ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები
მიმდინარეობს, 25 ძირი ხე მოჭრეს.
ამის შესახებ მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ
"ქუთაისიპოსტისთვის" გამოგზავნილ საჯარო ინფორმაციაშია აღნიშნული.
როგორც წერილში ვკითხულობთ, ქალაქის ცენტრალურ პარკში გამხმარი და
ზეხმელი ხეები საექსპერტო დასკვნის საფუძველზე მოიჭრა, მანამდე კი
მწვანე ნარგავების ხარისხობრივი შეფასება/ აღწერა (სატყეო ტაქსაცია)
განხორციელდა.
მოჭრილი ხეები ბულვარში
"ცენტრალურ პარკში მერქნიანი მცენარეების უმრავლესობა
დიდხნოვანია. მათ უმეტოსობას დაწყებული აქვს გვერდითი ტოტების ხმობა,
ფაუტიანობა, სიდამპლე, რაც ცალკეული სახეობების სიცოცხლისუნარიანობის
შეწყვეტას განაპირობებს. მცენარეთა დეკორატიულობისა და გასაჯანსაღების
მიზნით, ყველა ეს მცენარე საჭიროებს სხვლა-ფორმირებას, რადგან
გამხმარი ტოტი ან წვერო ინფექციის წყაროა მცენარისათვის და საჭიროა
მათი მოშორება, ანუ გასხვლა.
აგრეთვე, არასასურველი თვითგამოხშირვის პროცესების თავიდან აცილების
მიზნით, საჭიროა, სპეციალისტის აზრის გათვალისწინებით, დაიგეგმოს და
ჩატარდეს ლანდშაფტურ-ესთეტიკური ჭრები, რომელიც აერთიანებს
ლანდშაფტური, მოვლითი და სანიტარული ჭრების ელემენტებს. ე.ი. უნდა
მოიჭრას ხმელი, ნახევრად ხმელი, დაზიანებული, ნაკლებადპროდუქტიული
ხეები და ტოტები, რომელიც დადებითად იმოქმედებს მცენარეების შემდგომ
ზრდა-განვითარებაზე და
შენარჩუნებაზე",- ვკითხულობთ საექსპერტო დასკვნის
დოკუმენტში.
ექსპერტების რეკომენდაციითვე, ობიექტის რეაბილიტაციის
შემდგომ ეტაპზე, ტერიტორია ახალი ჯანსაღი
ნარგავებით უნდა შეივსოს.
ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში სარეაბილიტაციო სამუშაობი
მიმდინარე წლის
მარტში დაიწყო. ამ დროისთვის
პარკში მიწისქვეშა კომუნიკაციების გამოცვლა მიმდინარეობს.
პროექტს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს,
სამუშაოებს კი - შპს "დაგი".
მგფ-ს აღმასრულებელი დირექტორის დავით ტაბიძის განარტებით, ბულვარის
გეგმარება უცვლელი დარჩება და მასში მხოლოდ არსებული ინფრასტრუქტურა
განახლდება, სადაც მიმდებარე ტერიტორიისთვის დამახასიათებელ
არქიტექტურულ ელემენტებს გამოიყენებენ.
მისივე თქმით, პარკის ცენტრალურ ნაწილში დაგეგმილია „გვირილობის
მოედნის“, პარკის ქვედა ნაწილში კი ახალი რეკრეაციული სივრცის
,,ვარდების ხეივნის“ მოწყობაც.
ამასთან, პროექტის ფარგლებში, მოეწყობა სარწყავი და სადრენაჟე
სისტემები და დენდროლოგიური პროექტის შესაბამისად, ტერიტორიას
დაემატება ახალი ხე-მცენარეები. დამონტაჟდება ენერგოეფექტური
განათების ბოძები, განახლდება არსებული შადრევნები, მოპირკეთდება
სფეხმავლო ბილიკები. ასევე, დაგეგმილია არსებული საზოგადობრივი
საპირფარეშოს რეაბილიტაცია და მედიათეკის განთავსება, რომელიც
მოაზრებული იქნება ერთიან საპროექტო კონტექსტში, ერთმანეთისგან
დამოუკიდებელი შესასვლელებით.
მგფ-ს წარმომადგენელი ქუთაისში მას შემდეგ ჩამოვიდა, რაც ბულვარის
რეაბილიტაციის პროექტის არსებობასთან დაკავშირებით საზოგადოებაში
კითხვები გაჩნდა. აღნიშნული კითხვები კი მას
შემდეგ გაჩნდა, რაც ბულვარში განთავსებული კაფე-ბარი "სავანე"
სასწრაფოდ დაანგრიეს, სამუშაოების დაწყების
განცდის შესაქმნელად კი ტერიტორია
მალევე შემოღებეს.
უნდა აღნიშნოს, რომ მუნიციპალური განვითარების ფონდმა ფოტოები, თუ
როგორი უნდა იყოს რეაბილიტირებული ბულვარი, სწორედ ამ პროცესების
შემდეგ
გაასაჯაროვა.
ცენტრალური პარკის რეაბილიტაციას საქართველოს მთავრობა 14.9 მილიონი
ლარით აფინანსებს.
სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, სამუშაოები გასულ წელს უნდა
დაწყებულიყო, თუმცა როგორც მგფ-ში განმარტავდნენ, ბაღში განთავსებული
ნაგებობის, (კაფე-ბარ ,,სავანეს’’) გამო ვერ ხერხდებოდა, რის
შედეგადაც საქმეში მერიაში ჩაერია და საქალაქო სასამართლოში
განხორციელებული დავების შედეგად, უკვე გასული წლის 27 დეკემბერს
,,სავანე’’ დაანგრია.
ქალაქის ცენტრალური ბულვარის რეკონსტრუქცია 2018 წელს, ქალაქის
მაშინდელი მერის გიორგი ჭიღვარიას დაპირება იყო. დაპირებიდან ერთი
წლის შემდეგ, მერიამ ბულვარის რენდერ ვერსია ფეისბუკის ოფიციალურ
გვერდზე გამოაქვეყნა, სადაც მოქალაქეებს მათ მიერ მოწონებული
ესკიზისთვის ხმა უნდა მიეცათ, თუმცა პროექტის საბოლოო ვარიანტის
შემუშავება არ მოხდა.
ქუთაისის ცენტრალური ბაღი 1821 წელს გაშენდა. ის გასული საუკუნის
დასაწყისში არა მარტო სასეირნო, არამედ საზოგადო მოღვაწეების
თავშეყრის ადგილიც იყო. ამასთან, აღსანიშნავია, რომ მუშტაიდის პარკის
შემდეგ, სიძველით, მეორეა მთელს ამიერკავკასიაში.
ქუთაისის ბულვარში სარეკონსტრუქციო სამუშაოები ეტაპობრივად
ხორციელდებოდა, თუმცა, მისი არსებობის განმავლობაში, სრული
რეკონსტრუქცია არ მომხდარა.
apornk.com
როგორი უნდა იყოს ბულვარი რეაბილიტაციის შემდეგ, ნახეთ
აქ.
მთავარი ფოტო: არჩილ გეგენავა
ამავე თემაზე:
ქუთაისის ცენტრალური ბულვარის სარეკონსტრუქციო სამუშაოები
დაიწყო
"გაიმართოს ბულვარის რეაბილიტაციის პროექტის საჯარო
განხილვა" - ქუთაისში ხელმოწერები შეგროვდა
რა იცვლება ცენტრალურ ბულვარში - რა თქვა მგფ-ის
ხელმძღვანელმა ქუთაისში
როგორი უნდა იყოს ქუთაისის ცენტრალური ბულვარი -
მგფ-მ პროექტის ესკიზები გაასაჯაროვა
ცენტრალური ბულვარის სამუშაოების დასრულების ვადა
ცნობილია, პროექტი კი ჯერ მზად არ არის
"ქუთაისის ცენტრალური ბაღის რეკონსტრუქცია იწყება და
პროექტი ჯერ არ გასაჯაროვებულა’’
"სამუშაოების დასაწყებად დავალება არ გაცემულა" -
ქუთაისის ბულვარის რეკონსტრუქციის თარიღი კვლავ უცნობია
რამდენიმეწლიანი დაპირების შემდეგ ქუთაისის
ცენტრალური ბულვარის რეკონსტრუქცია იწყება
მასალის გამოყენების პირობები