მშრომელები შენობასთან 28 მარტს შეიკრიბებიან და მინისტრს მოუწოდებენ,
ჭიათურის კრიზისთან დაკავშირებით, მის უწყებაში შექმნილ ჯგუფში
პროტესტის წარმომადგენლებიც ჩართოს. მაღაროელები, ჯანდაცვის
სამინისტროს სოციალური პარტნიორობის სამმხრივ კომისიაში
პროფკავშირების მონაწილეობას
აპროტესტებენ და მოითხოვენ მუშათა გაერთიანების
თავმჯდომარემ ირაკლი პეტრიაშვილმა მოლაპარაკებები დატოვოს.
"როგორც მაქვს ინფორმაცია, ჯერ
ჯგუფი არ შექმნილა. ერთი შეხვედრა გაიმართა მხოლოდ. ჯგუფში არის
ჯანდაცვის სამინისტრო, დამსაქმებელთა გაერთიანება და მუშათა კლასი,
რომელსაც თითქოს წარმოადგენს პეტრიაშვილის პროფკავშირი და რომელსაც
ვუცხადებთ სრულ უნდობლობას. ჩვენი თხოვნაა, რომ მესამე მხარედ არ
დაფიქსირდეს პეტრიაშვილი. მესამე მხარე უნდა ვიყოთ ჩვენ, რომ ჩვენი
სიტყვა და გასაჭირი ვთქვათ სამინისტროს დონეზე. ეს იქნება ჩვენი
მოთხოვნა ჯანდაცვის სამინისტროსთან", - განაცხადა პროტესტის
საინიციატივო ჯგუფის წევრმა ტარიელ მიქაცაძემ.
მისი თქმით, ამის შემდეგ პროტესტი
ისევ ჭიათურაში გადაინაცვლებს, რადგან "ჯორჯიან მანგანეზი" კვლავ
ცდილობს ქალაქიდან მანგანუმის გატანას, რასაც ხელი უნდა
შეუშალონ.
მაღაროელებმა, 29 მარტს უკვე დააანონსეს მასშტაბური აქცია
ჭიათურაში.
მაღაროელებს, ვიდრე ჯანდაცვის
სამინისტროსთან შეიკრიბებიან, ჭიათურაში შექმნილ მძიმე
სოციალურ-ეკონომიკურ კრიზისზე სასაუბროდ დრო დღეს, 22:00 საათზე,
საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში დაეთმობათ.
"იქნება პირდაპირი ეთერი, მაგრამ არ
ვიცით ვინ დაგვხვდება. დიალოგის რეჟიმს გაურბის სამივე მხარე:
მთავრობა, კომპანია და პროფკავშირები", - განაცხადა ტარიელ
მიქაცაძემ.
მასალის გამოყენების პირობები