ახალი ამბები
პროტესტის მე-7 თვეს, სახელმწიფო პროცესებში ერთვება - შუქრუთელები შიმშილობას წყვეტენ
FaceBook
შუქრუთელების უწყვეტი აქციის 7 თვის თავზე და შიმშილობის 43-ე დღეს, პროცესებში, სახელმწიფოს წარმომადგენელი ჩაერთო.

პარლამენტთან “ქართული ოცნების” დეპუტატი, რატი იონათამიშვილი, მივიდა და პროტესტის მონაწილეებს "ჯორჯიან მანგანეზთან" მოდერატორობა შესთავაზა, რის შემდგომაც შეხვედრა კომპანიის, მოშიმშილეებისა და სახელმწიფოს წარმომადგენლების მონაწილეობით შედგა. 

აღსანიშნავია, რომ რატი იონათამიშვილი "ქართული ოცნების" საპარლამენტო არჩევნების სიაში 62-ე ნომერია. 

როგორც შუქრუთის მკვიდრი გიორგი ნეფარიძე განმარტავს, მოპალარაკებების დაწყებისა და გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობის ფონზე, შუქრუთელებმა შიმშილობის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღეს, თუმცა, უწყვეტი პროტესტი პარლამენტთან და სოფელ შუქრუთში კვლავ გრძელდება.

"მოხდა უკვე შეხვედრა კომპანიას, სახელმწიფოს წარმომადგენელსა და ჩვენ, დაზარალებულ მოსახლეობას, შორის. შევთანხმდით სამმხრივ კომისიაზე, რომელი კომისიაც საბოლოოდ მივა სამართლიან ხელშეკრულებამდე. შიმშილობა შეწყდება, გადავლენ ეს ადამიანები კლინიკაში, სადაც გაივლიან რეაბილიტაციის კურს. პროტესტი კი უწყვეტ, 24 საათიან რეჟიმში, კვლავ გაგრძელდება, მანამ, სანამ დოკუმენტურად არ გვექნება გარანტია იმისა, რომ ჩვენი მოთხოვნები შესრულდება", -  განმარტავს გიორგი ნეფარიძე. 

მისივე თქმით, მიიღეს იმის გარანტიაც, რომ სანამ მოლაპარაკება არ დასრულდება, კომპანია “ჯორჯიან მანგანეზი” სამუშაო პროცესს სოფელ შუქრუთის ტერიტორიაზე არ გააგრძელებს.

ამავდროულად, მედიაციის პროცესში სხვადასხვა სახელმწიფო უწყება, მათ შორის, შრომის, ჯანდაცვის და სოციალური საკითხების სამინისტრო ჩაერთვება.

გიორგი ნეფარიძის თქმით, შემდეგი შეხვედრა სამშაბათს, 15 ოქტომბერს შედგება, რის შემდეგაც შეთანხმების დამატებითი დეტალები გაირკვევა.

"ამ შეხვედრის შემდეგ უფრო დეტალურად გვეცოდინება ყველაფერი. ჯერ ახლა დაიძრა პროცესები და იმედია, მალე მივალთ ლოგიკურ და სამართლიან დასასრულამდე", -  აღნიშნავს ნეფარიძე. 



შუქრუთელები 212 დღეზე მეტია, უწყვეტი პროტესტის რეჟიმში იმყოფებიან და კომპანია “ჯორჯიან მანგანეზისგან” მათთვის მიყენებული ზიანის სამართლიან ანაზღაურებას ითხოვენ. ისინი, ამ ხნის განმავლობაში, ცენტრალურ ხელისუფლებას პროცესებში ჩართულობას სთხოვდნენ, რათა  „ჯორჯიან მანგანეზს” მათთან აღებული ვალდებულებები შეესრულებინა. 

სოფელ შუქრუთის მცხოვრებლები, კომპენსაციის მიღების მოთხოვნით, ქუჩაში, 3 წლის წინაც გამოვიდნენ. მაშინ მათ პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართეს და პირიც ამოიკერეს.

მოსახლეობასა და კომპანია „ჯორჯიან მანგანეზს“ შორის შეთანხმება 220 დღიანი პროტესტის შემდეგ შედგა.

"ჯორჯიან მანგანეზმა" 2021 წლის 16 მაისს განაცხადა, რომ საინჟინრო კვლევების საფუძველზე, სოფელში, 36 ოჯახი ჯამში 2 300 000 ლარის კომპენსაციას მიიღებდა.

შპს "ჯორჯიან მანგანეზი" ჭიათურა-საჩხერის მუნიციპალიტეტში მანგანუმის მადნის სამთო მოპოვების ლიცენზიის მესაკუთრეა. ის მოპოვებით საქმიანობას ჭიათურის მთლიან ტერიტორიაზე (16 430 ჰექტარზე) ახდენს.

ფოტოები: მარიამ ნიკურაძე

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები
15:28 / 17.10.2024
ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები "რუსული კანონის" წინააღმდეგ ბრძოლის ახალ ეტაპზე გადადიან.
შუქრუთელები, რომლებიც 200 დღეზე
მეტია პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქციებს მართავენ,
მედიაციის პროცესით უკმაყოფილოები არიან.
17:48 / 16.10.2024
შუქრუთელები, რომლებიც 200 დღეზე მეტია პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქციებს მართავენ, მედიაციის პროცესით უკმაყოფილოები არიან.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.