საზოგადოება
„კანონის გამკაცრებამ შავ ბაზარზე ახალი, უფრო ტოქსიკური ნარკოტიკები გააჩინა“
FaceBook
საქართველოში 50 000-მდე ნარკოტიკების ინექციური მომხმარებელი ცხოვრობს, რაც ქვეყნის ზრდასრული მოსახლეობის 2.23 % შეადგენს.

ეს 2021 წლის მონაცემებია, მაგრამ მდგომარეობა არსებითად, არც ბოლო წლებში შეცვლილა.

დარგის სპეციალისტები გამოსავალს რეფორმის გატარებაში ხედავენ. რეფორმა, რომელიც ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარებას ჯანდაცვის სფეროს დაუქვემდებარებს და არა სისხლის სამართლის მართლმსაჯულებას.

"ოცნების" ხელისუფლებამ ამ გამოწვევას "უპასუხა" და 2025 წლის 5 მარტს, "ქართული ოცნების" პარლამენტმა  საკანონმდებლო პაკეტი დააინიცირა, რომელსაც 19 მარტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.

წარმოდგენილი ინიციატივით აღმოჩნდა, რომ ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარება არათუ ჯანდაცვის სფეროს ექვემდებარება, არამედ საკანონმდებლო პაკეტში ჩაწერილი ნორმები და სანქციები არსებითად ამძიმებს ფსიქოაქტიური ნივთიერებების მომხმარებელ, ან ნივთიერებებზე დამოკიდებულების მქონე პირთა უფლებრივ მდგომარეობას და არ ითვალისწინებს ფსიქოაქტიური ნივთიერებებისგან მომდინარე საფრთხეებსა და საზოგადოების წუხილებს.

ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია "სოციალური სამართლიანობის" ცენტრში მიუთითებენ.

"საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ინიცირებული ცვლილებებით, იზრდება ნარკოტიკული საშუალებების (გარდა კანაფისა და მარიხუანისა) მოხმარებისთვის და მცირე ოდენობით შეძენა/შენახვისთვის დადგენილი სანქციები. ოთხმაგდება როგორც არსებული ჯარიმის ზედა ზღვარი, ისე ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა,  ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებლები, საზოგადოების განსაკუთრებულად მოწყვლად ფენას წარმოადგენენ. აღნიშნული უფრო მეტად მიემართება ნარკოტიკების ინექციური გზით მომხმარებლებს. ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარებისთვის ჯარიმის ზრდა, მათზე ფინანსურ წნეხს კიდევ უფრო გაზრდის, რაც მეტად დაამძიმებს მათ სოციალურ მდგომარეობას და გააუარესებს სერვისებზე ხელმისაწვდომობას".

თუმცა გამკაცრებების სერია მარტო ამაზე არ ჩერდება. მიუხედავად იმისა, რომ ნარკოტიკული საშუალებების გასაღებისთვის ისედაც მძიმე სასჯელები მოქმედებდა, საკანონმდებლო ინიციატივა მითითებულ დანაშაულზე სასჯელებს კიდევ უფრო ამძიმებს. პაკეტი რვა სამართლებრივ აქტში, მათ შორის სისხლის სამართლის კოდექსში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და ნარკოტიკული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონში ცვლილებებს ითვალისწინებს.

მაგალითად, იმატებს სასჯელთა ქვედა ზღვარი იმ ქმედებებზე, რომლებიც ზედა ზღვრად ისედაც უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდნენ. ამასთან, არსებითად დამძიმდა კანონმდებლობა ფსიქოტროპული ნივთიერებების და მცენარე კანაფის და მარიხუანას როგორც გასაღებისთვის, ისე გაყიდვისთვის და აღნიშნული დანაშაულის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენა, შესაძლოა 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისაჯოს.

ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის ზემოქმედების დასადგენად შემოწმებისთვის თავის არიდება ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ხდება, ხოლო განმეორებით, იგივე ქმედება, ჩადენილი ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირის მიერ, სისხლის სამართლის დანაშაული იქნება.

საკანონმდებლო პაკეტით, სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების გზით, ერთმანეთისგან იმიჯნება ნარკოტიკული საშუალებების შეძენა/შენახვა (სსკ-ის 260-ე მუხლი), მათი უკანონო დამზადება, წარმოება, გადაზიდვა ან გადაგზავნა (სსკ-ის 260-ე პრიმა მუხლი) და გასაღება (სსკ-ის 260-ე სეკუნდა მუხლი). ამასთან, კოდექსს ემატება ახალი დანაშაული, ნარკოტიკული საშუალების გაყიდვა (სსკ-ის 260-ე ტერცია მუხლი) და ა.შ.

ამ საკანონმდებლო ინიციატივას ხალხზე გათვლილ პოპულისტურ განცხადებად აფასებს  ორგანიზაცია "რუბიკონის" ხელმძღვანელი ზაზა ქარჩხაძე.  

"გაყიდვასთან დაკავშირებით ისედაც უმკაცრესი კანონები იწყება საკმაოდ მაღალი სასჯელიდან და უვადო  პატიმრობამდე მიდის. როცა ამბობენ მცირე რაოდენობის გაყიდვაც კი დასჯადი იქნება, ახლაც დასჯადია.  თუკი ადამიანი ყიდის ნარკოტიკს, ნარკობიზნესში არის ჩართული ამას არა აქვს  მნიშვნელობა გაყიდის ერთ გრამს თუ ათს. გაყიდვა გაყიდვაა. ისჯება უმკაცრესად.  უბრალოდ, ეს ინიციატივა არის ხალხზე გათვლილი პოპულისტური განცხადება -  გავამკაცრებ ისედაც ძალიან მკაცრ კანონმდებლობასო. ამას უნდა აღსრულება.  აღესრულებინათ ვინ უშლიდა ამდენი წელი ონლაინმაღაზიებმა რომ  დაწამლა საზოგადოება. მაგრამ,  საქმე იმაშია,  რომ ვერ იჭერენ აქამდე ვერ მიდიან. ახლა უნდათ ყოველ შემთხვევაში ასეთი პირი უჩანს, რომ  შემოიღონ ნარკორეალიზატორის ცნება  და წვრილფეხობამ, რომელმაც შეიძლება ნარკორეალიზატორებამდე მივიდეს და შეიძინოს თუნდაც პირადი მოხმარებისთვის, გინდა სხვისთვის ისინი  გაიყვანონ ნარკორეალიზატორების კატეგორიაში და მათზე გადატყდება  მთელი ეს ჯოხი.  ხომ უნდა ანახონ  რომ დაიჭირეს. ამის  თავი ნაღდად არა აქვთ დარკნეტები და ონლაინმაღაზიების აწყობილი სისტემა დაშალონ და დააკავონ აწყობილი ნარკობიზნესის წევრები.  ძალიან რთული დასაკავებელია ამიტომ წვრილფეხობაზე გადატყდება. ამით იკეკლუცებენ საქმეს კი არ გააკეთებენ", - ამბობს ზაზა ქარჩხაძე. 

სპეციალისტები მომავალში საქმის კეთებაზე მეტად პრობლემის დამძიმებას ხედავენ და სხვა საფრთხებზეც  მიუთითებენ.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და სისხლის სამართლის კოდექსში ინიცირებული ცვლილებებით, ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის ზემოქმედების დასადგენად შემოწმებისთვის თავის არიდება ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ხდება, ხოლო განმეორებით, იგივე ქმედება, ჩადენილი ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირის მიერ, სისხლის სამართლის დანაშაული იქნება.

შემოთავაზებული ცვლილებებით, პირის შემოწმება შეიძლება მოხდეს მაშინ თუ მისი გარეგნული  ან/და ქცევითი მახასიათებლები ქმნის საკმარის საფუძველს ვარაუდისთვის, რომ პირი იმყოფება ნარკოტიკული საშუალების მისი ანალოგის ან პრეკურსორის ზემოქმედების ქვეშ.

სოციალური სამართლიანობის ცენტრში "ქართული ოცნების" ინიციატივაში ხედავენ იმ მავნე პრაქტიკას რეინკარნაციას, ანუ ნარკოტესტირებაზე მოქალაქეების გადაყვანას და ამ პროცესების სიტემატიზებას გულისხმობს.

მექანიზმის მასობრივად გამოყენება ქმნის ნიადაგს იმისთვის, რომ ათასობით მოქალაქე, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მას არასდროს მოუხმარია ნარკოტიკული საშუალება და ლაბორატორიული შემოწმებაც ამას დაადასტურებს, მაინც გახდეს სახელმწიფოს თვითნებური კონტროლის სუბიექტი. ტესტირებაზე უარის სანქციისთვის დაქვემდებარების პირობებში, შემოწმებაზე გადაყვანა კიდევ უფრო რეპრესიულ ბუნებას შეიძენს", - განმარტავენ სოციალური სამართლიანობის ცენტრში.

"ისევ დაიწყება ამ ადამიანების დევნა-დაჭერა, ნარკოლოგიურში გადაყვანა, ისევ გადასახადების გადამხდელების  თანხების უაზროდ ფლანგვა. თუ არ ჩააბარებ შარდის ანალიზს გართმევენ ყველა უფლებას და პლუს ზემოდან ჯარიმას გაკისრებენ. ისევ და ისევ რასაც ნადირობა კუდიანებზე ჰქვია ის იქნება. დაერევიან ქუჩაში მომხმარებლებს. გიჩნდება ელემენტარული კითხვა, კარგი, ამკაცრებ კანონს, მაგრამ 50 ათასი ნარკომომხმარებელი რომ გყავს რას უშვები ამ ხალხს 50 ათას ადამიანს ციხეში კეტავ და ამით გინდა გამოასწორო სიტუაცია?", - კითხვას სვამს ზაზა ქარჩხაძე.

თუმცა ზაზა ქარჩხაძე "ქართული ოცნების" ინიციატივიდან ყველაზე შემაშფოთებლად სისხლის სამართლის კოდექსში სავალდებულო მკურნალობის ცნების გაჩენის საკითხს მიიჩნევს. 

შემოთავაზებული ცვლილებებით, სისხლის სამართლის კოდექსს დამატებითი სასჯელის სახით ემატება "სავალდებულო მკურნალობა", რომლის დანიშვნის შესაძლებლობაც ნარკოტიკულ დანაშაულებზე მსჯავრდების შემთხვევაში, მოსამართლეს დამოკიდებულების მქონე პირისთვის, დისკრეციულად შეეძლება. თუ რას მოიაზრებს სავალდებულო მკურნალობა, როგორი იქნება მისი ფორმა, ვადები და აღსრულების მექანიზმი, დაზუსტებას საჭიროებს და ცვლილების შინაარსობრივი შეფასება სრულყოფილად მხოლოდ ამის შემდგომ იქნება შესაძლებელი.

იძულებითი მკურნალობის გამოცდილება საბჭოთა პერიოდს უკავშირდება, როდესაც ნარკოზონები არსებობდა, სადაც ადამიანები იძულებით მკურნალობას გადიოდნენ.

„ჩვეულებრივი კოლონია იყო.  სპეციალური ნარკოზონები იყო სადაც აგზავნიდნენ,  ვითომ მკურნალობდნენ.  ცუდი რა არის იცი?  მათ შეიძლება მკურნალობა დაარქვან და "უმკურნალონ" ისეთი პრეპარატებით  ადამიანი სულ გააშტერონ. თუ ვინმეს რაიმე ინტერესი აქვს შეუძლიათ დაუნიშნონ იძულებითი მკურნალობა და ისეთი ფორმით უმკურნალონ მთლად წაართვან აზროვნების უნარი. ადრე ჟურნალისტს გაუკეთეს ნაზი შამანაურს.  ამიტომ ძალიან ცუდი ტენდენციაა. მკურნალობის შედეგი თუ გინდა მიიღო, იგი უნდა იყოს ნებაყოფლობითი, მაგრამ შენ თუ რეპრესიებისთვის გინდა  მაშინ ... იძულებითი მკურნალობის პრაქტიკას აღარავინ მიმართავს, რუსეთის გარდა. 

მკურნალობა  არა გაქვს, რეაბილიტაცია არა გაქვს, ერთადერთი ჩანაცვლებითი თერაპია  გაქვს და იმასაც დემონიზებას უკეთებ  და ისეთი პროცესები შემოგაქვს რომ ხალხი მისვლის ნაცვლად გამორბიან მერე ზემოდან კიდევ ეს კანონი მათაც თუ შეეხო ვინც პაციენტია და ჩანაცვლებით თერაპიას გადის. თუკი მართვის მოწმობები წაართვეს, უფლებები შეუზღუდეს საერთოდ... მოკლედ ბევრი კითხვა გააჩინა ვითომ რეფორმამ.

ვინც თემა იცის არც ერთი არ ეთანხმება  ამ პრინციპს რომ დასჯით რაიმე გაკეთდეს იმიტომ რომ ნარკომანია  არის ავადმყოფობა. ჩვეულებრივი მძიმე ავადმყოფობა, რომელშიც ფიზიკური, გონებრივი  ყველა რესურსი ჩართულია და შენ ჩაგკეტავ და თავს დაანებებ, ეს ასე არ მუშაობს. კიბოიან  ადამიანს ჩაკეტვით რას უშველი? მოარჩენ?  ავადმყოფ ადამიანს ებრძვი სასჯელით წამლის, არმიწოდებით, ამას კარგი არაფერი მოუტანია არასდროს და ვერც მოიტანს", -  - ამბობს მეტადონის პროგრამაში ჩართული ვანო (სახელი პირობითია).

ორგანიზაცია "რუბიკონის" ხელმძღვანელი ზაზა ქარჩხაძე აკრძალვის შედეგებზე საუბრობს, რომელიც არაერთხელ გამოიყენეს და არც ერთ ჯერზე შედეგი არ მოიტანა. შესაბამისად, სპეციალისტი ერთ წრეზე ბრუნვის ტენდენციას ხედავს "ქართული ოცნების" რეფორმაში. 

"კანონის გამკაცრებამ გააჩინა ის რომ გამოჩნდა შავ ბაზარზე ახალი ნარკოტიკები, გაცილებით ტოქსიკური. მოიმატა ინფექციების გავრცელებამ, სიკვდილიანობამ, ზედოზირებამ და  ასევე, მოიმატა კრიმინალმა. იმიტომ რომ ადამინები  წავიდნენ იატაკქვეშეთში. იძულებულნი არიან ამ კრიმინალურ ბიზნესში ჩაერთონ. მითუმეტეს თუ არც მკურნალობას სთავაზობ და ჩანაცვლებით პროგრამას უბიძგებ რომ უნდა ჩაერთონ ნარკობიზნესში. ბევრი დაიღუპება. განსაკუთრებით ახალგაზრდები. ახლაც ისეთი ნარკოტიკები შემოდის ახალგაზრდა ადამიანს რომ ჰქონია იღებს რაღაც კლუბურ ნარკოტიკს ამ დროს ხვდება საერთოდ მძიმე ნარკოტიკი ეს არ კონტროლდება,  ძალიან ცუდ შედეგს მივიღებთ.  ეს ადამიანები არ ფიქრობენ, რომ თვითონ და მათი ოჯახებიც არ არიან ამისგან დაზღვეული მათ კარზე  არ მოუკაკუნებს ამისგან გამოწვეული შედეგები, ყველას ყავს  ახალგაზრდა შვილები.  მაგათი შვილები დადიან კლუბებში და გასართობად თორემ გაჭირვებული ვერსად დადის. არავინაა დაზღვეული მათივე მიღებული კანონებით გამოწვეული უკუშედეგები მათ ოჯახებს არ შეეხება. უნდა დაფიქრდე ერთი და იგივე სისულელე მერამდენედ უნდა გაკეთდეს?!" - ამბობს ზაზა ქარჩხაძე.

სოციალური სამართლიანობის ცენტრის განცხადებით, ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებიდან მომდინარე საზოგადოებრივი უსაფრთხოების, ჯანდაცვისა და სოციალური გამოწვევების დასაძლევად, საჭიროა გატარდეს მტკიცებულებებზე დაფუძნებული ნარკოპოლიტიკის რეფორმა, რომელიც მიზნად უნდა ისახავდეს ნარკოტიკულ საშუალებებზე არსებული მიდგომის ფუნდამენტურ შეცვლას და დასჯაზე დაფუძნებული პოლიტიკის ჩანაცვლებას ზრუნვასა და პრევენციაზე ორიენტირებული მეთოდებით, საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით და სამეცნიერო მეთოდებზე დაყრდნობით.

###

ნარკოპოლიტიკა ცვლილების მიხედვით: 

- მკაცრდება სასჯელები ყველა სახის ნარკოტიკული საშუალების გაყიდვისთვის; მცირე ოდენობის ნარკოტიკის გაყიდვა დაისჯება 12-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობით - მოქმედი კანონმდებლობით ეს დანაშაული ათ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა. სამიდან 6 წლამდე დაისჯება კანაფის და მარიხუანის გასაღება, ხუთიდან ათ წლამდე პატიმრობით კანაფისა და მარიხუანის გაყიდვა;


- კანონი განსაზღვრავს, რას ჩათვლის სახელმწიფო ნარკოტიკებით ვაჭრობად და ვის ჩათვლის ნარკომოვაჭრედ, ასევე იმას, თუ ვინ ჩაითვლება ნარკომოვაჭრის ოჯახის წევრად, ახლო ნათესავად და დაკავშირებულ პირად, რა ჩაითვლება ნარკომოვაჭრის ქონებად - კანონში ასეთი განმარტებები არ არსებობდა.

- შესაძლებელი გახდება ნარკორეალიზატორის ან ნარკოტიკების გავრცელებაში ხელშემწყობის უძრავ-მოძრავი ქონების ჩამორთმევა და სახელმწიფოსთვის გადაცემა.

- 2025 წლის პირველი ივნისიდან მას, ვისაც დაუდასტურდება რომ მოიხმარა ნარკოტიკი ან მას, ვინც თავს აარიდებს ნარკოლოგიურ შემოწმებას, სამი წლით ჩამოართმევენ მართვის მოწმობას, 5 წლით აუკრძალავენ საჯარო სამსახურში, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში მუშაობას და ამავე ვადით ჩამოართმევენ იარაღის ტარების/ქონის უფლებას;

- თუკი პოლიციელი ქცევით ან სხვა რაიმე გარეგნული ნიშნით ჩათვლის, რომ მოქალაქე შეიძლება ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ იყოს, მას უფლება აქვს გადაიყვანოს იგი ექსპერტიზაზე. ამ მოთხოვნაზე უარის თქმა შესაძლებელია, მაგრამ უარის შემთხვევაში მოქალაქეს მაინც რჩება ვალდებულება პოლიციას 24 საათის განმავლობაში წარუდგინოს დამოუკიდებლად ჩატარებული კვლევის შედეგები. ნარკოტესტი უნდა გაკეთდეს მიმართვის გამოწერიდან არაუგვიანეს 8 საათისა. ამ მოთხოვნის შეუსრულებლობა პირველ ჯერზე დაისჯება 500-დან 2 000 ლარამდე ჯარიმით ან 60 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობით, განმეორების შემთხვევაში დადგება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, ანუ პატიმრობა.

- პატიმრობა შესაძლებელია აიცილონ მათ, ვინც ნებაყოფლობით ჩააბარებს პოლიციას ნარკოტიკებს.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ჭიათურის მაღაროები, რომლებიც
ადგილობრივების შემოსავლის ერთადერთ წყაროს წარმოადგენს, შესაძლოა
დაიხუროს.
17:17 / 22.01.2025
ჭიათურის მაღაროები, რომლებიც ადგილობრივების შემოსავლის ერთადერთ წყაროს წარმოადგენს, შესაძლოა დაიხუროს.
51 მილიონ 199 500 ლარი ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის
სახელფასო ფონდს, 8 მილიონ 511 400 ლარი სოციალურ უზრუნველყოფას - ასე
გადანაწილდა თანხები 2025 წლის ქალაქის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში.
13:21 / 19.01.2025
51 მილიონ 199 500 ლარი ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის სახელფასო ფონდს, 8 მილიონ 511 400 ლარი სოციალურ უზრუნველყოფას - ასე გადანაწილდა თანხები 2025 წლის ქალაქის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.