ქუთაისში 1500 - მდე ე.წ. მაწანწალა ძაღლია აღრიცხული, თუმცა
მათგან , ამ დრომდე მხოლოდ 500 ძაღლია აცრილი.
ამ ფონზე, ადგილობრივები მიიჩნევენ, რომ ქუთაისში მოსახლეობისთვის
უსაფრთხო გარემო კვლავაც არ არსებობს.
"ქუჩაში ბევრი მაწანწალა ძაღლი დადის. მათ უმრავლესობას ყურზე არა
აქვთ ნიშანი, ანუ არ არიან აცრილი. გვეშიანია ბავშვების გარეთ
გაშვება. მითუმეტეს, ჩვენს უბანში სულ ჯგუფებად დადიან უპატრონო
ძაღლები," - ამბობენ ქუთაისში,ქუთაისში 9 აპრილის ქუჩაზე
მცხოვრებლები.
9 აპრილის ქუჩაზე მცხოვრებლების მსგავსად, ქუთაისის სხვადასხვა
უბანშიც უჩივიან უმეთვალყურეოდ დარჩენილი ძაღლების სიმრავლეს.
ქუთაისელების თქმით, უპატრონოდ დარჩენილი ძაღლები მოსახლეობისთვის
ისევ საფრთხეს წარმოადგენს.
"ჩვენს უბანში მრავლად დადიან უპარონო ძაღლები, ერთხელ წაიყვანეს
თუმცა ისევ დაბრუნდნენ. ზოგიერთი მათგანი ბირკის გარეშეა," - ამბობენ
ქუთაისში ლ. ასათიანის ქუჩაზე მცხოვრებლები.
ქუთაისში უმეთვალყურეოდ დარჩენილი ცხოველების იზოლაცია ააიპ
"სპეცილაურ სერვიებს" ეხება.
აღნიშნულ ორგანიზაციაში ამბობენ, რომ უპატრონო ცხოველების სრულად
აღრიცხვასა და მათ სტერილიზაციას დრო სჭირდება.
"გასულ წელს ნოემბრის თვეში გადმოეცა ააიპ "სპეციალკურ სერვისებს"
უმეთვალყურეოდ დარჩენილი ცხოველების მოვლა პატრონობის კომპეტენცია,
ქუთაისში ბერვი მაწანწალა ძაღლია და დრო სჭირდება მათ სტერილიზაციასა
და აცრას," - აცხადებენ "სპეციალური სერვისების" ადმინისტრაციაში.
მათივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე, უმეთვალყურეოდ დარჩენილი ცხოველების
თავშესაფარში შეიქმნა მატერიალური - ტექნიკური ბაზა და ამჟამად,
ცხოველებისთვის სულ 150 ვოლიერია მოწყობილი.
უმეთვალყურედ დარჩენილი ცხოველების თავშესაფარი ქუთაისი - მაღლაკის
გზაზეა განთავსებული. თუმცა ააიპის ხელმძღვანელობაში ადასტურებენ, რომ
ვოლიერები არ არის საკმარისი. სამაგიეროდ, ირწმუნებიან, რომ ძაღლებს
"სრულფასოვნად" კვებავენ.
"კვება აქვთ სრულფასოვანი, აღარ ხდება მათი გაფუჭებული პურით
გამოკვება. მართალია, ჯერ კიდევ ბევრი რამ არის დასახვეწი, თუმცა ჩვენ
ნამდვილად ვმუშაობთ,"- ამბობენ, ააიპ "სპეციალურ სერვისებში."
მათივე თქმით, უმეთვალყურეო ცხოველების ეფექტურად მართვის მიზნით,
ბევრი ახალი პროექტის განხორციელებასაც აპირებენ. მათ შორის,
ვეტერინალური კლინიკისა და ლაბორატორიის მოწყობას.
"ისეთი ლაბორატორია გვექნება, სადაც ცხოველებზე ელემენტარული
კვლევების ჩატარება იქნება შესაძლებელი. მაგალითად, როგორიცაა:
სისხლის, ბეწვის, ნაცხის და კანის დაავადებების ანალიზების გაკეთება,"
– ამბობენ შპს "სპეციალური სერვისების" ადმინისტრაციაში.
ქუთაისში ვეტერინალური კლინიკისა და ლაბორატორიის მოწყობისთვის
ადგილობრივი ბიუჯეტიდან 12 000 ლარამდე უნდა დაიხარჯოს.
ვეტერინალური კლინიკისა და ლაბორატორიის მოწყობა მიმდინარე წლის
მაისის ბოლომდე იგეგმება.
თუმცა სხვადასხვა ინოვაციების მიუხედავად, ირკვევა, რომ მარკირებისა
და სტერილიზაციის შემდეგ აცრილი ძაღლი, ისევ ქუჩაში მიდის.
"სხვა რესურსი არ არსებობს, ამდენი ძაღლი რომ დაიტიო მაშინ ძალიან
დიდი თავშესაფარი უნდა გქონდეს, რისი შესაძლებლობაც ააიპს არა აქვს,"
- განმარტავენ "სპეციალური სერვისების" ადმინისტრაციაში.
ააიპ სპეციალურ სერვისების ადმინისტრაციაში ადასტურებენ, რომ იმ
შემთხვევაში, თუ ცხოველი მოკვდა, ლეში ქუთაისში ნიკეას ნაგავსაყრელზე
ხვდება.
თუმცა აღნიშნულის პარალელურად, ააიპის ხელმძღვანელობაში ამ საკითხის
მოგვარების პირობას დებენ და ამბობენ, რომ უახლოებს მომავალში
ქუთაისში ძაღლებისთვის სპეციალურად განკუთვნილი სამარხი გაჩნდება.
"ქუთაისში უმეთვალყურეოდ დარჩენილი ცხოველებისთვის მიმდინარე წელს,
ოფიციალური სასაფლაო მოეწყობა, სასაფლაოს მოწყობის თაობაზე შპს
"ქართული ტრადიციების" წარმომადგენლებთან აწარმოებენ მოლაპარაკებას,"
- ამბობენ ააიპ "სპეციალური სერვისების" წარმომადგენლები.
მიუხედავად ააიპ "სპეციალური სერვისების" სამომავლო გეგმებისა,
აღმოჩნდა, რომ მათ ბიუჯეტში არა აქვთ კონკრეტულად გაწერული თუ რამდენი
უნდა დაიხარჯოს უმეთვალყურეოდ დარჩენილ ცხოველების
მოვლა-პატრონობაზე.
"ეს ისეთი საკითხია, წინასწარ ვერ განსაზღვრავ რამდენი უნდა დაიხარჯოს
წლის მანძილზე," - აცხადებენ ააიპ "სპეციალურ სერვისების"
ხელმძღვანელობაში.
ააიპ "სპეციალური სერვისების" მიმდინარე წლის ბიუჯეტი 4, 5 მილიონ
ლარია.
როგორ აპირებს ააიპ "სპეციალური სერვისების" ხელმძღვანელობა ქუთაისში
უმეთვალყურეოდ დარჩენილი ცხოველების მართვა, ნახეთ დისკუსია საღამოს,
23: 00 საათზე "ქუთაისიპოსტზე.
მასალის გამოყენების პირობები