საჩხერის რაიონულმა სასამართლომ „ჯორჯიან მანგანეზის“ კონტრაქტორი
კომპანიის გადაწყვეტილება, რომლითაც შუქრუთის პროტესტის მონაწილე
ჯუმბერ ცუცქირიძე
სამსახურიდან გაათავისუფლეს, უკანონოდ ცნო.
მოსამართლემ „ჯმ-ტექნიკასერვისს“ ჯუმბერ ცუცქირიძისთვის იძულებით
განაცდური ხელფასის ანაზღაურება და კომპენსაციის გადახდა დაავალა.
„ჯორჯიან მანგანეზის“ კონტრაქტორი კომპანიებიდან უკანონოდ
გათავისუფლებულ ჯუბმერ ცუცქირიძისა და კიდევ 5 პირის უფლებებს
„სამოქალაქო აქტივობების ცენტრის“ ადვოკატი ვლადიმერ ქუთათელაძე
იცავდა.
მისი თქმით, სასამართლომ ყველა პირის საქმის განხილვა უკვე დაასრულა
და გადაწყვეტილებას მაისში გამოაცხადებს.
შუქრუთში, კოროხნალის მაღაროსთან, მიმდინარე უწყვეტი აქციის
მონაწილეები სამსახურებიდან 2024 წლის ივნისში
გაათავისუფლეს. ამასთან,
კომპანიამ დაზარალებულ ადამიანებს სასამართლოში იქით
უჩივლა, მათ ვისაც კომპანიის საქმიანობის
შედეგად საცხოვრებელი სახლები ენგრევათ. მოსარჩელემ მოითხოვა,
შუქრუთელებს აეკრძალოთ მაღაროს მუშაობის ხელის შემშლელი ქმედებების
განხორციელება (ფაქრობრივად პროტესტის უფლება) და ამასთან, ოთხი წლით
ჩამოერთვათ კერძო საკუთრებაში არსებული სახლები და მიწის ნაკვეთები.
ამასთან, კომპანია პროტესტის მონაწილეებისგან 5,5 მილიონი ლარის
ოდენობით, ზიანის ანაზღაურებას ითხოვს.
სოფელ შუქრუთში პროტესტი 2024 წლის მარტში
დაიწყო. ამ დრომდე გაფიცულების მდგომარეობა
არავის მოუკითხავს, არც ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლებიდან,
მათ შორის, არც გუბერნიის ადმინისტრაციიდან და არც სახალხო დამცველის
აპარატიდან.
მოსახლეობა ამბობს, რომ წლების მანძილზე, მადნის ღია კარიერული წესით
მოპოვების შედეგად, დაუზიანდათ საცხოვრებელი სახლები, ეზოები,
სახნავ-სათესი მიწები, ეკლესია და სასაფლაოები. ამიტომ, ისინი
კომპანიას მიყენებული ზარალის პროპორციულ კომპენსაციას სთხოვენ.
"ჯორჯიან მანგანეზში" კი ამტკიცებენ, რომ ადამიანებს, რომელიც
კომპანიას მოთხოვნებს უყენებენ, კომპენსაცია უკვე აღებული აქვს და
თანხები კერძო საკუთრების ინდივიდუალური შეფასების მიხედვით,
სხვადასხვა წლებში ეტაპობრივად გაიცა.
სოფელ შუქრუთის მცხოვრებლები, კომპენსაციის მიღების მოთხოვნით,
ქუჩაში, 3 წლის წინაც
გამოვიდნენ. მაშინ მათ პროტესტის უკიდურეს ფორმას
მიმართეს და პირიც ამოიკერეს.
მოსახლეობასა და კომპანია „ჯორჯიან მანგანეზს“ შორის შეთანხმება 220
დღიანი პროტესტის შემდეგ
შედგა.
"ჯორჯიან მანგანეზმა" 2021 წლის 16 მაისს განაცხადა, რომ საინჟინრო
კვლევების საფუძველზე, სოფელში, 36 ოჯახი ჯამში 2 300 000 ლარის
კომპენსაციას მიიღებდა.
შპს "ჯორჯიან მანგანეზი" ჭიათურა-საჩხერის მუნიციპალიტეტში მანგანუმის
მადნის სამთო მოპოვების ლიცენზიის მესაკუთრეა. ის მოპოვებით
საქმიანობას ჭიათურის მთლიან ტერიტორიაზე (16 430 ჰექტარზე)
ახდენს.
ჭიათურაში სამთო მოპოვება რამდენიმე თვეა შეჩერებულია. კომპანიამ
მიმდინარე წლის მარტის დასაწყისში თქვა, რომ მაღაროებში მანგანუმის
მოპოვება წამგებიანია და საწარმო გადახდისუუნაროა.
ფოტო: მთის ამბები
ამავე თემაზე:
ჩაშლილი მედიაცია და შუქრუთელების უპასუხო პროტესტის
311-ე დღე
უპასუხო პროტესტი - შუქრუთელები სამი კვირაა
მედიაციის გაგრძელებას ელოდებიან
რატომ აჩერებს ჭიათურის მაღარო მუშაობას - "ჯორჯიან
მანგანეზი" შუქრუთის მოსახლეობას ადანაშაულებს
რატომ ენდობიან "შუქრუთელები" ისევ
ხელისუფლებას?!
შუქრუთელების პროტესტმა თბილისიდან ჭიათურაში
გადაინაცვლა
შუქრუთელებისა და "ჯორჯიან მანგანეზის"
წარმომადგენლების შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა
შუქრუთელების პროტესტზე დღეს მედიაცია
იწყება
პროტესტის მე-7 თვეს, სახელმწიფო პროცესებში ერთვება -
შუქრუთელები შიმშილობას წყვეტენ
შუქრუთელები პარლამენტიდან ბიძინა ივანიშვილის
სახლამდე მსვლელობას გამართავენ
მრავალთვიანი პროტესტის შემდეგ, სახალხო დამცველი
შუქრუთის მოსახლეობას შეხვდა
"ღია ცის ქვეშ ვართ დაბანაკებულები, შევეწირებით ამ
პროცესებს" - შუქრუთელების პროტესტი პარლამენტთან
შიმშილობის მე-5 და პროტესტის 176-ე დღე - რა ხდება
შუქრუთში
მასალის გამოყენების პირობები