტაციების
შესახებ კანონი და შემოიტანა სპონტანური შეკრების/მანიფესტაციის
ცნება, ასევე გაზარდა ადმინისტრაციული პატიმრობის ვადები და ჯარიმები.
მასალის გამოყენების პირობები