ახალი ამბები
ჭიათურის კრიზისი
FaceBook
ჭიათურაში პროტესტმა ისევ იფეთქა. დაუსრულებელმა ფინანსურმა და შრომის პირობებთან დაკავშირებულმა პრობლემებმა, მაღაროელები კვლავ ქუჩაში გამოიყვანა.

4 მარტს ქალაქის ცენტრში მასშტაბური აქციაა დაგეგმილი. მანამდე, 28 თებერვალს, 1 და 2 მარტს მაღაროს ქალაქში გამაფრთხილებელი აქციები გაიმართა. შეკრებაზე იმაზე მეტი ადამიანი მივიდა, ვიდრე მშრომელებს წარმოედგინათ. ეს, ალბათ არც ჭიათურის ტერიტორიაზე მადნის ექსკლუზიურ მომპოვებელს "ჯორჯიან მანგანეზს" ეგონა. კომპანიამ, რომელიც საკუთარ თანამშრომლებს არ ელაპარაკება, აქციის მიმდინარეობის დროს, მაღაროელებს ტექსტური შეტყობინებები დაუგზავნა, სადაც ხელფასის დაგვიანების გამო ბოდიშს იხდიდა. ბოდიშის წერილმა მაღაროელები სახლებში ვერ დააბრუნა და მომდევნო დღეებში, აქციაზე კიდევ უფრო მეტი ადამიანი მივიდა. ქალაქის მხარდაჭერამ მაღაროში დასაქმებულებს ბრძოლის მოტივაცია მისცა. პროტესტის ორგანიზატორები ახლა 4 მარტის აქციისთვის ემზადებიან, სადაც მთავარ მოთხოვნებს გააჟღერებენ.

მაღაროს ქალაქში კრიზისის მორიგი  ეტაპი ოთხი თვის წინ დაიწყო, როცა "ჯორჯიან მანგანეზმა" მადნის მომპოვებელ საწარმოებში მუშაობა შეაჩერა. კომპანიამ გამოაცხადა, რომ ფინანსური პრობლემები ჰქონდა, თანამშრომლები სახლებში გაუშვა და ხელფასის 60%-ის შენარჩუნებას დაჰპირდა. გასული სამი თვის განმავლობაში, მაღაროელებს ანაზღაურება დროულად არც ერთხელ არ მიუღიათ, თებერვლის ხელფასს კი ამ დრომდე უშედეგოდ ელოდებიან. ოთხი თვე ის ვადა იყო, რის შემდეგაც მაღაროებში საწარმოო პროცესი უნდა აღდგენილიყო, თუმცა, კომპანია ისევ ფინანსურ კრიზისზე საუბრობს და მუშაობის განახლებას არ აპირებს.

მაღაროელები ამბობენ, რომ სინამდვილეში, "ჯორჯიან მანგანეზს" მადნის მოპოვება არც ერთი დღით არ შეუწყვეტია. პროცესი შეჩერებულია მხოლოდ მაღაროებში, კომპანია კი მანგანუმს ღია კარიერული წესით უწყვეტად იღებს და ქალაქიდან გააქვს. მაღაროელების თქმით, ამ ოთხი თვის განმავლობაში, როცა მაღაროები დაკეტილია, "ჯორჯიან მანგანეზს" ზედაპირული მოპოვების გზით, რომლის მასშტაბებიც საწარმოებში მოპოვებას ბევრად აჭარბებს, მადნის მარაგები შევსებული აქვს. შესაბამისად, მას კიდევ დიდხანს შეუძლია ისე გააგრძელოს საქმიანობა, რომ მაღაროები არ აამუშაოს. გარდა ამისა, კომპანია ღია წესით მადნის მოპოვებას კერძო კოოპერატივების საშუალებით ახდენს, რაც მას თანამშრომლების დაქირავებას და მათზე პასუხისმგებლობის აღებას არ ავალდებულებს. ახლა, უმუშევრად დარჩენილი მაღაროელებისთვის მთავარი ამოცანა მადნის ჭიათურიდან გატანის დაბლოკვაა. სხვაგვარად, მათ "ჯორჯიან მანგანეზისთვის" დისკომფორტის შექმნა არ შეუძლიათ. მაღაროელებმა ქალაქის გასასვლელში უკვე დააწესეს მორიგეობა. მშრომელებმა ასევე დააანონსეს დამოუკიდებელი პროფკავშირების შექმნა და მოითხოვეს "ქართული ოცნების" მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრა.

ვიდრე მაღაროელები 4 მარტის აქციაზე შეჯერებულ მოთხოვნებს წამოაყენებენ, ცნობილია ორი მთავარი საკითხი, რომლებზეც პასუხი "ჯორჯიან მანგანეზმა" უნდა გასცეს. კომპანიამ უნდა აცნობოს უმუშევრად დარჩენილ თანამშრომლებს ხელფასის დარიცხვისა და მაღაროებში საწარმოო პროცესის აღდგენის თარიღი.

მაღაროს ქალაქში საპროტესტო აქცია სამშაბათს, პირველი საათიდან დაიწყება.

რა ელის ჭიათურას? ვრცელი მასალა ნახეთ აქ.









Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
საქსტატის ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით,
2024 წელს, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური
ინვესტიციების მოცულობამ 1 333.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2023
წლის დაზუსტებულ მაჩვენებელზე 29.9%-ით ნაკლებია.
13:01 / 11.03.2025
საქსტატის ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, 2024 წელს, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 1 333.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2023 წლის დაზუსტებულ მაჩვენებელზე 29.9%-ით ნაკლებია.
შემოსავლის გარეშე დარჩენილი
ჭიათურელი მაღაროელები, 15 მარტს, კომპანია
12:51 / 11.03.2025
შემოსავლის გარეშე დარჩენილი ჭიათურელი მაღაროელები, 15 მარტს, კომპანია "ჯორჯიან მანაგანეზის" წინააღმდეგ საპროტესტო აქციას გამართავენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.