პროტესტის 183-ე დღე ჭიათურის სოფელ შუქრუთში მცხოვრებლებმა თბილისში,
პარლამენტთან, ღია ცის ქვეშ გაატარეს.
მათ პოლიციამ საკანონმდებლო ორგანოს შენობის წინ კარვების გაშლისა და
თბილი ტანსაცმლის შეტანის უფლებაც არ მისცა, რომ მოშიმშილეებს,
რომლებსაც უკვე 12 დღეა, პირი აქვთ ამოკერილი, ბეტონზე დაეფინათ.
ფოტო: მაუწყებელი
ფოტო: მაუწყებელი
როგორც შუქრუთის მკვიდრი გიორგი ნეფარიძე ამბობს, გუშინ, ღამით,
პროტესტის რამდენიმე მონაწილეს სამედიცინო დახმარების გამოძახებაც
დასჭირდა.
"კარვების გაშლის კი არა, თბილი ტანსაცმლის და პლედების შემოტანის
უფლებაც არ მოგვცეს, ღამით, როდესაც აცივდა. ღია ცის ქვეშ ვართ
დაბანაკებულები და აქ მანამ ვიქნებით, სანამ ეს პრობლემა არ
გადაიჭრება და ამ პროცესებში არ ჩაერთვება ცენტრალური ხელისუფლება. თუ
ამ ყველაფერს არ შეისმენენ, ჩვენ ვიქნებით ის ადამიანები, რომლებიც
შევეწირებით ჩვენი ოჯახების და ჩვენი წინაპრების საფლავების დაცვას.
იმედია, მერე მაინც გამოფხიზლდებიან და დაინტერესდებიან, რეალურად, რა
საფრთხის და საშიშროების წინაშე ვდგავართ ჭიათურაში მცხოვრები
ადამიანები",- ამბობს გიორგი ნეფარიძე.
შუქრუთში მცხოვრები 40-მდე ოჯახი თბილისში აქციის გასამართად, გუშინ,
11 სექტემბერს, ჩავიდა. ნაწილი კი ჭიათურაში, კოროხნალის მაღაროსთან
გაშლილ კარავში აგრძელებს პროტესტს.
მიუხედავად ამისა, გაფიცულების მდგომარეობა, მედიასაშუალებების გარდა,
ამ დრომდე არავის მოუკითხავს, არც ადგილობრივი და ცენტრალური
ხელისუფლებიდან, არც გუბერნიის ადმინისტრაციიდან და არც სახალხო
დამცველის აპარატიდან. მათ შორის არც რუსულ კანონზე ხელმომწერ,
საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის მაჟორიტარ დეპუტატ პაატა
კვიჟინაძეს.
მოსახლეობა ამბობს, რომ "ჯორჯიან მანგანეზის” მიერ ჩატარებული
სამუშაოების შედეგად დაინგრა მათი სახლები, დაზიანდა ნიადაგი, ეზოები
და ნაკვეთები. სოფელი, ფაქტობრივად, საცხოვრებლად გაუსაძლისი გახდა.
ამიტომ, მოითხოვენ ,,ჯორჯიან მანგანეზისგან” ზიანის ადეკვატურ
ანაზღაურებას, ამ პროცესებში კი ცენტრალური ხელისუფლების
ჩართვას.
"ჯორჯიან მანგანეზში" კი ამბობენ, რომ ადამიანებს, რომელიც კომპანიას
მოთხოვნებს უყენებენ, კომპენსაცია უკვე აღებული აქვს და თანხები კერძო
საკუთრების ინდივიდუალური შეფასების მიხედვით, სხვადასხვა წლებში
ეტაპობრივად გაიცა. ამასთან, კომპანია, ნაცვლად პრობლემების
მოგვარებისა, სოფელ შუქრუთში მცხოვრებ იმ ადამიანებს
უჩივის, რომლებსაც კომპანიის საქმიანობის შედეგად
საცხოვრებელი სახლები ენგრევათ.
სოფელ შუქრუთის მცხოვრებლები, კომპენსაციის მიღების მოთხოვნით,
ქუჩაში, 3 წლის წინაც
გამოვიდნენ. მაშინ მათ პროტესტის უკიდურეს ფორმას
მიმართეს და პირიც ამოიკერეს.
მოსახლეობასა და კომპანია „ჯორჯიან მანგანეზს“ შორის შეთანხმება 220
დღიანი პროტესტის შემდეგ
შედგა.
"ჯორჯიან მანგანეზმა" 2021 წლის 16 მაისს განაცხადა, რომ საინჟინრო
კვლევების საფუძველზე, სოფელში, 36 ოჯახი ჯამში 2 300 000 ლარის
კომპენსაციას მიიღებდა.
შპს "ჯორჯიან მანგანეზი" ჭიათურა-საჩხერის მუნიციპალიტეტში მანგანუმის
მადნის სამთო მოპოვების ლიცენზიის მესაკუთრეა. ის მოპოვებით
საქმიანობას ჭიათურის მთლიან ტერიტორიაზე (16 430 ჰექტარზე)
ახდენს.
მასალის გამოყენების პირობები