მომავალი წლიდან ქუთაისში საქალაქო ტრანსპორტი, რომელიც ამ დრომდე
კერძო ბიზნესის ხელშია, შესაძლოა, მუნიციპალურად გადაკეთდეს.
ქუთაისის მერიის ტრანსპორტის განყოფილებას სქემა უკვე შემუშავებული
აქვს და მის პრეზენტაციას ერთ თვეში გეგმავს.
მანამდე, სატრანსპორტო პოლიტიკაზე საკრებულოს დეპუტატებმა ფრაქცია
"ქართული ოცნება-კონსერვატორების" სხდომაზე იმსჯელეს.
ადგილობრივი თვითმმართველობა პასუხისმგებლობის აღებას მხოლოდ
საავტობუსო ხაზებზე აპირებს, რადგან, როგორც ამბობენ, მთელი
სატრანსპორტო ქსელის შეცვლა დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. გარდა
ამისა, ქალაქის ხელისუფლებაში მიიჩნევენ, რომ უმჯობესია თუ
მუნიციპალურ ტრანსპორტთან ერთად კერძო კომპანიებიც იარსებებენ. მათი
თქმით, ეს კონკურენციას შექმნის, რაც მომსახურების ხარისხს
გააუმჯობესებს.
ქუთაისის მერია სულ 14 საავტობუსო ხაზის დაფინანსებას გეგმავს. ეს
გულისხმობს დაახლოებით 100 ერთეული ავტობუსის შემოყვანას, რასაც შვიდი
მილიონი ლარი დასჭირდება. რაც შეეხება მიკროავტობუსებს, სატრანსპორტო
ქსელის ეს ნაწილი კვლავ კერძო ბიზნესის ხელში იქნება.
ქუთაისის მერიის ტრანსპორტის განყოფილების სპეციალისტი, დავით
კბილაშვლი, რომელიც სატრანსპორტო გეგმის ერთ-ერთი ავტორია, იმ
მიზეზებზე საუბრობს, რის გამოც კერძო ბიზნესმა პოზიციები ნაწილობრივ
უნდა დათმოს.
"ერთ ხაზზე მანქანა სხვისია, მძღოლი სხვაა, გადამზიდავი სხვა - ანუ
სამი სუბიექტია დაკავშირებული ერთ ხაზთან. სულ იმას გვაყვედრიან
90-იან წლებში ჩვენ გადავარჩინეთ ქალაქიო, უგზოობის პირობებში ჩვენს
ზურგზე გადაიარა ყველაფერმაო და ჩამოუყალიბდათ პოზიცია, რომ რადგან
ერთხელ შევიდნენ ამ სფეროში, სულ უნდა იყვნენ. რა თქმა უნდა ბიზნესი
ორიენტირებულია მოგებაზე და ხარისხს ნაკლებად აქცევენ ყურადღებას.
ამიტომ, ჩვენ უნდა გავუჩინოთ ალტერნატივა კერძო სექტორს და შევქმნათ
კონკურენცია. როგორც კი მიხვდება გადამზიდავი, რომ კლიენტს კარგავს,
ავტომატურად დაიწყებს ზრუნვას ხარისხის გაუმჯობესებაზე", - ამბობს
დავით კბილაშვილი.
ქუთაისის მერიის გეგმის მიხედვით, ავტობუსები, რომლებმაც კონკურენცია
უნდა გაუწიოს მიკროსაავტობუსო ხაზების მფლობელ კერძო
გადამზიდავებს, უნდა იყოს კომფორტული, შეზღუდული შესაძლებლობების
მქონე პირებისთვის ადაპტირებული და უფრო იაფიც. იმოქმედებს საბარათე
სისტემა და მგზავრობის ღირებულება სხვადასხვა სოციალური სტატუსის
მქონე პირისთვის, შესაძლოა, 20 თეთრამდეც შემცირდეს.
განსხვავებული პრინციპით დასაქმდებიან მუნიციპალურ ტრანსპორტში
მძღოლები. დავით კბილაშვილის თქმით, ტრანსპორტის განყოფილებაში
არსებობს მძღოლების გადამზადების გეგმა და ისინი მხოლოდ ამ კურსების
გავლის შემდეგ შეძლებენ მუშაობის დაწყებას.
ქუთაისის მერიის გათვლით, საავტობუსო ხაზები მხოლოდ ექსპლოატაციის
ხარჯების ანაზღაურებას შეძლებს, მოგებაზე ორინეტირებული კი ვერ
იქნება. შესაბამისად, თუ ხელისუფლებას მიკროავტობუსების მუნიციპალურად
გადაკეთება უნდა, ამისთვის დამატებითი სახსრები უნდა მოიძიოს.
ჯერჯერობით უცნობია 100 ავტობუსის შემოყვანისთვის საჭირო შვიდი
მილიონი ლარის დაფინანსების წყაროც. ქუთაისის მერიაში ამ კითხვას არ
პასუხობენ.
სატრანსპორტო სქემის განხორციელება ქუთაისის მერიამ 2019 წლიდან უნდა
დაიწყოს, როცა ქალაქში მოქმედი კომპანიების უმრავლესობას
ხელშეკრულების ვადა უმთავრდება. ახალი სქემის ამოქმედების
შემთხვევაში, თითოეულ მათგანს საავტობუსო ხაზებზე უფლება ჩამოერთმევა.
თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, როგორ დაარეგულირებს ხელისუფლება
ურთიერთობას გადამზიდავ კომპანიებთან, რომლებიც მრავალი წელია
სატრანსპორტო ბიზნესში
მონოპოლისტები არიან.
მერიის გეგმის მიუხედავად, სავარაუდოდ, უცვლელი დარჩება მათი გავლენის
მასშტაბები, რადგან, მსხვილი კომპანიები ფლობენ როგორც საავტობუსო,
ასევე, მიკროსაავტობუსო ხაზებს. შესაბამისად, გამოდის, რომ მსხვილ
გადამზიდავებს ბიზნესის მხოლოდ ნაწილობრივ დათმობა მოუწევთ.
სატრანსპორტო მონოპოლიამ ქალაქი არაერთხელ ჩააგდო გამოუვალ
მდგომარეობაში. ქალაქის ხელისუფლება კი მხოლოდ იმიტომ, რომ
ალტერნატივა არ არსებობდა, იძულებული იყო დათმობაზე წასულიყო. ასე
მოხდა 2017 წელსაც, როცა საქალაქო ტრანსპორტის მძღოლებმა ქალაქში
სამდღიანი გაფიცვა მოაწყვეს. ქალაქის ხელისუფლება მაშინაც უძლური
აღმოჩნდა და მგზავრობა
10 თეთრით გააძვირა.
როგორ გამოიყურება საქალაქო ტრანსპორტი ქუთაისში,
ნახეთ აქ.
ამავე თემაზე:
უცვლელი ბიზნესწილები და სატრანსპორტო მონოპოლია
ქუთაისში
მასალის გამოყენების პირობები