სამეზობლო დავა და ტერიტორია, რომელსაც, შესაძლოა, მრავალწლოვანი ხეები შეეწიროს
09:43 / 27.07.2017
ქუთაისში, თამარ მეფის # 1 ჩიხში მცხოვრებლები საცხოვრებელი
ბინის ეზოში, მრავალწლოვანი ხეების შესაძლო მოჭრას აპროტესტებენ.
თამარ მეფის #1ჩიხში მდებარე საცხოვრებელი ბინის მოსახლეობა, მათ
მეზობელად მცხოვრებ ცეზარ ელიგულაშვილს, მათი კორპუსის მიმდებარედ
არსებული ეზოს ნაწილს ედავება.
ბინის მესაკუთრეები ამბობენ, რომ ელიგულაშვილმა დაახლოებით 25 კვ.მ
მიწის ნაკვეთი უკანონოდ მიითვისა.
ამასთანავე, ადგილობრივები შიშობენ, რომ მათი მეზობელი მიწის სადავო
მონაკვეთზე არსებულ 12 ძირი მრავალწლოვან ნაძვის ხეს მოჭრის.
ხეები, რომლებსაც მოსახლეობის თქმით, მოჭრა ემუქრება
ბინის მესკუთრეებსა და ელიგულაშვილს შორის დავამ უკვე სასამართლოში
გადაინაცვლა.
ცეზარ ელიგულაშვილი თამარ მეფის #9-ში ცხოვრობს, ხოლო,
ბინათმსაკუთრეთა საცხოვრებელი ბინა #7-ში მდებარეობს. საცხოვრებელ
ფართებს ერთამენთისგან საერთო კედელი ჰყოფთ.
ბინის მცხოვრებელების განცხადებით ელიგულაშვილის მოთხოვნა იმის
შესახებ, რომ ეზოს ნაწილი მას ეკუთვნის უსამართლოა, რადგანა ბინასა და
საცხოვრებელ სახლს შორის მდებარე გამყოფი კედელი 1975 წლიდან
არსებობს. სწორედ იმ პერიოდიდან, როცა მათი კორპუსი აშენდა.
ელიგულაშვილმა კი ბინის ეზოს ნაწილის მისაკუთრება, რომელიც ახლა
ბინათმესაკუთრეთა მხარესაა მოქცეული, ორი წლის წინ
გადაწყვიტა.
„ცეზარ ელიგულაშვილი ახლა აქ არ ცხოვრობს, მაგრამ გამოგვიცხადა, რომ
ჩვენი ეზოს ნაწილი მისი საკუთრებაა. არ ვიცით როგორ, მაგრამ
ნოტარიულად დამტკიცებული ნახაზი მოგვიტანა, აი ეს ჩემი საკუთრებააო.
აქ არის ღობე, რომელიც უკვე 50 წელია არსებობს. ამ დროის მანძილზე
ერთხელ არ გაჩენია პრეტენზია და ახლა მოუნდა, რომ მიისაკუთროს მიწაც
და ეს ხეებიც, რომელსაც აუცილებლად მოჭრის, რადგან ეჭვი გვაქვს
საცხოვრებელი კორპუსის აშენება სურს,“ - აცხადებს ჟუჟუნა
მახათაძე.
ადგილობრივები ყვებიან, რომ დაახლოებით 2 წლის წინ, ცეზარ
ელიგულაშვილის დავალებით, ეზოში მშენებელები შევიდნენ და ბეტონით
ტერიტორია მონიშნეს, რომლებმაც სწორედ მაშინ განუცხადეს ბინის
მცხოვრებელებს, რომ ბეტონის მიღმა ტერიტორია ელიგულაშვილის საკუთრება
იყო.
ბეტონით მონიშნული ტერიტორია
მოსახლეობამ, იმის დასამტკიცებლად, რომ ბინასა და ელიგულაშვილის სახლს
შორის მდებარე კედელი მრავალი წლის წინ აშენდა ექსპერტიზას მიმართა.
უწყებამ დაადასტურა, რომ კედელი დაახლოებით 1975 წელს უკვე აშენებეული
იყო.
„ თუ ექსპერტიზამ თქვა, რომ ეს კედელი ამდენი წელია დგას და მხოლოდ
მის მიღმა ტერიტორიაა ელიგულაშვილის, ახლა როგორ მოხდა ისე, რომ
კედლის აქეთ არსებული ტერიტორია და ხეები თურმე მისი ყოფილა?
გამორიცხულია ასე იყოს“, - ამბობს ბინის მცხოვრები, ციალა
მაჩიტაძე.
მისი თქმით, იგი თამარ მეფის #1 ჩიხის ბინა #7-ში აშენების დღიდან
ცხოვრობს და ამ დრომდე ელიგულაშვილს ეზოს მისაკუთრებაზე არავითარი
პრეტენზია არ ჰქონია.
ციალა მაჩიტაძე ფიქრობს, რომ ელიგულაშვილს მის საცხოვრებელ ეზოში,
თამარ მეფის #9-ში კორპუსის აშენებას გეგმავს, იქ არსებული ფართი კი
საკმარისი არ არის, რის გამოც, მას ადგილის გაფართოება კორპუსის ეზოს
ხარჯზე სურს.
„აქ უნდა რომ ააშენოს ბინა, მაგრამ ტერიტორია ვიწროა. ვერ იმოძრავებს
დიდი მანქანები და უნდა ამის გაფართოება. რომ გააფართოვოს ამისთვის
მოჭრის ამ ხეებსაც. აბა რად უნდა ამდენი ხე მის საკუთრებაში იყოს", -
ამბობს ციალა მაჩიტაძე.
ბინის მესაკუთრეები ჩვენთან საუბარში აცხადებდნენ, რომ ახალი ღობის
აშენებაზე ნებართვა ქუთაისის მერიამ გასცა, რაც, მათი თქმით, კანონის
დარღვევით მოხდა.
ქუთაისის მერიაში განმარტავენ, რომ ცეზარ ელიგულაშვილმა ღობის
აშენებაზე ნებართვა ნამდვილად მოითხოვა და რისი ნებაც მათ მიერ
მიეცა. მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსი, ბაქარ ჭეიშვილი
აცხადებს, რომ ახალი ღობის აშენებაზე ნებართვის გაცემა კანონის დაცვით
მოხდა და ადგილზე არსებული მდგომარეობა მერიის წარმომადგენლებმაც
დაათვალიერეს.
„დოკუმენტებით და ნახაზებით იყო დასაბუთებული მოთხოვნა სად და რა
ტერიტორიაზე შენდებოდა. არავითარი დარღვევა არ იყო დოკუმენტაციაში.
ნებართვა გაიცა ყველა კანონის დაცვით. მას შემდეგ გახდა ცნობილი, რომ
ამ საქმეზე დაიწყო სასამართლო დავა. ქუთაისის მერია სასამართლო
დავასთან აღარ არის კავშირში, რადგან ნებართვა გავეცით საჯარო
რეესტრის დასაბუთებული მონაცემების მიხედვით", - ამბობს
ბაქარ ჭეიშვილი.
ბინის მობინადრეების ინტერესებს ქუთაისის საქალაქო სამართლოში
ადვოკატი ფრიდონ ბასილაია იცავს. მისი თქმით, ბინის მესაკუთრეებმა
ეზოს ტერიტორია 2010 წელს დაიკანონეს, თუმცა, აზომვის დროს დაშვებულია
შეცდომა, რადგან ამ დროისთვის სადავო ტერიტორია ბინის ამხანაგობის
სახელზე არ დამტკიცებულა.
„ის ტერიტორია, რომელზეც ახლა დავა მიმდინარეობს არ მოხვდა 2010 წელს
გაკეთებულ აზომვით ნახაზში. ანუ შეცდომითაა გაკეთებული და
დამტკიცებული ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობის ეზოს ტერიტორია. ეს
სადავო მიწა ბინის მესაკუთრეებს არ აქვთ დაკანონებული. ელიგულაშვილმა
ნახა, რომ ეს ტერიტორია არავის ეკუთვნოდა და გადაწყვიტა მის სახელზე
გადაეფორმებია", - ამბობს ადვოკატი, ფრიდონ ბასილაია.
მისივე თქმით, ელიგულაშვილმა აღნიშნული მიწის ნაკვეთი და ასევე, მისი
კარმიდამო 2015 წელს დაირეგისტრირა და საჯარო რეესტრით დაიმტკიცა.
სწორედ ამ პერიოდში შევიდნენ ბინის ეზოში მშენებლები და ახალი კედლის
მშენებლობა დაიწყეს.
ადვოკატის თქმით, სასამართლო დავა 2015 წლიდან მიმდინარეობს და მათი
მოთხოვნა არის ცეზარ ელიგულაშვილს აღნიშნულ 25მ.კვ-ზე საჯარო რეესტრის
მიერ მიცემული რეგისტრაცია გაუუქმდეს.
ბინათ მესაკუთრეებმა სასამართლოში დავა 2015 წელს დაიწყეს. ისინი
მოითხოვდნენ, რომ ელიგულაშვილს აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე, რომელიც
კორპუსის ეზოს ნაწილში იმყოფება რეგისტრაცია გაუუქმდეს. რის შემდეგაც
ბინის მესაკუთრეები აღნიშნული ტერიტორიის დაკანონებას შეძლებდნენ.
ცეზარ ელიგულაშვილი უკვე 15 წელია ისრაელში ცხოვრეობს. მის ინტერესებს
ადვოკატი, ნინო მეფარიშვილი იცავს. ადვოკატი განმარტავს, რომ ბინის
მესაკუთრეთა მოთხოვნა უსაფუძლოა. მისივე თქმით, მისი დაცვის ქვეშ
მყოფი ეზოში არსებული ხეების მოჭრას არ აპირებს და ადგილზე არც
საცხოვრებელი ბინის მშეებლობა აქვს დაგეგმილი. ნინო მეფარიშვილი
აცხადებს, რომ თამრ მეფის#1 ჩიხის #7 ში მდებარე ბინის ეზოს ტერიტორია
ცეზარ ელიგულაშვილს სამართლიანად ეკუთვნის.
„ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში თუ სხვის საკუთრებაშია მიწა მას
არავინ დაურეგისტრირებს სხვას. ანუ ცეზარ ელიგულაშვილს ეს მიწა
დაახლოებით მე-19 საუკუნიდან ეკუთვნის. ამიტომ, მაშინ, როდესაც 2010
წელს ბინათმესაკუთრეებმა დაირეგისტრირეს მიწა, მათთვის ამ სადავო
ტერიტორიის მიკუთვნება ვერანაირად ვერ მოხდებოდა. რადგან როდესაც
მიწის ნაკვეთი სხვა პიროვნების სახელზე მისი სხვა ნახაზში მოქცევა ვერ
მოხდება. სხვას როგორ დაუმტკიცდებოდა მიწის ნაკვეთი 2010 წელს როცა ის
უკვე იყო ცეზარ ელიგულაშვილის საკუთრება", - ამბობს ცეზარ
ელიგულაშვილის ადვოკატი, ნინო მეფარიშვილი.
მისი თქმით, ადგილზე არსებული ღობე ამ დროისთვის ცეზარ ელიგულაშვილის
ტერიტორიაზე იმყოფება და მისი დაცვის ქვეშ მყოფმა სწორედ ამიტომ
გადაწყვიტა ახალი კედლის აშენება.
საჯარო რეესტრის საიტზე განთავსებული ინფორმაციით, ცეზარ
ელიგულაშვილმა ფართის დაკანონებაზე განცხადება 2015 წელს შეიტანა,
ხოლო იმავე წელს მას 617 კვ.მ ფართი დაურეგისტრირდა.
საკადასტრო ნახაზი
საჯარო რეესტრის საიტზე არსებულ საკადასტრო ნახაზის მიხედვით, თამარ
მეფის #1 ჩიხში არსებული სადავო ტერიტორია მართლაც ელიგულაშვილის
სახელზეა გაფორმებული.
ნინო მეფარიშვილის თქმით, იმ აზრს, რომ ელიგულაშვილი ხეების მოჭრას არ
გეგმავს ისიც ამტკიცებს, რომ საქალაქოს სასამართლომ მოდავე მხარეებს
სხვა მიწის ნაკვეთზე მოლაპარაკება შეთავაზა, რასაც ბინის მეპატრონეები
არ დათანხმდნენ.
„შევთავაზეთ მოლაპარაკება. ანუ ვთავაზობდით მოეცათ მათი ბინის უკან
„გარაჟებთან“ მდებარე მიწის ფართი. ელიგულაშილს რომ ნდომოდა ამ
ნაძვების მოჭრა, იმ ტერიტორიაზე მოლაპარაკებებს არ დაიწყებდა, მაგრამ
თავად ბინის მესაკუთრეებმა განაცხადეს უარი, ჩვენ არავითარ მიწას არ
მოგცემთ, არც უკანა მხარეს და არც წინო ეს ისედაც ჩვენი არისო", -
აცხადებს მეფარიშვილი.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოდავე
მხარეები უნდა მორიგებულიყვნენ. თუმცა, ბინის მესაკუთრეების
თქმით, ისინი ვერ შეთანხმდნენ, რადგან ელიგულაშვილისთვის არცერთი
მიწის ნაკვეთის დათმობას არ
აპირებენ. რის გამოც, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება
მოდავე მხარეებმა ანუ ბინათმესაკუთრეებმა სააპელაციოსი
გაასაჩივრეს. სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება ცეზარ
ელიგულაშვილის სასარგებლოდ გამოიტანა. სასამართლო
გადაწყვეტილების მიხედვით სადაო ტერიტორია ნამდვილად ცეზარ
ელიგულაშვილს ეკუთვნის. ბინის მესაკუთრეები აღნიშნულ გადაწყვეტილების
გასაჩივრებას უზენაეს სასამართლოში გეგმავენ.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მასალის გამოყენების პირობები