ახალი ამბები
"ქართული ოცნება" რუსულ კანონს აბრუნებს - კანონპროექტს პარლამენტში კვლავ დააინიცირებენ
FaceBook
„ქართული ოცნება“ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს, იგივე "რუსულ კანონს", რომელიც საზოგადოების პროტესტის შემდეგ დაახლეობით ერთი წლის წინ უკან გაიწვია, ხელახლა წარადგენს.
ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მდინარაძის თქმით, საქართველოში კვლავაც გაუმჭვირვალე რჩება „ენჯეოების“ დაფინანსების 90%-ზე მეტი, ამიტომ საპარლამენტო უმრავლესობამ, პარტიის პოლიტიკურ საბჭოსთან კონსულტაციის შემდეგ, აღნიშნული კანონპროექტის პარლამენტში ხელახლა წარდგენასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო.

მამუკა მდინარაძის განცხადებით, კანონპროექტი საქართველოს პარლამენტში ზუსტად იმავე ტექსტით დაინიცირდება, როგორც შარშან იყო დაინიცირებული, ერთადერთი განსხვავებით:  ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“ , ახლა გამოყენებული იქნება ტერმინი – „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. კანონპროექტის ყველა სხვა ჩანაწერი კი უცვლელი დარჩება.

"კანონპროექტი ითვალისწინებს ერთადერთ მოთხოვნას – უცხოური დაფინანსების მიმღები ორგანიზაციების მიერ საკუთარი ყოველწლიური ფინანსური ანგარიშის გამოქვეყნებას, რომლის დარღვევისთვისაც მხოლოდ ფინანსური სანქციებია გათვალისწინებული. ეს არის საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის მინიმალური სტანდარტი, რომელსაც კეთილსინდისიერებაზე თუნდაც ფორმალური პრეტენზიის მქონე ნებისმიერი ორგანიზაცია უნდა აკმაყოფილებდეს“,- განმარტა მამუკა მდინარაძემ.

მისივე განმარტებით, გასულ წელს აღნიშნული კანონპროექტი უკან იმიტომ გაიწვიეს, რომ „ანგარიში გაუწიეს საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც შეცდომაში იყო შეყვანილი“. ამასთან, მამუკა მდინარაძის თქმით, არსებობდა სერიოზული პროვოკაციების საფრთხე, რასაც ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა შეიძლებოდა დაეყენებინა რისკის ქვეშ.

"კანონპროექტის გაწვევის მიუხედავად, ინიციატივამ მნიშვნელოვანწილად უკვე შეასრულა თავისი ფუნქცია. საზოგადოებამ გაიგო, რომ ორგანიზაციები, რომლებიც რევოლუციური პროცესების ეპიცენტრში იდგნენ, სინამდვილეში, არა ქართველი ხალხის, არამედ უცხოური ძალის ინტერესების წარმომადგენლები არიან. იმავდროულად, მნიშვნელოვნად შესუსტდა რადიკალიზმისა და ე.წ. პოლარიზაციის უცხოური დაფინანსების პრაქტიკა. თუმცა, პრობლემა სრულად აღმოფხვრილი არ არის და უცხოური ძალის მიერ დაფინანსებული კონკრეტული ორგანიზაციები, რადიკალურ ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, კვლავაც რჩებიან რადიკალიზმისა და ე.წ. პოლარიზაციის მთავარ წყაროდ საქართველოში",- განმარტა მდინარაძემ.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი "ოცნებიდან“ ფორმალურად წასული ე.წ "ხალხის ძალის" დეპუტატების მიერ ინიცირებულია. „რუსული კანონპროექტის“ თანახმად, ნებისმიერი მედია თუ არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც შემოსავლის 20%-ზე მეტს უცხოეთიდან იღებს, "უცხოური გავლენის აგენტად" უნდა დარეგისტრირდეს.

ამ კანონს, რომლის მიზანიც ქვეყანაში დასავლური დაფინანსების მქონე ორგანიზაციების დისკრედიტაცია და შეზღუდვაა, საქართველოში არაერთი საზოგადოებრივი ჯგუფი ეწინააღმდეგება. ამასთან, წინააღმდეგია აშშ, ევროკავშირი და არაერთი დასავლური ორგანიზაცია.

მსგავსი კანონი რუსეთში 2012 წლიდან სწორედ სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მედიის რეპრესიებისა და საბოლოოდ, ქვეყნიდან გასაძევებლად გამოიყენეს.

"ოცნებამ" 2023 წლის მარტში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი პირველი მოსმენით მიიღო, რასაც საზოგადოების ყველა სფეროს წარმომადგენლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მწვავე პროტესტი მოჰყვა. 

მას შემდეგ კი, რაც მოქალაქეები რუსული კანონპროექტის გასაპროტესტებლად ქუჩაში გამოვიდნენ, "ოცნება" იძულებული გახდა, კანონი უკან გაეწვია და მეორე მოსმენაზე ჩაეგდო.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
დღეს, 23 ნოემბერს, დღის სამ
საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან სტუდენტების სოლიდარობის
აქცია გაიმართება.
11:06 / 23.11.2024
დღეს, 23 ნოემბერს, დღის სამ საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან სტუდენტების სოლიდარობის აქცია გაიმართება.
25 ნოემბერს, როცა
17:21 / 22.11.2024
25 ნოემბერს, როცა "ქართული ოცნება" ახალი პარლამენტის ლეგიტიმაციის ცნობას გეგმავს, საპროტესტო აქცია გაიმართება საკანონმდებლო ორგანოს უკან.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.