2 თვეზე მეტია, რაც „ოქროს ჩარდახის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები
შეჩერებულია, თუმცა რა ბედი ელის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს,
ქუთაისის მერიაში ამ დრომდე არ იციან.
ადგილობრივ თვითმმართველობაში ჯერ კიდევ ვერ გადაწყვიტეს, რა გზით
გამოავლენენ ობიექტის სარემონტო სამუშაოების შემსრულებელ
კომპანიას.
კერძოდ, კვლავ ტენდერს გამოაცხადებენ, რომელიც ერთხელ უკვე
არ შედგა, თუ ერთ პირთან მოლაპარაკებით გააფორმებენ
ხელშეკრულებას.
„ჯერ არ არის გადაწყვეტილი რა ფორმას გამოვიყენებთ, თუმცა
უახლოეს პერიოდში გვეცოდინება“,- უთხრეს „ქუთაისიპოსტს“
მერიაში.
სანამ ადგილობრივ თვითმმართველობაში საკითხის გადაწყვეტას არ
ჩქარობენ, მანამდე ქალაქის კულტურული მემკვიდრეობის ობიექტი ზიანდება,
ამიტომ სამოქალაქო სექტორში ძეგლის დროებით შეფუთვას (ან დროებითი
გამაგრებას) ითხოვენ.
„ნებისმიერ შემთხვევაში, დღეს, პირველი, რაც უნდა იფიქროს
მერიამ არის ძეგლის შეფუთვა ამინდის გათვალისწინებით და იმის
გათვალისწინებით, რომ სამუშაოები დაწყებული აქვს, სახურავის ნაწილი
მოცილებულია და ა.შ“,- ამბობს საინიციატივო ჯგუფ „ოქროს
ჩარდახის“ წევრი სოფიო ზვიადაძე.
საინიციატივო ჯგუფმა და ასევე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის
პლატფორმამ ადგილობრივ ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მიმართეს,
შეცვლილიყო არსებული სარეაბილიტაციო პროექტი. ამ მიზნით, საინიციატივო
ჯგუფის წევრები, მათ მიერ მოწვეულ დარგის ექაპერტებთან ერთად,
აგვისტოში, ქალაქის მერს, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულს, საკრებულოს
თავმჯდომარესა და პროექტის ავტორებს შეხვდნენ.
„გვსურდა, ჩვენი მოსაზრებები სპეციალისტებთან ერთად გაგვეცნო
მათთვის და ერთად გვემსჯელა, რა შეიძლება იყოს გამოსავალი ამ ეტაპზე,
რომ ქალაქმა არ დაკარგოს ეს ძეგლი. მეორე მხრივ, ჩვენმა მოწვეულმა
სპეციალისტებმა, არქიტექტურის ისტორიკოსმა მაია მანიამ და
ხელოვნებათმცოდნე ირინე ელიზბარაშვილმა
გააცნეს მათ თავიანთი ხედვა, როგორი უნდა იყოს არა მხოლოდ
ოქროს ჩარდახის რეაბილიტაცია, არამედ როგორ უნდა დავინახოთ ეს ძეგლი
ქუთაისის მთლიან ურბანულ კონტექსტში“,- განმარტავს
ზვიადაძე.
მისივე თქმით, ის პროექტი, რომლის მიხედვითაც მერიამ ძეგლის
სარეკონსტრუქციო სამუშაოები დაიწყო, პრობლემურია და მთლიანად
ამოვარდნილია იმ ისტორიული იერსახიდან, რომელიც რიონის მარცხენა
სანაპიროზეა ჩამოყალიბებული.
„ძეგლის საუკეთესო რეაბილიტაციისთვის, ასევე ქუთაისისთვის
მნიშვნელოვანია, რომ პროექტის კორექტირება მოხდეს, რათა არ მივიღოთ
უცხო ახალი ნაგებობა ისტორიულ ზონაში. მერიამ და საკრებულომ ყველაფერი
უნდა გააკეთოს ამისათვის და იყოს ხალხის წარმომადგენელი კულტურული
მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან, რათა გასწორდეს პროექტი.
ამასთან, ჩვენი მოსაზრებაა, რომ თუკი სახელმწიფო ვერ ახერხებს
რეაბილიტაციის პროცესი იყოს გამართული, მულტიდისციპლინური და ახალ
კვლევებზე დაფუძნებული, არ უნდა გარისკოს და ასეთი საკამათო პროექტი
არ უნდა შემოგვთავაზოს. თავისუფლად შეიძლებოდა და ახლაც შეიძლება
ისარგებლოს იმ პროექტით, რომლის მიხედვითაც 60-იან წლებში ჩაუტარდა
რეაბილიტაცია",- ამბობს სოფიო ზვიადაძე.
„ოქროს ჩარდახის“ სარეკონსტრუქციო სამუშაოები 2 თვეზე მეტია
შეჩერებულია. სამუშაოების შემსრულებელ კომპანია „ივერთმშენს“ ,
მერიამ, ვადებისა და აღებული პასუხისმგებლობის შეუსრულებლობის გამო, 9
ივნისს, ჯერ
ხელშეკრულება შეუწყვიტა, შემდეგ კი - დააჯარიმა.
საპასუხოდ, კომპანიის დირექტორმა ედიშერ ჯანჯულიამ
სასამართლოში იჩივლა.
ჯანჯულია ამბობდა, რომ მერიიდან სრულყოფილი პროექტი (რომლის
მიხედვითაც უნდა განეხორციელებინათ სამუშაოები) მიწოდებული არ ჰქონდათ
და ადგილობრივი თვითმმართველობა მათთან ხელშეკრულების გასაწყვეტად
საბაბს ეძებდა. შესაბამისად, მათ გადაწყვეტილებას, კომპანიის გაწირვად
აფასებს. ეს კი, შესაძლოა, საზოგადოებაში არსებულ იმ პროტესტს
უკავშირდებოდეს, რომელიც "ოქროს ჩარდახის" ირგვლივ დღემდე გრძელდება.
თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ საზოგადოებას პროტესტი არა კომპანიის,
არამედ იმ პროექტის მიმართ ჰქონდა, რომელიც მერიამ მოიწონა.
„ოქროს ჩარდახის“ რეკონსტრუქცია მიმდინარე წლის
მარტში დაიწყო. მალევე, სამუშაოების შეჩერების
მოთხოვნით,
საინიციატივო ჯგუფი შეიქმნა, რომელიც 100-მდე
სხვადასხვა პროფესიის ადამიანს აერთიანებს. ისინი სამუშაოების მანამ
შეჩერებას ითხოვდნენ, სანამ ძეგლის ავთენტურობის შენარჩუნებისა და
რესტავრაციის ზუსტი მეთოდიკის საკითხები არ დაზუსტდებოდა.
იმერეთის მეფეთა სასახლის რეაბილიტაციისთვის მერიამ ელექტრონული
ტენდერი [NAT220027710] 2022 წლის დეკემბერში გამოაცხადა, სადაც
კომპანია „ივერთმშენმა“ გაიმარჯვა. ის სარემონტო სამუშაოებს 955 555
ლარის სანაცვლოდ ახორციელებდა. „ოქროს ჩარდახის“ პროექტი კი შპს
„მნ-პროექტმა“ მოამზადა.
ამავე თემაზე:
ოქროს ჩარდახის რეაბილიტაციაზე გამოცხადებული ტენდერი
ჩაიშალა
"ოქროს ჩარდახის" რეაბილიტაციაზე ტენდერი თავიდან
გამოცხადდა - მერიამ თანხა გაზარდა
ტენდერი თუ ერთ პირთან მოლაპარაკება - რას გეგმავს
მერია "ოქროს ჩარდახის" რეაბილიტაციაზე
"ოქროს ჩარდახის" სამუშაოების შემსრულებელი კომპანია
მერიას სასამართლოში უჩივის
მერიამ "ოქროს ჩარდახის" სარეაბილიტაციო სამუშაოების
შემსრულებელ კომპანიას ხელშეკრულება გაუწყვიტა
"შეჩერდეს ოქროს ჩარდახის სარეაბილიტაციო სამუშაოები"
- ქუთაისში ხელმოწერებს აგროვებენ
ოქროს ჩარდახის რეკონსტრუქცია დაიწყო
მასალის გამოყენების პირობები