ახალი ამბები
რა მოიტყუა ქუთაისის მერიამ კაფე ''სავანესთან'' დაკავშირებით
FaceBook

ქუთაისის ცენტრალური ბულვარის რეკონსტრუქციის პროექტი ჯერ მზად არ არის, მაშინ როცა, ბულვარში მდებარე კაფის  "სავანეს’’ შენობა სასწრაფოდ  იმ მიზეზით დაანგრიეს, რომ ბულვარის კეთილმოწყობითი სამუშაოები უნდა დაწყებულიყო.


ქუთაისის მერიას და კაფის მეპატრონეებს შორის გამართულ ქუთაისის საქალაქო სასამართლო პროცესზე მერიის ინტერესების დამცველი იურისტები მუდმივად იმაზე მიუთითებდნენ, რომ "სავანის" საკითხი აფერხებდა ბულვარის  რეკონსტრუქციის დაწყებას.  

მერიამ კვების ობიექტი ისე დაანგრია, რომ მეორე  ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას არ დაელოდა, სადაც ''სავანეს'' მფლობელებს საქალაქო სასამართლოს მოსამართლის გადაწყვეტილება აქვთ გასაჩივრებული. შედეგად, ახლა სააპელაციო სასამართლო უკვე დანგრეული შენობის დემონტაჟზე მსჯელობს. საქმეზე მორიგი სასამართლო პროცესი 22 თებერვალსაა ჩანიშნული.

მშენებლობის დაწყების განცდის შესაქმენლად კი, სანაყინის დანგრევიდან  ბულვარი მალევე შემოსაზღვრეს. 



სინამდვილეში კი,  კაფის დანგრევიდან ერთი თვის შემდეგაც  არ არსებობს პროექტი, რომლის მიხედვით უნდა მოხდეს რეკონსტრუქცია.

შესაბამისად, უცნობია ნადვილად აშენდება თუ არა კაფის ადგილზე ფანჩატური, სადაც  კაფის მეპატრონეებს მერიაში კონკრეტულ ფართს სთავაზობდნენ.

ირკვევა, რომ  სინამდვილეში  ბულვარის ტერიტორიაზე მულტიფუნქციური ობიექტი უნდა  მოეწყოს, ოღონდ, კონკრეტულად სად,  ეს ჯერ არ იციან. 

„რაც შეეხება იმ საკითხს, პარკის თუ რომელ მონაკვეთში იქნება მულტიფუნქციური შეხვედრების ადგილი, გაცნობებთ, რომ, ამ დროისთვის, მიმდინარეობს საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება, შესაბამისად, აღნიშნული ჯერ განსაზღვრული არ არის“, - მოგვწერეს ჩვენს მიერ გაგზავნილი შეკითხვის საპასუხოდ მგფ-დან, თუ რა მონაკვეთზე უნდა მოეწყოს მულტიფუნქციური შეხვედრების ადგილი ბულვარში.

მერია რომ არარსებულ პროექტს კაფის დანგრევის არგუმენტად იყენებდა, ამაზე ეჭვი თავიდანვე ჰქონდათ ''სავანეს'' მფლობელებს. გიორგი ტურაბელიძე თვლის, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის მიზანი შენობის დანგრევა იყო, რომელიც ბაღის რეკონსტრუქციის პროექტით გაამართლეს.

''გავიდა ერთ თვეზე მეტი და შ.პ.ს. "დაგი"-მ რაიმე პროექტი დადო? გამოაკრეს პერიმეტრზე რას აკეთებენ? ხელშეკრულებით ერთ თვიანი ვადა ჰქონდათ ამისთვის,'' - ამბობს  გიორგი ტურაბელიძე.

ბულვარის რეკონსტრუქციის ვალდებულება შპს ''დაგი''-ის აქვს აღებული. სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, სამუშაოები გასულ წელს უნდა დაწყებულიყო, თუმცა როგორც მგფ-ში განმარტავდნენ, ბაღში განთავსებული ნაგებობის, (კაფე-ბარ ,,სავანეს’’) გამო ვერ ხერხდებოდა, რის შედეგადაც საქმეში მერიაში ჩაერია და საქალაქო სასამართლოში  "სავანეს’’ დანგრევის მოთხოვნით სარჩელი შეიტანა.

პირველი ინსტანციის სასამართლომ, რომლის პროცესებიც გასულ წელს გაიმართა, მერიის მოთხოვნა დააკმაყოფილა. მოსამართლე დარინა აბულაძემ დაუყოვნებლივი აღსრულების გადაწყვეტილება მიიღო, რომლის საფუძველზეც 27 დეკემბერს ,,სავანე’’ დაანგრიეს.

ქუთაისის მერიასა და ''სავანეს'' მფლობელებს შორის სასამართლო დავა ხუთი წლის წინაც მიმდინარეობდა. მაშინ დავის საგანი ის მიწა იყო, რომელზეც ''სავანე'' იყო აშენებული. კაფის მფლობელები ამბობდნენ, რომ შენობასთან ერთად მათ მიწაც იყიდეს და ის მათ ეკუთვნოდათ, მერიაში კი აცხადებდნენ, რომ ,,სავანე’’ კულტურული მემკვიდრეობის ტერიტორიაზე მდებარეობდა, ამიტომ კერძო საკუთრება ვერ იქნებოდა. სასამართლო დავების შედეგად, ორივე ინსტანციის სასამართლომ მიწის მესაკუთრედ მერია აღიარა.

ქალაქის ცენტრალურ ბაღში კაფე 23 წლის განმავლობაში მუშაობდა. კვების ობიექტს 2018 წლიდან აღარ უმუშავია. 90–იან წლებში ის ბამბუკის მსუბუქ კონსტრუქციას წარმოადგენდა, სადაც ღია სანაყინე ფუნქციონირებდა. ობიექტს თავდაპირველად ამხანაგობა „მაგნოლია“ ფლობდა. 1995 წელს კი ის შპს „ნიკოლომ“ 8 986 ამერიკულ დოლარად შეისყიდა.

მთავარი ფოტო - კაფის დანგრევის პროცესი

ამავე თემაზე:

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
25 ნოემბერს, როცა
17:21 / 22.11.2024
25 ნოემბერს, როცა "ქართული ოცნება" ახალი პარლამენტის ლეგიტიმაციის ცნობას გეგმავს, საპროტესტო აქცია გაიმართება საკანონმდებლო ორგანოს უკან.
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე
სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.
15:01 / 22.11.2024
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.