ცენტრალური ბულვარის რეაბილიტაციის პროექტის საჯარო განხილვის
მოთხოვნით, ქუთაისში ხელმოწერები შეგროვდა.
130-ზე მეტმა სხვადასხვა პროფესიის ადამიანმა მუნიციპალური
განვითარების ფონდს
წერილით მიმართა.
საინიციატივო ჯგუფების, “ქუთაისის ბულვარისა” და“ოქროს ჩარდახის”
წევრები მიიჩნევენ, რომ პარკის ისტორიული და საზოგადოებრივი
მნიშვნელობიდან გამომდინარე, მისი რეაბილიტაციის პროცესში მოქალაქეთა
ჩართულობა აუცილებელია, რადგან ეს უზროვნელყოფს არა მხოლოდ
დემოკრატიული მმართველობის პრინციპების დაცვას, არამედ ბულვარის ისეთი
სახით განახლებას, რომელიც ფართო საზოგადოებისთვის იქნება
მისაღები.
"რეაბილიტაციის საბოლოო პროექტის მომზადებამდე და მის შემდგომ
დამტკიცებამდე, მომზადდეს ბულვარის რეაბილიტაციის კონცეფცია; ჩატარდეს
საჯარო განხილვები საზოგადოების წარმომადგენლებთან და პროფესიულ
წრეებთან; მომზადდეს კომპეტენტური მულტიდისციპლინური კვლევა, სადაც
იქნება შესწავლილი ბულვარის ისტორიული განაშენიანება, სოციალური
ისტორია, დენდროლოგია, მოქალაქეების საჭიროებები. ვიმედოვნებთ, რომ
მგფ-ის, ადგილობრივი ხელისუფლების, საპროექტო გუნდისა და მოქალაქეთა
ჩართულობით, მომზადდება რეაბილიტაციის ისეთი პროექტი, სადაც
ჰარმონიულად იქნება შერწყმული ისტორიული ბაღის იერსახე, მოქალაქეების
საჭიროებები და საქალაქო ბაღის თანამედროვე დიზაინი“,- აღნიშნულია
მუნიციპალურ ფონდში გაგზავნილ წერილში.
უნდა ითქვას, რომ აღნიშნული მიმართვა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა
ქუთაისის მერიას, საკრებულოსა და გუბერნიასაც გაუგზავნეს.
მას შემდეგ, რაც ბულვარის რეაბილიტაციის პროექტის არსებობასთან
დაკავშირებით საზოგადოებაში
კითხვები გაჩნდა, მგფ-ის წარმომადგენელი ქუთაისში
ჩავიდა.
ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით ტაბიძემ განმარტა, რომ
ბულვარის გეგმარება უცვლელი დარჩება და მასში მხოლოდ არსებული
ინფრასტრუქტურა განახლდება, სადაც მიმდებარე ტერიტორიისთვის
დამახასიათებელ არქიტექტურულ ელემენტებს გამოიყენებენ, თუმცა, როდის
დაიწყება სარეაბილიტაციო სამუშაოები, ვერც ახლა დააკონკრეტა.
მისივე თქმით, პარკის ცენტრალურ ნაწილში დაგეგმილია „გვირილობის
მოედნის“, პარკის ქვედა ნაწილში კი ახალი რეკრეაციული სივრცის
,,ვარდების ხეივნის“ მოწყობა.
ამასთან, პროექტის ფარგლებში, მოეწყობა სარწყავი და სადრენაჟე
სისტემები და დენდროლოგიური პროექტის შესაბამისად, ტერიტორიას
დაემატება ახალი ხე-მცენარეები. დამონტაჟდება ენერგოეფექტური
განათების ბოძები, განახლდება არსებული შადრევნები, მოპირკეთდება
სფეხმავლო ბილიკები. ასევე, დაგეგმილია არსებული საზოგადობრივი
საპირფარეშოს რეაბილიტაცია და მედიათეკის განთავსება, რომელიც
მოაზრებული იქნება ერთიან საპროექტო კონტექსტში, ერთმანეთისგან
დამოუკიდებელი შესასვლელებით
პროექტის არსებობასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები მას შემდეგ
გაჩნდა, რაც მასში განთავსებული კაფე-ბარი
"სავანე" სასწრაფოდ დაანგრიეს, სამუშაოების
დაწყების განცდის შესაქმნელად კი ტერიტორია მალევე
შემოღებეს, თუმცა სამუშაოები ჯერაც არ
დაწყებულა.
უნდა აღნიშნოს, რომ მუნიციპალური განვითარების ფონდმა ფოტოები, თუ
როგორი უნდა იყოს რეაბილიტირებული ბულვარი, სწორედ ამ პროცესების
შემდეგ
გაასაჯაროვა.
ცენტრალური პარკის რეაბილიტაციას საქართველოს მთავრობა 14.9 მილიონი
ლარით აფინანსებს. პროექტს მგფ ახორციელებს, სამუშაოებს კი, რომელიც
წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს, შპს "დაგი".
სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, სამუშაოები გასულ წელს უნდა
დაწყებულიყო, თუმცა როგორც მგფ-ში განმარტავდნენ, ბაღში განთავსებული
ნაგებობის, (კაფე-ბარ ,,სავანეს’’) გამო ვერ ხერხდებოდა, რის
შედეგადაც საქმეში მერიაში ჩაერია და საქალაქო სასამართლოში
განხორციელებული დავების შედეგად, უკვე გასული წლის 27 დეკემბერს
,,სავანე’’ დაანგრია.
ქალაქის ცენტრალური ბულვარის რეკონსტრუქცია 2018 წელს, ქალაქის
მაშინდელი მერის გიორგი ჭიღვარიას დაპირება იყო. დაპირებიდან ერთი
წლის შემდეგ, მერიამ ბულვარის რენდერ ვერსია ფეისბუკის ოფიციალურ
გვერდზე გამოაქვეყნა, სადაც მოქალაქეებს მათ მიერ მოწონებული
ესკიზისთვის ხმა უნდა მიეცათ, თუმცა პროექტის საბოლოო ვარიანტის
შემუშავება არ მოხდა.
ქუთაისის ცენტრალური ბაღი 1821 წელს გაშენდა. ის გასული საუკუნის
დასაწყისში არა მარტო სასეირნო, არამედ საზოგადო მოღვაწეების
თავშეყრის ადგილიც იყო. ამასთან, აღსანიშნავია, რომ მუშტაიდის პარკის
შემდეგ, სიძველით, მეორეა მთელს ამიერკავკასიაში.
ქუთაისის ბულვარში სარეკონსტრუქციო სამუშაოები ეტაპობრივად
ხორციელდებოდა, თუმცა, მისი არსებობის განმავლობაში, სრული
რეკონსტრუქცია არ მომხდარა.
როგორი უნდა იყოს ბულვარი რეაბილიტაციის შემდეგ, ნახეთ
აქ.
ამავე თემაზე:
რა იცვლება ცენტრალურ ბულვარში - რა თქვა მგფ-ის
ხელმძღვანელმა ქუთაისში
როგორი უნდა იყოს ქუთაისის ცენტრალური ბულვარი - მგფ-მ პროექტის
ესკიზები გაასაჯაროვა
რა მოიტყუა ქუთაისის მერიამ კაფე ''სავანესთან'' დაკავშირებით
ცენტრალური ბულვარის სამუშაოების დასრულების ვადა ცნობილია, პროექტი
კი ჯერ მზად არ არის
"ქუთაისის ცენტრალური ბაღის რეკონსტრუქცია იწყება და პროექტი ჯერ არ
გასაჯაროვებულა’’
"სამუშაოების დასაწყებად დავალება არ გაცემულა" - ქუთაისის ბულვარის
რეკონსტრუქციის თარიღი კვლავ უცნობია
რამდენიმეწლიანი დაპირების შემდეგ ქუთაისის ცენტრალური ბულვარის
რეკონსტრუქცია იწყება
მასალის გამოყენების პირობები