რიონის ხეობაში ადგილობრივებმა 21 მარტს,
148-ე ღამე, ისევ კარვებში გაათიეს. თითქმის ხუთთვიანი უწყვეტი
პროტესტი სოფელ ნამოხვანში გრძელდება.
ხეობის
მცხოვრებლები 14 მარტის ფართომასშტაბიანი აქციის შემდეგ, ნაბიჯის
გადადგმას ხელისუფლებისგან ელოდებიან, თუმცა, ეკონომიკის მინისტრთან
შეხვედრას აღარ აპირებენ.
აქციების ორგანიზატორი, ვარლამ გოლეთიანი
ამბობს, რომ თუ ხელისუფლება უახლოეს დღეებში არ დააფიქსირებს მკაფიო
პოზიციას ნამახვანჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით, ისინი ხეობაში
კომპანია "ენკას" ტექნიკას გადაადგილების საშუალებას არ მისცემენ,
მომდევნო გეგმა კი, თბილისში აქციის გამართვა იქნება.
ხეობაში კომპანიის კუთვნილი ავტომანქანები
დღესაც გამოჩნდნენ, თუმცა, ადგილობრივებმა მათ გზა გადაუკეტეს და
გადაადგილების საშუალება არ მისცეს.
"დღესაც იყო კომპანიის ორი "პიკაპი". სამუშაოები არ
განახლებულა, მაგრამ გვითხრეს დარაჯისთვის მიაქვთ რაღაცო. ამას
არ აქვს ჩვენთვის მნიშვნელობა. გადავუკეტეთ გზა და ასე იქნება
შემდეგაც. დღევანდელი დღე იყო ერთგვარი გაფრთხილება, რომ თუ აქ
გამოჩნდება ტექნიკა, ისევ იმავე მეთოდებს მივმართავთ, რასაც თვეების
წინ ვაკეთებდით და არ გავატარებთ. ახლა ველოდებით რა ნაბიჯს
გადმოდგამენ. ჩვენ შეგნებულად არ გვიჩქარია და დღეები არ დაგვითვლია,
რადგან ჩვენი მიზანი არეულობა არ არის. გვინდოდა ხელისუფლებას
ჰქონოდა დრო, რომ ადეკვატური ნაბიჯები გადაედგა, თუმცა, ნათია
თურნავას არც ერთ შემთხვევაში არ შევხვდებით. იმ ამბის შემდეგ, რაც
მერიაში მოხდა, მინისტრი აუცილებლად უნდა გადადგეს. რაც შეეხება
თბილისში აქციას, ძალიან არ გვინდა რომ აქამდე მივიდეთ, მაგრამ თუ
უახლოეს ხანში არ გაიგონებენ ამდენი ადამიანის ხმას, კიდევ უფრო
მძიმე მოთხოვნებით შევიკრიბებით თბილისში", - ამბობს ვარლამ
გოლეთიანი.
რიონის ხეობაში გიგანტური ჰესის მშენებლობის
წინააღმდეგ პროტესტი ადგილობრივებმა ხუთი თვის წინ დაიწყეს. ისინი
თვეების განმავლობაში ღამეებს კარავში ათევდნენ, თუმცა,
ხელისუფლება პროტესტს დუმილით ხვდებოდა. ეკონომიკისა და გარემოს
დაცვის მინისტრები ხეობაში მას შემდეგ ჩავიდნენ, რაც 28 თებერვალს
ქუთაისში ფართომასშტაბიანი აქცია გაიმართა. სოფელ ნამოხვანში
მინისტრებისა და აქციის მონაწილეების შეხვედრაზე გადაწყდა, რომ
მხარეები 12 მარტს ქუთაისის მერიაში პროექტისა და ინვესტორთან
გაფორმებული ხელშეკრულების სადავო პუნქტებს განიხილავდნენ, თუმცა,
მინისტრებმა შეხვედრა დაახლოებით 10 წუთში ისე დატოვეს, რომ ხეობის
მცხოვრებლებსა და სპეციალისტებს, რომლებიც განხილვაზე იყვნენ მისული,
არ მოუსმინეს.
ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ხეობის
"მცველებს" ოთხპუნქტიანი გეგმა შესთავაზა, სადაც საუბარი იყო
კაშხლისა და წყალსაცავის სამუშაოების გადავადებაზე, კომპანია "ენკაში"
ქართველი დირექტორის დანიშვნაზე, რიონის ხეობის განვითარების
ხუთმილიონიანი ფონდისა და დამოუკიდებელი საბჭოს შექმნაზე, რაზეც
ადგილობრივებმა უარი განაცხადეს. ამის შემდეგ, 14 მარტს ქუთაისში
მორიგი ფართომასშტაბიანი აქცია გაიმართა, სადაც ხეობის "მცველებმა"
ეკონომიკის მინისტრის გადადგომა მოითხოვეს.
რიონის ხეობაში 433 მგვტ. სიმძლავრის ჰესს კომპანია "ენკა" აშენებს.
მთავრობასა და ინვესტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულება უკვე
შეისწავლეს სპეციალისტებმა და მას საქართველოს ინტერესების საზიანო
უწოდეს. გარდა ხელისუფლების მიერ აღებული კოლოსალური ფინანსური
ვალდებულებებისა, ექსპერტები საუბრობენ ჰესის ნეგატიურ შედეგებზე.
მათი თქმით, ჰესი სრულად შეცვლის ხეობის მიკროკლიმატსა და
ბიომრავალფეროვნებას, კაშხლის დაზიანების შემთხვევაში კი 34 მეტრიანი
ტალღა 19 წუთში გადაუვლის ხეობას და მიაღწევს
ქუთაისამდე.
ამავე თემაზე:
"დავაკონკრეტოთ
პრობლემა რაშია" - ნათია თურნავა ნამახვანჰესის
მოწინააღმდეგეებს
რაზე შეთანხმდნენ რიონის ხეობის „მცველები“ და
მინისტრები
რიონის
ხეობის "მცველები" მინისტრებთან შეხვედრაზე არ
წავიდნენ
ნამახვანჰესის საკითხზე მინისტრები ცაგერში დღეს
ჩავლენ
„ჩვენი მხრიდან მშვიდი გარემო უზრუნველყოფილი იქნება“ - შეხვდებიან თუ
არა რიონის ხეობის "მცველები" მინისტრებს
„ნამახვანჰესის ხელშეკრულებით სახელმწიფო ინტერესები დათმობილია
კერძო კომპანიის სასარგებლოდ“ -
EMC
"კარვამდე მაინც მივედით" - ხელჩართული ჩხუბი პოლიციასა და
აქტივისტებს შორის (ვიდეო)
ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები ხელისუფლებას ულტიმატუმს
უყენებენ
მასალის გამოყენების პირობები