ახალი ამბები
მრავალთვიანი პროტესტის შემდეგ, სახალხო დამცველი შუქრუთის მოსახლეობას შეხვდა
FaceBook
სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისში, პარლამენტის შენობის წინ შეკრებილ შუქრუთის მაცხოვრებლებს თითქმის 7-თვიანი პროტესტის შემდეგ შეხვდა.
როგორც იოსელიანმა აღნიშნა, აპარატი აქციის მონაწილეთაგან შესაბამისი დოკუმენტაციის შემოტანისთანავე დაიწყებს მათ მიმართ უფლებადარღვევის შემთხვევების, მათ შორის, სავარაუდო უკანონო გათავისუფლებისა თუ შეკრების თავისუფლების შეზღუდვის ფაქტების შესწავლას. 

მისივე თქმით, ომბუდსმენის აპარატში პროტესტის გაჟღერების დღიდან ადევნებს თვალს მოვლენებს, ასევე, აპარატის წარმომადგენლებს რამდენჯერმე ჰქონდათ კომუნიკაცია ადვოკატთან და აქციის მონაწილეებსაც შეხვდნენ როგორც შუქრუთში, ასევე თბილისში.

"მაღალი საჯარო ინტერესის და საზოგადოების ინფორმირების მიზნით, სახალხო დამცველის აპარატმა ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით 3 ძირითადი მიმართულება გამოკვეთა: 1. შეკრების მონაწილეებისათვის კარვის გაშლის უფლება, 2. მაცხოვრებელთათვის ფულადი კომპენსაციის გაცემის საკითხი, 3. თანასწორობის და სამართლიანი სასამართლოს უფლებების შესაძლო დარღვევა.

შეკრების მონაწილეებისათვის კარვის გაშლის უფლებასთან დაკავშირებით სახალხო დამცველს წლების განმავლობაში არაერთი საჯარო განცხადება აქვს გაკეთებული. ასევე, განცხადებით გამოეხმაურა იგი პარლამენტის შენობის წინ სოფელ შუქრუთის მაცხოვრებელთა შეკრებას, სადაც ხაზგასმით აღნიშნა, რომ დროებითი კონსტრუქციების განთავსება შეკრების თავისუფლებით არის დაცული და ამ უფლების ჩამორთმევა გაუმართლებელია იმ შემთხვევაში, თუ კარვის განთავსების შედეგად, ადგილი არ აქვს შენობის შესასვლელის ბლოკირებას ან სატრანსპორტო მოძრაობის შეფერხებას. თავის განცხადებაში სახალხო დამცველმა კიდევ ერთხელ მოუწოდა სამართალდამცავებს - არ მოხდეს მონაწილეთა შეკრების უფლების შეზღუდვა.

რაც შეეხება ფულადი კომპენსაციის საკითხს, სახალხო დამცველს არ გააჩნია უფლებამოსილება შეისწავლოს და შეაფასოს ფიზიკურ პირებსა და კერძო კომპანიას შორის დადებული შეთანხმება კომპანიის საქმიანობით გამოწვეული ზიანის, მისი მასშტაბის, კომპენსაციების ოდენობის ან გაცემის წესთან დაკავშირებით. აღნიშნული საკითხი სცდება სახალხო დამცველისათვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებს და სახალხო დამცველი მოკლებულია სამართლებრივი რეაგირების მოხდენის შესაძლებლობას. ეს საკითხი სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებმა, პროტესტის დაწყებისთანავე განუმარტეს აქციაში მონაწილე შუქრუთელებს.

მესამე საკითხი, რომლის შესწავლისა და რეაგირების საშუალებაც სახალხო დამცველს აქვს, ეხება თანასწორობის და სამართლიანი სასამართლოს უფლებების შესაძლო დარღვევას. აქციაში მონაწილე სოფელ შუქრუთის მაცხოვრებლებთან შეხვედრაზე სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ თუ ისინი მიიჩნევენ რომ (გარდა ფულადი კომპენსაციის საკითხებისა) მათ მიმართ ადგილი აქვს პროცესუალურ დარღვევებს სისხლის სამართლის საქმის გამოძიების პროცესში, ან კომპანიის მხრიდან იკვეთება შესაძლო დისკრიმინაცია - აუცილებლად მომართონ სახალხო დამცველის აპარატს, რაც აპარატს შესაძლებლობას მისცემს დაიწყოს საქმისწარმოება და შეისწავლოს შესაძლო უფლებადარღვევის საკითხები. 24 სექტემბრის მდგომარეობით ასეთი მომართვა აპარატში არ ფიქსირდება",- აღნიშნულია აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ამავე განცხადებაში ნათქვამია, რომ გარდა ზემოაღნიშნულისა, სახალხო დამცველი დამატებით შეისწავლის სოფელ შუქრუთში გარემოს დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებს და შესწავლის შედეგებს საპარლამენტო ანგარიშში ასახავს. 

შუქრუთელები უკვე 190 დღეზე მეტია უწყვეტი პროტესტის რეჟიმში იმყოფებიან და კომპანია “ჯორჯიან მანგანეზისგან” მათთვის მიყენებული ზიანის სამართლიან ანაზღაურებას ითხოვენ. უკვე 25 დღეა რამდენიმე ადამიანი შიმშილობს, ხოლო 5 მათგანს პირი აქვს ამოკერილი. ისინი პროცესებში ცენტრალური ხელისუფლების ჩართვას ითხოვენ, მთავრობის მეთაური ირაკლი კობახიძე კი ამბობს, რომ მოლაპარაკებების წარმოება კომპანის საქმეა. 

შუქრუთელების მდგომარეობა, მედიასაშუალებების გარდა, ამ დრომდე არავის მოუკითხავს, არც ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლებიდან, არც გუბერნიის ადმინისტრაციიდან. მათ შორის არც რუსულ კანონზე ხელმომწერ, საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის მაჟორიტარ დეპუტატ პაატა კვიჟინაძეს.

სოფელ შუქრუთის მცხოვრებლები, კომპენსაციის მიღების მოთხოვნით, ქუჩაში, 3 წლის წინაც გამოვიდნენ. მაშინ მათ პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართეს და პირიც ამოიკერეს.

მოსახლეობასა და კომპანია „ჯორჯიან მანგანეზს“ შორის შეთანხმება 220 დღიანი პროტესტის შემდეგ შედგა.

"ჯორჯიან მანგანეზმა" 2021 წლის 16 მაისს განაცხადა, რომ საინჟინრო კვლევების საფუძველზე, სოფელში, 36 ოჯახი ჯამში 2 300 000 ლარის კომპენსაციას მიიღებდა.

შპს "ჯორჯიან მანგანეზი" ჭიათურა-საჩხერის მუნიციპალიტეტში მანგანუმის მადნის სამთო მოპოვების ლიცენზიის მესაკუთრეა. ის მოპოვებით საქმიანობას ჭიათურის მთლიან ტერიტორიაზე (16 430 ჰექტარზე) ახდენს.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი
გაუარესდება.
14:59 / 23.11.2024
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი გაუარესდება.
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო,
ავიარეისები გაუქმდა.
14:26 / 23.11.2024
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო, ავიარეისები გაუქმდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.