ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული სამოქმედო გეგმის
თანახმად, მიმდინარე წელს, 2020 წელთან შედარებით, მზის ფოტოელექტრული
სისტემებიდან მიღებული ენერგიის მოხმარება, საქართველოში 5,6-ჯერ არის
მომატებული.
2030 წლისთვის კი ეს მაჩვენებელი დახლოებით 24,3-ჯერ გაიზრდება.
ჰიბრიდულ ენერგეტიკულ სისტემებში ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვა
ქვეყანას ახალი გამოწვევების წინაშე აყენებს და თანამედროვე
პროფესიების მიმართ მოთხოვნას აჩენს. დარგის სპესციალისტების აზრით,
დღეს არსებული პროფესიული კადრის დეფიციტის შევსება მხოლოდ დუალური
სწავალების პრინციპითაა შესაძლებელი.
კანთელაძეების 4 სულიანი ოჯახი გუმათის დასახლებაში ცხოვრობს. ისინი
უკვე 4 წელია დენის წყაროდ მზის ენერგიას იყენებენ. სოლარ სისტემა
გიორგი კანთელაძემ თავად დაამონტაჟა, რისთვისაც საბანკო სესხის აღება
დაჭირდა, თუმცა, აღნიშნავს, რომ შედეგის გამო, ამ ხარჯის გაწევა
ღირდა. “მართალია, თავიდან გიწევს მონტაჟისთვის თანხის გადახდა,
სამაგიეროდ, უკვე 2-3 წლიწადში გაქვს უფასო დენი. სისტემa არანაირ
რისკებთან არაა დაკავშირებული, ფინანსურადაც გამართლებულია და გარდა
ამისა, მნიშვნელოვანია გარემოს დაცვის კუთხით, რადგან რამდენ
ელექტროენერგიასაც გამოიმუშავებს, იმდენ ნახშირორჟანგს შთანთქავს,” -
ამბობს გიორგი კანთელაძე. ის დასძენს, რომ თანამედროვე ენერგეტიკული
სისტემების გამოყენება მოსახლეობაში პოპულარული არაა და ერთ-ერთ
მიზეზად გარემოსდაცვითი ინფორმაციის ნაკლებობას მიიჩნევს.
“რომ არ მქონდეს დამონტაჟებული, სესხს ავიღებდი და მაინც ამას
ავირჩევდი. ჩვენი ქვეყანა მზიანია, ეს კი გვაძლევს იმის საშუალებას
მარტიდან ნოემბრამდე სრულად ავითვისოთ მზის ენერგია,” - აღნიშნავს
გიორგი კანთელაძე. ალტერნატიულ ენერგიაზე ხშირად უფიქრიათ, თუმცა
ფინანსური ხარჯის გამო, შველიძეების ოჯახი თავს იკავებს. ისინი
თერჯოლაში, სოფელ ბროლისქედში ცხოვრობენ, საკმაოდ დიდი მეურნეობა აქვთ
და ელექტროენერგიასაც ბევრს მოიხმარენ. ოჯახს, სეზონის მიუხედავად,
დენის გადასახადი მაღალი აქვს.
“მზის ენერგიის გამოყენება უფრო ხელსაყრელია ჩვენთვის. თუმცა,
რამდენჯერაც დავაპირეთ, იმდენჯერ გადავიფიქრეთ, რადგან გარკვეულ
ხარჯებთანაა დაკავშირებული,” - ამბობს ლელა შველიძე. მისივე თქმით,
სიძვირეზე მეტად, პრობლემა პროფესიონალების დეფიციტიშია, რომელთაც
სოლარ სისტემის მონატაჟს და შემდეგ მის მოვლა- პატრონობას მიანდობდა.
კადრების სიმცირეზე საუბრობს წერეთლის უნივერსიტეტის ენერგეტიკის
დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, ზაზა პაპიძე. მისი აზრით,
საქართველო მსოფლიოში მიმდინარე კლიმატის ცვლილების შემარბილებელ
პროცესებს არ უნდა ჩამორჩეს, რისთვისაც ცნობიერების ამაღლება და
გადამზადებული კადრები მნიშვნელოვანია.
"გამონაბოლქვის რაოდენობა ატმოსფეროში არ უნდა გავზარდოთ. თუ გვინდა
განვითარება, საჭიროა ენერგია, რაც მიღწეული უნდა იყოს განახლებადი
ენერგიით. განვითარებისთვის კი საჭიროა კადრები იმაზე მეტი, რაც
დღესაა,” - აღნიშნავს ზაზა პაპიძე, რომელიც სულ მალე თანამედროვე
ენერგოსისტემების მონტაჟისა და ექსპლოატაციის მოკლევადიანი პროგრამის
კურსს წარუძღვება. აღიშნული საგანამანათლებლო დისციპლია ქუთაისში,
პროფესიულ კოლეჯში “იბერია” დაინერგება. როგორც დაწესებულების
ხელმძღავანელმა, ირაკლი ავალიანმა განგვიმარტა, კურსის დანერგვა
შრომის ბაზარზე მზარდმა მოთხოვნამ განაპირობა. “ბოლო პერიოდში გაჩნდა
მოთხოვნილება ამ მიმართულებით, რადგან ეს ყველაფერი უკავშირდება
ეკონომიკის განვითარებას, დანაზოგს, რომელსაც ადამიანები ტექნოლოგიური
სიახლეების დანერგვისას ეძებენ და ასევე, ბუნებისადმი შემცირებულ
ზიანს. შესაბამისად, ვიყავით ძიებაში და ვიპოვეთ პარტნიორი
ორგანიზაცია, რომელსაც ამ მიმართულებით დიდი გამოცდილება აქვს,” -
ამბობს ირაკლი ავალიანი.
ორგანიზაცია, რომელთანაც კოლეჯი “იბერია” ითანამშრომლებს კომპანია
ესკო ესია. მოკლევადიანი კურსი სახელწოდებით „ავტომატურად მართვადი
ჰიბრიდული ენერგოსისტემების მონტაჟი და მომსახურება“ პროფესიული
უნარების სააგენტოს მიერ სრულად დაფინანსებულია, სადაც გადამზადება და
კვალიფიკაციის მიღება ნებისმიერი ასაკის და პროფესიის ადამიანს
შეუძლია. სწავლება დუალურ პრინციპს ეფუძნება, რაც თეორიული და
პრაქტიკული გამოცდილების სინთეზია და ჰიბრიდული ენერგეტიკული
სისტემების ორგანიზების ყველა ასპექტს - დიზაინი, ინსტალაცია და
ოპერირებას მოიცავს.
კომპანია ესკო ესის დამფუძნებელი, ზაალ ხელაძე განმარტავს, რომ
პროფესიული განათლების სისტემაში, ენერგიის ჰიბრიდული გამოყენების
სწავლება, სტუდენტებს საშუალებას აძლევს, უკეთ გაიგონ ენერგია და
მდგრადობა. “საქართველოში კომპანია ესკო ესმა ამ მიმართულებით ახალი
ფორმალური სასწავლო მეთოდები და ინოვაციური პროექტები შექმნა. ასეთი
ტიპის განათლება, ეფუძნება თანამედროვე ენერგეტიკული სისტემების
გამოყენებას, ზრდის პროფესიული და პრაქტიკული უნარების ხარისხს და
მომავალში განათლების ხარისხის ფაქტორს უკავშირდება,” - აღნიშნანვს
ზაალ ხელაძე.
ესკო ესის მიერ დადანერგილი ინოვაციური სწავალების მეთოდი, მთელი
ქვეყნის მასშტაბით, გარემოზე ზემოქმედების შემცირების და მაქსიმალური
ეფექტის მიღებისთვის შეიქმნა, ამიტომაც მწვანე ინოვაციის სასწავლო
ცენტრიდან რეგიონებში გადაინაცვლა და იმერეთის გარდა, კიდევ 4
რეგიონში განხორციელდება.
ავტორი: დეა მანაგაძე
მასალის გამოყენების პირობები