„ოქროს ჩარდახის“ სარეაბილიტაციო სამუშაოების შემსრულებელ
კომპანიასთან ხელშეკრულების გაწყვეტის შემდეგ, მერიის მიერ
მეორედ გამოცხადებული ტენდერი ჩავარდა.
რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო შესყიდვით [NAT230013922] არცერთი
კომპანია არ დაინტერესდა. 1 273 000 ლარის ღირებულებაზე გამოცხადებულ
ტენდერზე წინადადების მიღება 27 ივლისს დასრულდა.
ადგილობრივ თვითმმართველობაში ვერ გვეუბნებიან, ისტორიულ/კულტურული
ობიექტის კეთილმიწყობაზე პასუხისმგებელ კომპანიას რა ფორმით
გამოავლენენ. თუმცა, შესაძლოა, სამუშაოების შემსრულებელი არა ტენდერის
გზით, არამედ ერთ პირთან მოლაპარაკების გზით აიყვანონ.
„ოქროს ჩარდახის“ სარეკონსტრუქციო სამუშაოები დაახლოებით
თვე-ნახევარია შეჩერებულია.
მერიამ სამშენებლო კომპანია „ივერთმშენს“ ვადებისა და აღებული
პასუხისმგებლობის შეუსრულებლობის გამო, 9 ივნისს, ჯერ
ხელშეკრულება შეუწყვიტა, შემდეგ კი - დააჯარიმა.
საპასუხოდ, კომპანიის დირექტორმა ედიშერ ჯანჯულიამ
სასამართლოში იჩივლა.
ჯანჯულია ამბობდა, რომ მერიიდან სრულყოფილი პროექტი (რომლის
მიხედვითაც უნდა განეხორციელებინათ სამუშაოები) მიწოდებული არ ჰქონდათ
და ადგილობრივი თვითმმართველობა მათთან ხელშეკრულების გასაწყვეტად
საბაბს ეძებდა. შესაბამისად, მათ გადაწყვეტილებას, კომპანიის გაწირვად
აფასებს. ეს კი, შესაძლოა, საზოგადოებაში არსებულ იმ პროტესტს
უკავშირდებოდეს, რომელიც "ოქროს ჩარდახის" ირგვლივ დღემდე გრძელდება.
თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ საზოგადოებას პროტესტი არა კომპანიის,
არამედ იმ პროექტის მიმართ ჰქონდა, რომელიც მერიამ მოიწონა.
„ოქროს ჩარდახის“ რეკონსტრუქცია მიმდინარე წლის
მარტში დაიწყო. მალევე, სამუშაოების შეჩერების
მოთხოვნით,
საინიციატივო ჯგუფი შეიქმნა, რომელიც 100-მდე
სხვადასხვა პროფესიის ადამიანს აერთიანებს. ისინი სამუშაოების მანამ
შეჩერებას ითხოვდნენ, სანამ ძეგლის ავთენტურობის შენარჩუნებისა და
რესტავრაციის ზუსტი მეთოდიკის საკითხები არ დაზუსტდებოდა.
იმერეთის მეფეთა სასახლის რეაბილიტაციისთვის მერიამ ელექტრონული
ტენდერი [NAT220027710] 2022 წლის დეკემბერში გამოაცხადა, სადაც
კომპანია „ივერთმშენმა“ გაიმარჯვა. ის სარემონტო სამუშაოებს 955 555
ლარის სანაცვლოდ ახორციელებდა. „ოქროს ჩარდახის“ პროექტი კი შპს
„მნ-პროექტმა“ მოამზადა.
ამავე თემაზე:
"ოქროს ჩარდახის" რეაბილიტაციაზე ტენდერი თავიდან
გამოცხადდა - მერიამ თანხა გაზარდა
ტენდერი თუ ერთ პირთან მოლაპარაკება - რას გეგმავს
მერია "ოქროს ჩარდახის" რეაბილიტაციაზე
"ოქროს ჩარდახის" სამუშაოების შემსრულებელი კომპანია
მერიას სასამართლოში უჩივის
მერიამ "ოქროს ჩარდახის" სარეაბილიტაციო სამუშაოების
შემსრულებელ კომპანიას ხელშეკრულება გაუწყვიტა
"შეწყდეს ოქროს ჩარდახის რეკონსტუქცია" - კიდევ ერთი
წერილი ქუთაისის მერიას
"შეჩერდეს ოქროს ჩარდახის სარეაბილიტაციო სამუშაოები"
- ქუთაისში ხელმოწერებს აგროვებენ
ოქროს ჩარდახის რეკონსტრუქცია დაიწყო
მასალის გამოყენების პირობები