"ქართული ოცნების"
პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჭიათურაში მიმდინარე აქციებზე
საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ისაუბრა.
ეს იყო "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირველი პასუხი მაღაროელების
სამკვირიან პროტესტზე. ირაკლი კობახიძემ, რომელმაც პირდაპირ ეთერში
სხვა საკითხებზეც ისაუბრა, ჟურნალისტის შეკითხვაზე, რომელიც ეხებოდა
ჭიათურის მაღაროების სახელმწიფოს მართვაში გადასვლის მოთხოვნას, თქვა,
რომ სახელმწიფოს მიერ კერძო კომპანიის გადაბარება პრინციპულად
არასწორია.
"გაკოტრებაზე აქვს კომპანიას
შეტანილი სასამართლოში. გაკოტრება ნიშნავს, რომ 3000-ზე მეტი ადამიანი
რჩება სამსახურის გარეშე. რა თქმა უნდა ეს არის ყველაზე უარყოფითი
განვითარება მოვლენების, რაც შეიძლება წარმოვიდგინოთ. ზოგადად,
სახელმწიფომ რომ წამოიღოს კერძო საწარმო, ეს პრინციპულად არასწორია,
იმედია გამოსავალი გამოიძებნება. ჩვენ ვართ მაქსიმალურად
დაინტერესებული, რომ ვინც შრომობდა ამ მაღაროში, ყველას ჰქონდეს
ღირსეული ანაზღაურება. რთული საკითხია, არის გლობალური პრობლემა.
პროდუქციაზე არის სერიოზულად ფასები დაცემული, რის გამოც რენტაბელობა
დაკარგა საწარმომ და ამ ფონზე, რამდენიმე თვის განმავლობაში გასცემენ
60%-იან ხელფასებს, ისე, რომ მაღაროები აღარ მუშაობს. რთული
ვითარებაა. რთულია კერძო ბიზნესს მოსთხოვო საწარმოს მუშაობის გარეშე
ხელფასების გადახდა, ამას აკეთებდნენ სოციალური პასუხისმგებლობიდან
გამომდინარე, თუმცა, ამას მუდმივად ვერ გააგრძელებ", - თქვა
კობახიძემ.
მან ასევე ისაუბრა ე.წ. სამმხრივი
ფორმატის შეხვედრებზე, რომელშიც მაღაროელები არ
მონაწილეობენ.
"დღესაც გაიმართა შეკრება, ე.წ.
სამმხრივი ფორმატი, სადაც განხილული იქნა ეს საკითხი. დღეს მექნება
ალბათ კომუნიკაცია, დავინტერესდები რაზე იყო მსჯელობა. [...] ჩვენი
პასუხისმგებლობა უნდა გამოვავლინოთ, დანარჩენი დეტალებზეა
დამოკიდებული", - განაცხადა კობახიძემ.
ჭიათურაში სამი კვირაა საპროტესტო
აქციები იმართება. მაღაროელები, ადგილობრივებთან ერთად, მადნის
მომპოვებელი კომპანიის "ჯორჯიან მანგანეზისთვის" ლიცენზიის
ჩამორთმევას და საწარმოების სახელმწიფოს მართვაში გადაცემას ითხოვენ.
მშრომელები ხუთი თვეა უმუშევრები არიან, ბოლო ორი თვე კი ხელფასიც არ
აუღიათ. "ჯორჯიან მანგანეზის" მიერ საწარმოების დახურვის შემდეგ,
3500-ზე მეტი მაღაროელი და მათი ოჯახები შემოსავლის გარეშე დარჩნენ.
ჭიათურელებს აღარ აქვთ საკვების ფული, ვერ იხდიან კომუნალურ
გადასახადებს და ბანკის ვალებს. ქალაქი, რომლის მოსახლეობის
უმრავლესობა მაღაროშია დასაქმებული, სოციალურ-ეკონომიკური კრიზისის
წინაშეა.
მაღაროელები პროცესში "ქართული
ოცნების" ხელისუფლების ჩართვას ითხოვენ, თუმცა,
უშედეგოდ.
მასალის გამოყენების პირობები