ქუთაისში, პურის მაღაზიების მფლობელები შპს "გორას" მიერ ქალაქის
მასშტაბით
ორი თვის წინ პურის მოძრავი ჯიხურების დადგმას
აპროტესტებენ და ადგილობრივ ხელისუფლებას რეაგირებისკენ მოუწოდებენ.
ინდ. მეწარმეები და შპს-ეების მფლობელები, რომლებიც წლებია ადგილზე
პურის რეალიზაციას ახდენენ, ამბობენ, რომ ახალმა ბიზნესმა ისინი
არათანაბარი კონკურენციის პირობებში ჩააყენა. ერთი ის, რომ "გორამ"
პურის საწყის ფასად 40 თეთრი განსაზღვრა, მეორეს მხრივ კი,
პურის ჯიხურები, რომლებიც ქალაქის სხვადასხვა ტერიტორიაზე დგას,
მომხმარებლისთვის უფრო მარტივად ხელმისაწვდომია და მას მაღაზიაში
შესვლაც კი არ უწევთ.
პურის რეალიზატორები ამბობენ, რომ მოძრავი ჯიხურები კარგად გათვლილი
ბიზნესია, რამაც მათ მუშაობა რამდენიმე თვეში ჩაუგდო.
სწორედ ამის გამო, ისინი ჯიხურების დადგმიდან მალევე გახდნენ
იძულებული, კონკურენციის გაწევის მიზნით პურის ფასი დაეწიათ, თუმცა,
ამის მიუხედავად, მომხმარებელი პურის შეძენას მისთვის უფრო
ხელმისაწვმდომ ადგილზე არჩევს.
"გავუთანაბრეთ ფასები მათ ტარიფებს, მაგრამ მომხმარებელი მაინც არ
შემოდის. ხედავენ, რომ ქუჩაში, არაჰიგიენურ პირობებში იყიდება პური,
მაგრამ მაინც იქ ყიდულობენ, რადგან ისეთ ადგილებში დადგეს ჯიხურები,
სადაც ყველაზე მეტი ხალხი მოძრაობს. ქარში, წვიმაში, ყველანაირ
კლიმატში შეუფუთავად უდევთ პურები. მოდიან ტურისტები და ფოტოებს
უღებენ. უკვირთ, ეს რა არისო?! ისევ ჯიხურების ეპოქაში გვაბრუნებს
ხელისუფლება?",- ამბობს ინდ.მეწარმე, რეზო გვენეტაძე.
"ტრაბახობენ თურმე 500 პურს ვყიდით დღეშიო. ჩვენ კი თუ ვყიდიდით 20-ს,
ახლა ვყიდით 10-ს. რა ვქნათ ჩვენ, რომლებსაც იჯარით გვაქვს ფართები
აღებული და ცალკე იმის ფულს ვიხდით? კონკურენციას რომ თავი დაანებო,
გვირაბის თავზე ნაგვის ურნებთან დგას პურის ჯიხური. ეს ნორმალურია?
ალბათ ვინმე ყავს მერიაში, თორემ ვინ დაუშვებდა ამას?", - ამბობს
ინდ.მეწარმე, დარეჯან ერემეიშვილი.
პურის მაღაზიების მეპატრონეებმა შპს "გორას" წინააღმდეგ 50-მდე
საჩივარი დაწერეს, თუმცა, ამბობენ, რომ ამას რეაგირება არ
მოყოლია.
"ორი თვის წინ, ყველა მაღაზიამ, რაც ამ ტერიტორიაზეა, საჩივარი
დაწერა, მაგრამ არავინ მოსულა და არ დაინტერესებულა ჩვენი პრობლემით.
5 თეთრს ვუგებთ, ისევე, როგორც ისინი. 35 თეთრად ვიბარებთ ლაზურ პურს
და ვყიდით 40 თეთრად. იძულებული გაგვხადა, ჩვენც დაგვეწია ფასი.
გამოვალთ მაშინ ჩვენც და დავდგებით გარეთ. სხვა გზა აღარ
დაგვიტოვეს",-ამბობს შპს "არაზას" თანამშრომელი, დარეჯან
შალამბერიძე.
სავაჭრო ობიექტების მეპატრონეების ინფორმაციით, "გორა" საიჯარო
ხელშეკრულების გასვლის შემდეგ, მოძრავი ჯიხურების რაოდენობის გაზრდას
გეგმავს, რაც მათ ბიზნესს კიდევ უფრო დააზარალებს.
"უთქვამთ ჯერ 11-მდე უნდა გავზარდოთო და მერე კიდევ დაამატებენ ალბათ.
თუ ასე მოხდა, აქ მუშაობა აღარ ეღირება", -ამბობენ პურის
რეალიზატორები.
მათივე თქმით, თადაპირველად შპს "გორა" კანონდარღვევით მუშაობდა,
რადგან სალარო აპარატს არ იყენებდა, რაც მას კიდევ უფრო მომგებიან
პოზიციაში აყენებდა, თუმცა, მოგვიანებით შპს შემოსავლების სამსახურმა
დააჯარიმა.
გაყიდულ პროდუქტზე ქვითარს რომ არ წერდა, ამას "გორას"
წარმომადგენლები არაოფიციალურ საუბარში ადასტურებენ და აცხადებენ, რომ
არ იცოდნენ თუ ეს საჭირო იყო.
"რადგან მოძრავი ჯიხური იყო, გვეგონა, რომ არ იყო საჭირო, მაგრამ მერე
12 000 ლარით დაგვაჯარიმა საშემოსავლომ და ახლა ვიყენებთ
ჩვეულებრივად",-აცხადებენ შპს-ს წარმომადგენლები.
რაც შეეხება, პურის რეალიზატორთა პრეტენზიებს, "გორას"
ხელმძღვანელებმა ამ საკითხზე ღიად საუბარი არ ისურვეს.
ქუთაისის მერიამ შპს "გორას" საზოგადოებრივი კვების აპარატის
განსათავსებლად ქალაქის ტერიტორიაზე 9 ადგილი, ტროტუარებზე გამოუყო.
შპს-ს ქალაქის მასშტაბით ჯამში 8 კვადრატამდე ფართი აქვს აღებული,
რისთვისაც ადგილობრივ ბიუჯეტში ყოველთვიურად 227 ლარს იხდის.
საიჯარო ხელშეკრულება ერთწლიანია და მისი ვადა 2018 წლის 28
აპრილს იწურება.
ქუთაისში პურის მოძრავი ჯიხურების განთავსებას, შპს-ეებისა და
მაღაზიების მეპატრონეები იმთავითვე შეეწინააღმდეგნენ და მათი აღება
მოითხოვეს.
მაშინ ქუთაისის მერიამ პურის რეალიზატორებს
პირობა მისცა, რომ ქალაქის ცენტრალურ ნაწილში
არსებულ ჯიხურებს სხვა ტერიტორიაზე გადაიტანდა, თუმცა, შპს "გორა"
პურს დღემდე ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე ხალხმრავალ ადგილზე - "გვირაბი
95"-ისა და წითელი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე ყიდის.
მასალის გამოყენების პირობები