რა ვიცით ქუთაისში იმ ადგილებზე და სხვადასხვა არქიტექტურულ ნაგებობებზე, რომელთაც შესაძლოა ყოველდღე ვხედავთ?
რა ისტორია უკავშირდება თითოეულ მათგანს, რომელსაც გარკვეული საზოგადოებრივი სახელი თავად მოქალაქეებმა და დრომ დაუმკვიდრა.
ნაცნობი-უცნობი ქალაქი ნახეთ "ქუთაისიპოსტ"-ის რუბრიკაში "ნაცნობი-უცნობი ქუთაისი".
რუბრიკის არსი მდგომარეობს კონკრეტულ ადგილზე მოქალაქეთა ვიდეოგამოკითხვაში – რა იციან გამოკითხვის ობიექტის შესახებ? – ხოლო გამოკითხვის შემდეგ, "ქუთაისიპოსტ"-ზე განთავსდება ინფორმაცია გამოკითხვის ობიექტის ისტორიის შესახებ.
ერთად გავიგოთ ქალაქში არსებული ადგილებისა თუ არქიტექტურული ნაგებობების ისტორია.
თვეში ორჯერ (შაბათს) – kutaisipost.ge-ზე ადევნეთ თვალი ახალ რუბრიკას – "ნაცნობი-უცნობი ქუთაისი"
რუბრიკის მორიგი შეკითხვა გახლდათ: რა ისტორია უკავშირდება ქუთაისში, შენობას სადაც ამჟამად უშიშროება არის განთავსებული? – (ნახეთ ვიდეო აქ)
***
"ქუთაისიპოსტის" მიერ მოკლვეული მასალის მიხედვით, ქუთაისში ტაბიძის ქუჩაზე მდებარე ოთხასართულიანი შენობა 1878-1882 წლებში არის აშენებული.
აღნიშნული შენობის შესახებ საინტერესო ისტორიას გვიყვება ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, თამთა თურმანიძე.
"ეს შენობა შეიძინა პრინცმა კონსტანტინე ოლდენბურგმა.მის შესახებ არის საინტერესო სასიყვარულო ისტორია. პრიცმა ცოლად მოიყვანა ქუთაისელი ქალბატონი აგრაფინა ჯაფარიძე, რომელიც ადრე იყო დადიანის მეუღლე. ამ ურთიერთობით ქუთაისმა მოიგო, რადგან პრინცს ქუთაისში აგრაფინას სახით ინტერესის საგანი გაუჩნდა და მან გადაწყვიტა სამეწამეო საქმიანისთვისაც მოეკიდა ხელი", - ამბობს "ქუთაისიპოსტთან" საუბარში თამთა თურმანიძე.
მისივე თქით, პრინცმა 1884 შეიძინა სარდაფი, სადაც ღვინოებს და შამპანურებს ამზადებდა. აღსანიშნავია, რომ 80-იან წლებში ქუთაისში 4 ქარხანა არსებობდა. ოთხივე პრინცს ეკუთვნოდა.
"ეს ინფორმაცია ჩემთვის ცნობილი მიხეილ ნიკოლეიშვილის ნამუშევრის "სამრეწველო და სახელოსნო საწარმოები ქუთაისში მეცხრამეტე საუკუნის 70-80 წლებში" დაყრნობით გახდა ცნობილი", - აღნიშნავს თურმანიძე.
ირკვევა, რომ ქუთაისში ტაბიძის ქუჩაზე მდებარე შენობაში უშიშროება 1921 წელს განთავსდა. 1920 წელს კი შენობაში ქუთაისის ისტორიულ- ეთნოგრაფიული სახელმწიფო მუზეუმი გახლდათ განთავსებული. უფრო ადრე კი, 1910- 1917 წლებში ხაზინას (იგივე მთავრობას) აღნიშნული ოთხსართულიანი შენობა იმერეთის გუბერნიისთვის ჰქონდა ნაქირავები.
თეკლე მორგოშია
მასალის გამოყენების პირობები