საზოგადოება
სად გაქრა „ოცნების ქალაქი“? - დაპირება, რომელიც არ შესრულდა
FaceBook
ქუთაისში "ოცნებას" "ოცნების ქალაქი" უნდა აეშენებინა.

ასეთი იყო დაპირება და საჯაროდ დაანონსებული პროექტი, 2016 წელს, საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე. "ქალაქიც" პარლამენტის მიმდებარედ უნდა გაშენებულიყო.

თუმცა, მას შემდეგ პროექტი აღარავის გახსენებია.

"ოცნების ქალაქიც" ოცნებად დარჩა, ქუთაისის თვითმმართველობა კი 20 ჰექტარი მიწის გარეშე, რომელიც ინვესტიციის განხორციელების პირობით სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადაეცა.

მეტიც, დასახელებულ ინვესტორზე, რომელსაც პროექტი ხუთი წლის ვადაში უნდა დაესრულებინა, დღეს ეკონომიკის სამინისტროში არაფერი იციან.

სად გაქრა "ოცნების ქალაქი" და ინვესტორი კომპანია, რომელსაც 270 მილიონი ევროს ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა - პასუხი არავის აქვს.



ქუთაისის მერიის საკუთრებაში არსებული 20 ჰექტარი მიწა, 2016 წლის 21 მარტს, ეკონომიკის სამინისტროს მოთხოვნით, სახელმწიფოს უსასყიდლოდ, საკუთრებაში, ქუთაისის საკრებულოს N 244 განკარგულების საფუძველზე გადაეცა. საკრებულოს პრესსამსახურის განმარტებით, მოთხოვნას თან ერთვოდა, ინვესტორი კომპანიის - შპს "აია ინტერტაიმენტის" მიერ წარმოდგენილი საინვესტიციო პაკეტი.

ამასთანავე, იყო შეთანხმება (განკარგულების მე-2 მუხლის საფუძველზე) - თუკი სახელმწიფოსთვის გადაცემულ მიწაზე კომპანია დაგეგმილ ინვესტიციას ვერ განახორციელებდა, მიწა საკუთრებაში კვლავ ქალაქს უნდა დაბრუნებოდა.

**
ქუთაისის ყოფილი მერი, შოთა მურღულია, რომელმაც 2016 წელს, პირადად დაანონსა "მასშტაბური ინვესტიის" დაწყების შესახებ, განმარტავს, რომ ერთერთი ჯგუფის მიერ ინვესტიციის დაწყების თაობაზე წერილი ეკონომიკის სამინისტროდან მიიღეს. მურღულიას თქმით, მისი მერობის დროს, ამის იქეთ საქმე არ წასულა.

ეკონომიკის სამინისტროში კი განმარტავენ, რომ მათ მერიას წერილით მხოლოდ მიწის გადაცემის თაობაზე მიმართეს. თავდაპირველად სამინისტროში განგვიცხადეს, რომ მათთვის "ოცნების ქალაქის" პროექტის თაობაზე უცნობი იყო, მოგვიანებით კი აღნიშნეს, რომ ქუთაისის მუნიციპალიტეტიდან უსასყიდლოდ მიღებულ ქონებაზე ინვესტორის მხრიდან კონკრეტული დაინტერესება ან პროექტი წარდგენილი არ ყოფილა.

"ჩვენთან ინვესტორების მხრიდან დაინტერესება წარმოდგენილი არ იყო, სადაც რაიმე კონკრეტული პროექტის შესახებ იქნებოდა საუბარი", - ამბობს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაქვემდებარებული სსიპ "სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ნიკა ქამუშაძე. მაშინ როდესაც, პროექტის დაანონსებისთანავე კომპანია "აია ინტერტაიმენტის" წარმომადგენელი, ვახტანგ გაგნიძე სამომავლო გეგმებზე საუბრობდა.

ის "ბიზნესკონტაქტთან" საუბრისას აცხადებდა, რომ იმ ეტაპზე მიწის გადაცემის ტექნიკური დეტალები ზუსტდებოდა, რომელიც დაახლოებით 10 დღეში დასრულდებოდა. მისივე თქმით, პროექტი წარდგენილი იყო სახელმწიფო უწყებებისთვის, მათ შორის ეკონომიკის სამინისტროსთვის და მათი მხრიდან მოწონება დაიმსახურა.

"კომპლექსის ძირითადი მიმართულება ტურისტული დანიშნულება იქნება, წარმოდგენილი პროექტები ექსკლუზიურია და ანალოგიები არ აქვს, რადგან ის უცხოეთში მოღვაწე ქართველმა გააკეთა. ჩვენ ჩვენის მხრივ, ვალდებულებას ვიღებთ, რომ მიწის გადმოცემიდან არაუგვიანეს 90 დღეში, უზრუნველყოთ პრაქტიკული საქმიანობის დაწყება. დაახლოებით ხუთი წელი დასჭირდება პროექტის განხორციელებას", - აცხადებდა ვახტანგ გაგნიძე "ბიზნესკონტაქტთან" საუბარში.

დღესდღეობით, კომაპნიის წარმომადგენელთან დაკავშირება ვერ ხერხდება. ასევე, შპს "აია ინტერტაიმენტი" არ იძებნება საჯარო რეესტრში.

პროექტის დაანონსებიდან სამი წლის გავსლისა და ინვესტიციის არგანხორციელების მიუხედავად, მიწა ამ დრომდე ეკონომიკის სამინისტროს საკუთრებაშია.

"ნაციონალურ მოძრაობაში", სადაც პროექტის დაანონსებითანავე განაცხადეს, რომ დაპირება დაპირებად დარჩებოდა, დღეს ამბობენ, რომ აღნიშნული ტერიტორიით ბიძინა ივანიშვილია დაინტერესებული. რასაც უარყოფენ ეკონომიკის სამინისტროში.

ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებულ "სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს" პრესსამსახურში განმარტავენ, რომ როგორც ყველა სახელმწიფო ქონება, ზემოთაღნიშნულიც განკარგვას ექვემდებარება და თუ იქნება დაინტერესება, შესაბამისი საინვესტიციო პირობებით, ამ ქონების გასხვისებას განიხილავენ. თუმცა, ამ ეტაპზე მსგავსი დაინტერესება არ არის.

რაც შეეხება ქუთაისის მერიის მხრიდან სახელმწიფოსთვის კონკრეტული შეთანხმებით გადაცემულ მიწას, სამინისტროში აცხადებენ, რომ ქუთაისის მერიას მიწის ნაკვეთის უკან დაბრუნებაზე მათთვის არ მიუმართავს.

ქუთაისის საკრებულოშიც აცხადებენ, რომ საქმისწარმოება ტერიტორიის უკან დაბრუნებასთან დაკავშირებით ჯერ არ დაწყებულა. მათი განმარტებით, განკარგულების მე-2 მუხლის საფუძველზე, თუკი ინვესტორი არ შეასრულებს ეკონომიკის სამინისტროსთან დადებული ხელშეკრულების პირობებს, ქუთაისის მუნიციპალიტეტი იტოვებს უფლებამოსილებას, ქონება უკან დაიბრუნოს. თუმცა აღნიშნავენ, რომ ჯერჯერობით ხუთწლიანი ვადა გასული არ არის.

სამაგიეროდ, გასულია სამი წელი "მასშტაბური ინვესტიციის" განხორციელების დაპირებიდან.

დაპირებიდან, რომელიც არ შესრულდა და "ოცნების" "ოცნების ქალაქი" ოცნებად დარჩა.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის
სტუდენტს, საბა ჭეიშვილს, საზოგადოების მხარდაჭერა
სჭირდება.
11:32 / 11.10.2024
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტს, საბა ჭეიშვილს, საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.