საქართველოს პროკურატურამ სოფელ შუქრუთში პროტესტის მონაწილე სამ
ადგილობრივს ბრალი წაუყენა.
ამის შესახებ განცხადებას პროკურატურა ავრცელებს.
უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ 2024
წლის მარტიდან ბრალდებულებმა, სხვა პირებთან ერთად, ორგანიზებულად
მოახდინეს შპს „მაღაროელის“ კუთვნილი კუკოროხნალისა და შუქრუთის
მიწისქვეშა მაღაროების პიკეტირება.
"ისინი მაღაროების შესასვლელების წინ იმყოფებიან და
მუშა-მოსამსახურეებს მაღაროებში შესვლის და მუშაობის საშუალებას არ
აძლევენ.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულებმა 2024 წლის 21 ივლისს
07:25 საათიდან 08:00 საათამდე პერიოდში, შპს ,,მაღაროელი’’-ს
კუთვნილი მაღაროების სავენტილაციო შენობის ეზოდან სავენტილაციო
სისტემის მართვის მემანქანის გამოსვლის შემდეგ, ჯაჭვით, მავთულებით და
ბოქლომით ტერიტორიაზე შესასვლელი ლითონის კარი ჩაკეტეს, რითაც ახალ
ცვლაში მომუშავე მორიგე-მემანქანეს არ მისცეს შენობაში შესვლის
საშუალება, რაც დღემდე გრძელდება.
აღნიშნული ქმედებით, ბრალდებულებმა განზრახ შეაფერხეს მიწისქვეშა
მაღაროების ფუნქციონირებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი
სავენტილაციო სისტემის მუშაობა, რამაც შედეგად შესაძლოა გამოიწვიოს
მაღაროებში სამაგრი მასალის ლპობა, ელექტრო დანადგარების დაზიანება,
სამთო მასების ჩამოქცევა და მთლიანი მიწისქვეშა მაღაროების
პარალიზება.
სამივე პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე
მუხლით (ჯგუფური მოქმედების ორგანიზება და მასში აქტიური მონაწილეობა,
რამაც საწარმოს მუშაობის შეფერხება გამოიწვია) წარუდგინა, რაც
სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს
გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში
მიმართავს", -
წერია განცხდებაში.
4 თვეზე მეტია, კოროხნალის მაღაროსთან კარავია გაშლილი და
ადგილობრივები ღამეებს ათევენ. მოსახლეობა ამბობს, რომ წლების
მანძილზე, მადნის ღია კარიერული წესით მოპოვების შედეგად, დაუზიანდათ
საცხოვრებელი სახლები, ეზოები, სახნავ-სათესი მიწები, ეკლესია და
სასაფლაოები. ამიტომ, ისინი კომპანიას მიყენებული ზარალის პროპორციულ
კომპენსაციას სთხოვენ.
"ჯორჯიან მანგანეზში" კი განმარატვენ, რომ ადამიანები, რომელიც
კომპანიას მოთხოვნებს უყენებენ, კომპენსაცია უკვე აღებული აქვს და
თანხები კერძო საკუთრების ინდივიდუალური შეფასების მიხედვით,
სხვადასხვა წლებში ეტაპობრივად გაიცა. კომპანიამ პრობლემის
მოგვარების ნაცვლად, ადგილობრივებს ერთი თვის წინ სასამართლოში
უჩივლა. მოსარჩელე შპს „მაღაროელი“ (კომპანიის ქვეკონტრაქტორი)
ითხოვს, რომ შუქრუთელებს აეკრძალოთ მაღაროს მუშაობის ხელის შემშლელი
ქმედებების განხორციელება (ფაქრობრივად პროტესტის უფლება) და ამასთან,
ოთხი წლით ჩამოერთვათ კერძო საკუთრებაში არსებული სახლები და მიწის
ნაკვეთები. ადგილობრივების ინტერესებს „სამოქალაქო აქტივობების
ცენტრის“ ადვოკატი იცავს.
ჭიათურის სოფელ შუქრუთში გაფიცეული მაღაროელების ბედით ამ
დრომდე არც ერთი სამთავრობო უწყება არ დაინტერესებულა.
სოფელ შუქრუთის მცხოვრებლები, კომპენსაციის მიღების მოთხოვნით,
ქუჩაში, 3 წლის წინაც გამოვიდნენ. მაშინ მათ პროტესტის უკიდურეს
ფორმას მიმართეს და პირიც ამოიკერეს.
მოსახლეობასა და კომპანია „ჯორჯიან მანგანეზს“ შორის შეთანხმება 220
დღიანი პროტესტის შემდეგ შედგა.
"ჯორჯიან მანგანეზმა" 2021 წლის 16 მაისს განაცხადა, რომ საინჟინრო
კვლევების საფუძველზე, სოფელში, 36 ოჯახი ჯამში 2 300 000 ლარის
კომპენსაციას მიიღებდა.
შპს "ჯორჯიან მანგანეზი" ჭიათურა-საჩხერის მუნიციპალიტეტში მანგანუმის
მადნის სამთო მოპოვების ლიცენზიის მესაკუთრეა. ის მოპოვებით
საქმიანობას ჭიათურის მთლიან ტერიტორიაზე (16 430 ჰექტარზე)
ახდენს.
ამავე თემაზე:
100-დღიანი პროტესტი შუქრუთში და "გაჩუმებული"
ყველა უწყება
სად არის მაჟორიტარი, როცა შუქრუთელებს 86
დღე უწყვეტი პროტესტი აქვთ
80 დღე კარავში - შუქრუთელების
"შეუმჩნეველი" პროტესტი
შუქრუთში მცხოვრებლებს, რომლებიც 71-ე
დღეა ღამეს კარვებში ათევენ, "ჯორჯიან მანგანეზი" უჩივის
"2027 წლამდეც რომ დაგვჭირდეს აქ დგომა,
ვიდგებით, არ დავიღლებით"- პროტესტის 58-ე დღე შუქრუთში
"მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დაინტერესდეს შუქრუთში
მიმდინარე პროტესტით"- საიას განცხადება
ერთთვიანი პროტესტი შუქრუთში და არანაირი
გამოხმაურება ხელისუფლებიდან
პროტესტის 27-ე დღე შუქრუთი - სოლიდარობის ნიშნად ყველა
მაღარო გაჩერებულია
23-ე დღეა შუქრუთში მოსახლეობა ღამეს კარავში ათევს,
ხელისუფლება მათ უყურადღებოდ ტოვებს
სოფელ შუქრუთში მოსახლეობის პროტესტი მე-11 დღეა
გრძელდება
"არ გვინდა, სოფელი დაგვენგრეს და
ჩავარდეს მიწაში"- პროტესტის მე-7 დღე ჭიათურაში
პროტესტის მეორე დღე - რა ხდება სოფელ შუქრუთში
"იძულებული გაგვხადა „ჯორჯიან მანგანეზმა“ გამოვსულიყავით გარეთ"-
პროტესტი სოფელ შუქრუთში
მასალის გამოყენების პირობები