ახალი ამბები
„მოვითხოვთ, საკრებულოს წარმოუდგინონ ბულვარის პროექტი და ყველანი ჩავერთოთ მის მონიტორინგში“
FaceBook
ქუთაისში, ცენტრალური ბულვარის პროექტის გასაჯაროვებასა და სარეაბილიტაციო სამუშაობის მონიტორიგს ითხოვენ. 

აღნიშნული მოთხოვნის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე "ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის საკრებულოს წევრმა გიგა შუშანიამ ისაუბრა. 

მისი თქმით, შპს "დაგს", რომელიც ბულვარის სარეაბილიტაციო სამუშაოებს რამდენიმე თვეა ახორციელებს, მუნიციპალური განვითარების ფონდმა 8 მილიონი ლარი უკვე გადაუხადა, ამ ხნის მანძილზე კი კომპანიამ არაფერი გააკეთა, გარდა იმისა, რომ 25 ასწლოვანი ხე მოჭრა. 

"ამასთან, შეუძლებელია ამ კომპანიამ წლის ბოლომდე დაამთავროს ეს სამუშაოები, მით უფრო, რომ ხელშეკრულების ვადა გაგრძელებულია 2027 წლის 30 მარტამდე, რაც გვაფიქრებინებს იმას, რომ სწორედ ამ დრომდე გაიწელება, სავარაუდოდ, ბულვარის მშენებლობა.

ქუთაისის მერი კაბინეტის ფანჯრებიდან პირდაპირ უყურებს ბულვარს და ერთხელ არ გადმოსულა, არ დაინტერესებულა რა ხდება ქუთაისის ამ ისტორიულ ნაწილში. ამიტომ, ჩვენ მზად ვართ, საკრებულოს „ენმ"-ის წევრები, 24-საათიან რეჟიმში ჩავატაროთ მონიტორინგი, თუ გახდება საჯარო გეგმა-გრაფიკი, რა სამუშაოები უნდა ჩატარდეს ამ ბულვარში და საკრებულოსათვის წარმოდგენილ იქნას პროექტი, იმიტომ რომ შემდგომ თავში ხელების შემორტყმა და წუწუნი იქნება გვიან, რადგან ნადგურდება ჩვენ თვალწინ ისტორიული ცენტრი“,- განმარტა გიგა შუშანიამ.

ქუთაისის ბულვარში რომ 25 ძირი ხე მოიჭრა, ამაზე "ქუთაისიპოსტი" რამდენიმე დღის წინ წერდა. როგორც მგფ-იდან ჩვენთვის გამოგზავნილ საჯარო ინფორმაციაში იყო აღნიშნული, ქალაქის ცენტრალურ პარკში გამხმარი და ზეხმელი ხეები საექსპერტო დასკვნის საფუძველზე მოიჭრა, მანამდე კი მწვანე ნარგავების ხარისხობრივი შეფასება/ აღწერა (სატყეო ტაქსაცია) განხორციელდა. მათივე ინფორმაციით, ობიექტის რეაბილიტაციის შემდგომ ეტაპზე, ტერიტორია ახალი ჯანსაღი ნარგავებით შეივსება.

ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში სარეაბილიტაციო სამუშაობი მიმდინარე წლის მარტში დაიწყო. ამ დროისთვის პარკში მიწისქვეშა კომუნიკაციების გამოცვლა მიმდინარეობს.

პროექტს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს, სამუშაოებს კი - შპს "დაგი".

მგფ-ს აღმასრულებელი დირექტორის დავით ტაბიძის განარტებით, ბულვარის გეგმარება უცვლელი დარჩება და მასში მხოლოდ არსებული ინფრასტრუქტურა განახლდება, სადაც მიმდებარე ტერიტორიისთვის დამახასიათებელ არქიტექტურულ ელემენტებს გამოიყენებენ.

მისივე თქმით, პარკის ცენტრალურ ნაწილში დაგეგმილია „გვირილობის მოედნის“, პარკის ქვედა ნაწილში კი ახალი რეკრეაციული სივრცის ,,ვარდების ხეივნის“ მოწყობაც.

ამასთან, პროექტის ფარგლებში, მოეწყობა სარწყავი და სადრენაჟე სისტემები და დენდროლოგიური პროექტის შესაბამისად, ტერიტორიას დაემატება ახალი ხე-მცენარეები. დამონტაჟდება ენერგოეფექტური განათების ბოძები, განახლდება არსებული შადრევნები, მოპირკეთდება სფეხმავლო ბილიკები. ასევე, დაგეგმილია არსებული საზოგადობრივი საპირფარეშოს რეაბილიტაცია და მედიათეკის განთავსება, რომელიც მოაზრებული იქნება ერთიან საპროექტო კონტექსტში, ერთმანეთისგან დამოუკიდებელი შესასვლელებით.

მგფ-ს წარმომადგენელი ქუთაისში მას შემდეგ ჩამოვიდა, რაც ბულვარის რეაბილიტაციის პროექტის არსებობასთან დაკავშირებით საზოგადოებაში კითხვები გაჩნდა. აღნიშნული კითხვები კი მას შემდეგ გაჩნდა, რაც ბულვარში განთავსებული კაფე-ბარი "სავანე" სასწრაფოდ დაანგრიეს, სამუშაოების დაწყების განცდის შესაქმნელად კი ტერიტორია მალევე შემოღებეს.

უნდა აღნიშნოს, რომ მუნიციპალური განვითარების ფონდმა ფოტოები, თუ როგორი უნდა იყოს რეაბილიტირებული ბულვარი, სწორედ ამ პროცესების შემდეგ გაასაჯაროვა.

ცენტრალური პარკის რეაბილიტაციას საქართველოს მთავრობა 14.9 მილიონი ლარით აფინანსებს.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, სამუშაოები გასულ წელს უნდა დაწყებულიყო, თუმცა როგორც მგფ-ში განმარტავდნენ, ბაღში განთავსებული ნაგებობის, (კაფე-ბარ ,,სავანეს’’) გამო ვერ ხერხდებოდა, რის შედეგადაც საქმეში მერიაში ჩაერია და საქალაქო სასამართლოში განხორციელებული დავების შედეგად, უკვე გასული წლის 27 დეკემბერს ,,სავანე’’ დაანგრია.

ქალაქის ცენტრალური ბულვარის რეკონსტრუქცია 2018 წელს, ქალაქის მაშინდელი მერის გიორგი ჭიღვარიას დაპირება იყო. დაპირებიდან ერთი წლის შემდეგ, მერიამ ბულვარის რენდერ ვერსია ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა, სადაც მოქალაქეებს მათ მიერ მოწონებული ესკიზისთვის ხმა უნდა მიეცათ, თუმცა პროექტის საბოლოო ვარიანტის შემუშავება არ მოხდა.

ქუთაისის ცენტრალური ბაღი 1821 წელს გაშენდა. ის გასული საუკუნის დასაწყისში არა მარტო სასეირნო, არამედ საზოგადო მოღვაწეების თავშეყრის ადგილიც იყო. ამასთან, აღსანიშნავია, რომ მუშტაიდის პარკის შემდეგ, სიძველით, მეორეა მთელს ამიერკავკასიაში.

ქუთაისის ბულვარში სარეკონსტრუქციო სამუშაოები ეტაპობრივად ხორციელდებოდა, თუმცა, მისი არსებობის განმავლობაში, სრული რეკონსტრუქცია არ მომხდარა.

როგორი უნდა იყოს ბულვარი რეაბილიტაციის შემდეგ, ნახეთ აქ.


ამავე თემაზე:

რატომ მოჭრეს ქუთაისის ბულვარში ხეები - რა წერია საექსპერტო დასკვნის დოკუმენტში

ქუთაისის ცენტრალური ბულვარის სარეკონსტრუქციო სამუშაოები დაიწყო

"გაიმართოს ბულვარის რეაბილიტაციის პროექტის საჯარო განხილვა" - ქუთაისში ხელმოწერები შეგროვდა

რა იცვლება ცენტრალურ ბულვარში - რა თქვა მგფ-ის ხელმძღვანელმა ქუთაისში

როგორი უნდა იყოს ქუთაისის ცენტრალური ბულვარი - მგფ-მ პროექტის ესკიზები გაასაჯაროვა

ცენტრალური ბულვარის სამუშაოების დასრულების ვადა ცნობილია, პროექტი კი ჯერ მზად არ არის

"ქუთაისის ცენტრალური ბაღის რეკონსტრუქცია იწყება და პროექტი ჯერ არ გასაჯაროვებულა’’

"სამუშაოების დასაწყებად დავალება არ გაცემულა" - ქუთაისის ბულვარის რეკონსტრუქციის თარიღი კვლავ უცნობია

რამდენიმეწლიანი დაპირების შემდეგ ქუთაისის ცენტრალური ბულვარის რეკონსტრუქცია იწყება
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი
გაუარესდება.
14:59 / 23.11.2024
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი გაუარესდება.
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო,
ავიარეისები გაუქმდა.
14:26 / 23.11.2024
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო, ავიარეისები გაუქმდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.