რეგიონი
არაღიარებული სტატუსი – ხონელი ეკომიგრანტების 27 წელი
FaceBook
კვირა და ოთხშაბათი ხონში ბაზრობის დღეებია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ გუგული ბოლქვაძე სოფელ დედალაურიდან ქალაქამდე ტრანსპორტით იმგზავრებს. დანარჩენ დღეებში ავტობუსი არაა.

ზამთარში, სოფლის გზაზე, გაუვალი ტალახის დაძლევა ტრანსპორტსაც უჭირს. ზაფხულში კი გაუსაძლისი მტვერია.

67 წლის გუგული ბოლქვაძემ ხონში რამდენიმე დღისთვის სამყოფი სურსათი და წამლები მოიმარაგა. ასე გრძელდება უკვე 27 წელია, იმ დღიდან, რაც ის ხულოდან დედალაურში ჩაასახლეს.




1989 წლის 19 აპრილს აჭარაში, ხულოს რაიონის სოფელ წაბლანაში ეკოლოგიური ტრაგედიის შედეგად სოლგომანის მთა ჩამოიშალა. უეცრად ჩამოწოლილმა მეწყერმა 23 ადამიანის სიცოცხლე, მათ შორის 3 ბავშვის იმსხვერპლა, 17 ოჯახი სახლებიანად მიწაში ჩაიმარხა. 20 ადამიანი კი ადგილზევე დაიღუპა. დაღუპულთა შორის ოთხი ქალბატონი, ერთ–ერთი კი ფეხმძიმე იყო.

"მეტრნახევრიანი მიწა იყო დახეთქილი. მცოცავი ნიადაგი მიდიოდა და მიდიოდა, მთა ჩამოწვა. სახლში ვეღარ შევედით, თავზე დაგვენგრა ყველაფერი," – იხსენებს გუგული ბოლქვაძე.

"ბნელი ღამე" –ასე უწოდებენ დედალაურის თემის ყოფილი მე–5 კოლონიის მცხოვრებლები აჭარაში თავს დამტყდარ სტიქიურ უბედურებას, მიუხედავად იმისა, რომ მწყერი დღის საათებში ჩამოწვა.

"სადღაც მე–8 კლასში ვიყავი, როცა გეოლოგები ამბობდნენ, აქ ხალხის ცხოვრება არ შეიძლებაო, მაგრამ არავის სჯეროდა," – ამბობს გუგული ბოლქვაძე.

მის მსგავსად, 300–მდე გადარჩენილი აჭარელი ოჯახის საცხოვრებელი ერთ დღეში სამუდამოდ შეიცვალა. ისინი ხონის რაიონის ოთხ სოფელში, დედალაურში, ჩაის მეორნეობაში, ტუნგოსა და სიცილიაში ჩაასახლეს.



დროთა განმავლობაში აჭარლებმა ახალი საცხოვრებელი ადგილი დატოვეს. ამ დროისთვის ოთხივე სოფელში მხოლოდ 90–მდე ოჯახი დარჩა, აქედან 24 დედალაურის ყოფილი მე–5 კოლონიის უბანში. ისინი სტიქიურმა უბედურებამ იძულებით გადაადგილებულ პირებად აქცია.

თუმცა, 27 წელია ხონში მცხოვრები აჭარლები ამ სტატუსის მქონე ადამიანებთან გათანაბრებას და ეკომიგრანტის სტატუსის მინიჭებას უშედეგოდ ელიან.

საქართველოში, 1989 წლიდან დღემდე, ეკომიგრანტებისთვის სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრა არც ერთი კანონით არ ხდება.

შესაბამისად, ისინი სოციალური თუ სხვა სახის დახმარების მიღმა რჩებიან, რასაც სახელმწიფო იძულებით გადაადგილებულ პირთა მიმართ ახორციელებს.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (UN) სახელმძღვანელო პრინციპების მიხედვით კი, იძულებით გადაადგილებულ პირებად ითვლებიან ის პირები ან პირთა ჯგუფები, რომლებიც გამოაძევეს ან იძულებული გახდნენ დაეტოვებინათ თავიანთი სახლი ან მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, რათა გაქცეოდნენ შეიარაღებულ კონფლიქტს, საყოველთაო ძალადობას, ადამიანის უფლებათა ხელყოფასა და ბუნებრივ ან ტექნოგენურ კატასტროფებს, ამასთან, არ გადაუკვეთიათ საერთაშორისოდ აღიარებული საზღვარი.

ეკომიგრანტებისთვის სამართლებრივი სტატუსის მინიჭების მიმართულებით ეროვნული კანონმდებლობის დახვეწის აუცილებლობაზე საუბრობენ "კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის" (CENN) წარმომადგენლები.

"ეს მისცემდა მათ საშუალებას, მცირედით მაინც გაიუმჯობესონ ვითარება და სახელმწიფოს მხარდაჭერით შეძლონ თავი დააღწიონ სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველ გარემო პირობებს", – განმარტავს ორგანიზაციის წარმომადგენელი, მელანო ტყაბლაძე.

ეკომიგრანტების იძულებით გადაადგილებულ პირებთან გათანაბრების მიზნით, CENN–ის ერთ–ერთი რეკომენდაცია გარდამავალ ეტაპზე, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მანდატის გაზრდაა.

ამ დროისთვის, საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ეკომიგრანტებს იცავს, საკმაოდ შეზღუდულია.

ერთ–ერთი დოკუმენტი, სადაც სახელმწიფოს ვალდებულებებზეა საუბარი, საქართველოს მთავრობის 2008 წლის დადგენილებაა.

ის ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინინისტროს სტიქიური მოვლენებით გამოწვეული ეკომიგრაციის ეფექტური მართვის სისტემის შემუშავებას, სტიქიაში რეგიონებიდან მოსალოდნელი მიგრაციის პროგნოზირებასა და ეკომიგრანტთა განსახლების პროგრამების განხორცილებას ავალდებულებს.
დოკუმენტით, ასევე განსაზღვრულია სამინისტროს მხრიდან, ეკომიგრანტების მონაცემთა ბაზის შექმნა.

მეორე საკანონმდებლო აქტი, 2013 წლის 13 ნოემბრის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინინისტროს (#779) ბრძანებაა, რომლითაც ეკომიგრანტის სტატუსი არაა დადგენილი, თუმცა, განსაზღვრავს დაზიანებული საცხოვრისის შეფასების კრიტერიუმებს, ეკომიგრანტების დახმარების ფორმებსა და პროცედურებს აწესებს.

უწყებაში აცხადებენ, რომ ხონის მუნიციპალიტეტში, ეკომიგრანტთა მდგომარეობას მინისტრი მიმდინარე წლის ოქტომბერში პირადად გაეცნო.

"მუნიციპალიტეტს დავავალეთ დეტალური ინფორმაცია გადმოეგზავნათ და ალბათ, იანვრის ბოლოდან დაიწყება მათი საკითხის განხილვა," – განუცხადეს ქუთაისიპოსტს დევნილთა სამინისტროს პრესსამსახურში.

ვანისა და ხონის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარისთვის დედალაური განსაკუთრებულ რეჟიმში არ იმყოფება. გრიგოლ ლილუაშვილის მოსაზრებით, სოფლის პრობლემები, საქართველოს სხვა სოფლებში არსებული ვითარების იდენტურია, ხოლო ეკომიგრანტის სტატუსის მინიჭება, დედალაურში მცხოვრებ აჭარლებს შეღავათს არ მისცემს.

"მინისტრმა დადო პატივი და ჩავიდა ამ ადამიანებთან, ასევე, აჭარიდან ჯანდაცვის მინიტრის მოადგილე ჩამოვიყვანეთ და თუ ვინმეს კომპენსაციის სახით სახლი არ მიუღია, შეპირდნენ 25 000 ლარის ფარგლებში დააკმაყოფილონ ისინი," – განმარტავს გრიგოლ ლილუაშვილი.

დედალაურში, კი ერთ ოთახიან ქოხში, შინ და გარეთ ერთნაირად წვიმს. ხულოდან ჩამოსახლებული ბერიძეების ექვსსულიანი ოჯახი ჭერიდან ჩამოსულ წვიმას საკუთარი ძალებით უმკლავდება.



ოჯახის დიასახლისი ნორმალურ საცხოვრებელზე ოცნებობს, მაღალჩინოსნების ერთიდაიგივე დაპირების კი, რომელსაც 27 წელია ისმენს, არ სჯერა.

"გაიძახიან კი, კი, მაგრამ საშველი არ დაადგა," – ამბობს ხულოდან ჩამოსახლებული მზია ბერიძე.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის
სტუდენტს, საბა ჭეიშვილს, საზოგადოების მხარდაჭერა
სჭირდება.
11:32 / 11.10.2024
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტს, საბა ჭეიშვილს, საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.