ჭიათურელი მაღაროელები პროტესტის 24 საათიან რეჟიმზე
გადავიდნენ.
პროტესტის მონაწილეებმა მერიის შენობასთან ორი კარავი გაშალეს. ერთი
გადახურვა აქციაზე შეკრებილებისთვის წვიმისა და სიცხისგან
თავდასაცავად მოეწყო, ხოლო მეორე კარავში ადგილობრივებისთვის საკვები
მომზადდება.
მშრომელები ახლა ცდილობენ, მაღაროების გაჩერების
შემდეგ, სოციალურ კრიზისში მყოფ ადგილობრივებს დაეხმარონ.
პარალელურად, "ჯორჯიან მანგანეზს" ხელი შეუშალონ ქალაქიდან
წიაღისეულის გატანაში. მაღაროელები იმედოვნებენ, რომ მას შემდეგ, რაც
კომპანიას მანგანუმის მარაგი ამოეწურება, იძულებული გახდება
მშრომელებთან მოლაპარაკება დაიწყოს.
"გადართული ვართ ჭიათურაში ხალხის გამოკვებაზე, რომ
არ იყოს შიმშილი. კეთილი ადამიანების შემოწირულობით არის იმდენი, რომ
რამდენიმე დღით დავაპუროთ ხალხი. პარალელურად, მყარად გვაქვს
გამაგრებული ბლოკპოსტები და თუ რამე მოხდება, ცხელ წერტილში
გავჩნდებით ქალაქის ცენტრიდან. პირველი ნოემბრიდან [მაღაროების
გაჩერების შემდეგ] 70 000 ტონა მანგანუმი გავიდა ჭიათურიდან, რაც
ნიშნავს იმას, რომ ორ-სამ დღეში არ გამოელევათ მარაგი. ამიტომ,
გადავდივართ გრძელვადიან პროტესტზე და მივაღწევთ აუცილებლად, რომ
ქართული მანგანუმის მარაგები რომ ამოეწურებათ, აუცილებლად გახდებიან
იძულებული, რომ ღია დიალოგზე წამოვიდნენ", - ამბობს პროტესტის
საინიციატივო ჯგუფის წევრი, ტარიელ მიქაცაძე.
მისი თქმით, კომპანიას პრობლემები აქვს ღია კარიერული
მოპოვების პროცესშიც, რადგან ჭიათურაში არსებული 54 კოოპერატივიდან,
რომლებისგანაც "ჯორჯიან მანგანეზი" წიაღისეულს ყიდულობს, უმრავლესობა,
მაღაროელების სოლიდარობის ნიშნად, მუშაობაზე უარს აცხადებს.
ჭიათურაში ერთი თვეზე მეტია უწყვეტი საპროტესტო
აქციები მიმდინარეობს. მაღაროელები ხუთი თვეა უმუშევრები არიან. ბოლო
სამი თვის განმავლობაში კი ხელფასიც არ აუღიათ. ქალაქი, სადაც მაღარო
დასაქმების ერთადერთი ადგილია, "ჯორჯიან მანგანეზის" მიერ სამუშაოების
გაჩერების გამო, ჰუმანიტარული კრიზისის წინაშეა. ადგილობრივებს აღარ
აქვთ საკვების ფული. დაუგროვდათ საბანკო და კომუნალური გადასახადები.
მაღაროელები კომპანიისგან სახელფასო დავალიანების დაუყოვნებლივ
გასტუმრებას და საწარმოების სახელმწიფოს მართვაში გადასვლას ითხოვენ,
რადგან მათი თქმით, კერძო ფლობის პირობებში, კომპანია დასაქმებულებს
მუდმივად ატყუებს. მშრომელებმა არაერთხელ მოუწოდეს "ქართული ოცნების"
ხელისუფლებას პროცესში ჩართვისკენ, საპროტესტო აქციები გამართეს
დედაქალაქშიც, თუმცა, ჭიათურელებთან შესახვედრად არავინ მივიდა.
მაღაროელები არც ჯანდაცვის სამინისტროს სამმხრივი კომისიის
სამუშაო ჯგუფში ჩართეს, რომელიც ჭიათურის
კრიზისზე მსჯელობს. ამის გამო, მშრომელები ჯგუფის შემადგენლობას
უნდობლობას უცხადებენ და მოითხოვენ პროცესი დატოვოს "საქართველოს
პროფკავშირების გაერთიანებამ", რომელიც, მათი თქმით, ჭიათურელი
მშრომელების ინტერესებს ვერ იცავს.
ჭიათურაში ხუთი თვეა მაღაროები დახურულია. მიმდინარე
წლის 7 მარტს კი "ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიმ", რომელმაც ბოლო ერთი
წელია "ჯორჯიან მანგანეზისგან" მაღაროების მართვა გადაიბარა,
განაცხადა, რომ საწარმოებში სამუშაოები აღარ
განახლდება, რადგან წიაღისეულის მიწისქვეშა მოპოვება წამგებიანია.
კომპანიამ მაღაროების არარენტაბელურობა რამდენიმე მიზეზით ახსნა. მათ
შორის, დაასახელა ფეროშენადნობთა ბაზარზე არსებული რთული ვითარება,
თუმცა, მთავარ დამნაშავედ ჭიათურელები გამოაცხადა.
კომპანიის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, პროცესი
კრიზისისკენ წლების განმავლობაში, კომპანიაში დასაქმებულთა
მრავალჯერადი გაფიცვის პარალელურად მიდიოდა, ბოლო ერთი წლის
განმავლობაში კი სოფელ შუქრუთის მოსახლეობის მიერ შვიდი მაღაროს
პიკეტირების გამო, სამუშაოები პრაქტიკულად გაჩერებული იყო, რადგან
კომპანია მანგანუმის 70%-ს სწორედ ამ ტერიტორიაზე მოიპოვებდა. ამ
განცხადების შემდეგ, "ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიმ" სასამართლოს
მიმართა და კომპანიის გაკოტრების აღიარება მოითხოვა, რაც მას თავიდან
აარიდებდა დასაქმებულებისთვის სახელფასო დავალიანების გასტუმრებას.
"პროფკავშირების გაერთიანების" მოთხოვნის შემდეგ, პროცესი დროებით
შეჩერებულია. ახლა, ჭიათურის კრიზისზე
ჭიათურელების გარეშე მსჯელობს ჯანდაცვის სამინისტროს სამმხრივი
კომისიის ჯგუფი.
მასალის გამოყენების პირობები