კულტურა
უარყოფითი ზეგავლენისგან დასაცავად მინიჭებული სტატუსი ქართულ სუფრას
FaceBook
ქართულ სუფრას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი, მისი შემდგომი პოპულარიზაციის და უარყოფითი ზეგავლენის შეჩერების მიზნით მიენიჭა.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, რომ ქართული პურობის კულტურა სახეცვლილებას მუდმივად განიცდის. თუმცა ახლადმინიჭებული სტატუსი სუფრის ტრადიციის პირვანდელი სახით შენარჩუნებას ემსახურება. სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ მხოლოდ სტატუსი ქართული სუფრის უარყოფით მხარეებს ვერ შეცვლის.


ქართული პურობა, როგორც არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის
ძეგლი

ქართული სუფრის არამატერიალურ მემკვიდრეობად აღიარების იდეა ძეგლთა დაცვის ეროვნულ სააგენტოში თითქმის ერთი წლის განმავლობაში განიხილებოდა.
სუფრის ტრადიციები, სუფრასთან სხდომის წესები, პურობის რიგი და თანმიმდევრობა, რიცხობრივი და ასაკობრივი დიფერენციაცია, სანახაობრივი მხარეები, თამადობის ინსტიტუტი, სადღეგრძელოები, მომსახურე პირთა უფლება- მოვალეობები და ტერმინოლოგია, უკვე კულტურული მემკვიდრეობაა.

სააგენტოში განმარტავენ, რომ სუფრისთვის ძეგლის სტატუსის მინიჭების აუცილებლობა, დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც პურობამ უარყოფითი სახეცვლილება განიცადა და მისი როგორც, ქართული ტრადიციის ერთ-ერთი სახის დაკარგვის საფრთხე თვალშისაცემი გახდა. მაგალითად, სუფრაზე ღრეობა, ჩხუბი.

"სტატუსის მინიჭების მიზანია საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენოთ, რომ ესეც არის კულტურული მემკვიდრეობა, ამას სჭირდება დაცვა და არ უნდა მოხდეს მისი დაკარგვა. სუფრა არ უნდა იყოს მხოლოდ დანაყრების ან ღრეობის ადგილი, რადგან ის არის და უნდა იყოს სოციალური ურთიერთობების, სჯა-ბაასის, ურთიერთპატივისცემის და დისკუსიის ადგილი", - აღნიშნავს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ექსპერტი, მაკა თაქთაქიშვილი.

მისი თქმით, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სპეციფიკიდან გამომდინარე,  ის თავის თავში არ გულისხმობს კონკრეტული ძეგლის შელახვისთვის რაიმე სასჯელს,  თუმცა, ხაზგასმით მიუთითებს, რომ ყოველი ტრადიცია თუ კულტურის ელემენტი დამოკიდებულია საზოგადოებაზე, თუ როგორ შეძლებენ ისინი დააფასონ საუკუნეებგამოვლილი უდიდესი ისტორიის მქონე კულტურა.

"ქართული სუფრა, შესაძლოა,  იყოს თანამედროვეობასთან მისადაგებული, შესაძლოა,  შევიდეს ცვლილებები, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს ისე, რომ დაზიანდეს ქართული კულტურა და მან მიიღოს უარყოფითი, დამახინჯებული სახე", - ამბობს მაკა თაქთაქიშვილი.

ქართულ პურობაში უარყოფითი ზეგავლენის სიმრავლეზე საუბრობს ფოლკლორისტი მაიზერ გაზდელიანი.

ის ქართულ ტრადიციულ სიმღერებს უკვე 38 წელია ასწავლის და გვიყვება, რომ ქართული სუფრა მუდმივად ახერხებს უარყოფითი ზეგავლენის თავიდან აცილებას. მას მიაჩნია, რომ ქართულ სუფრაში ქვეყნის კულტურის ერთ-ერთი მთავარი შტრიხკოდი ჩადებული.

ფოლკლორისტი ყურადღებას ამახვილებს ღრეობაში გადასულ სუფრაზე და ჩხუბში გადაზრდილ ქორწილზე, თუმცა,  აღნიშნავს, რომ მხოლოდ სტატუსი არსებულ მდგომარებას ვერ შეცვლის.

"სტატუსი უკვე არსებობს, მაგრამ მთავარი არის საზოგადოებისთვის მუდმივი შეხსენება,  რომ ჩხუბი, ნგრევა  აზიანებს კულტურას, აფერხებს მის განვითარებას. საზოგადოებას უნდა შევახსენოთ, რომ სუფრა არის უკვე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი და მეტად სჭირდება გაფრთხილება ", - ამბობს, მაიზერ გაზდელიანი.

რას ნიშნავს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა

არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის შემადგენელი ნაწილი არის ზეპირსიტყვიერების ტრადიციები და და გამოხატვის ფორმები, საშემსრულებლო ხელოვნება, ადათ-წესები, ჩვეულებები, ტექნოლოგიები, ტრადიციულ ხელოვნებასთან დაკავშირებული ცოდნა და უნარ-ჩვევები, მათთან დაკავშირებული ინსტრუმენტები, საგნები, არტეფაქტები და კულტურული სივრცეები, რომელიც თავის მხრივ კულტურულ იდენტობას ქმნის და ხელს უწყობს კულტურათა მრავალფეროვნების და ადამიანის შემოქმედების პატივისცემას.

ქართული სუფრა ახლა ისეთივე კულტურული მემკვირეობის ძეგლია, როგორც ქვევრი, ქვევრის ღვინის დაყენების ტრადიცია , ბერიკაოაბა, სვანური ქუდი, ცეკვა ფერხული, "ვეფხისტყაოსნის" ზეპირად ცოდნის ტრადიცია და ქართული ტრადიციის თუ ზეპირსიტყვიერების სხვა ნიმუშები.

ქართულ ტრადიციულ სუფრას/ პურობის კულტურას, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში სულ 35 ძეგლია, ქართულმა სუფრამ სტატუსი ბოლოს 2017 წლის 13 მარტს მიიღო.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში აღნიშნავენ, რომ ქართული პურობის კულტურა ისეთივე პოპულარული და წარმატებული სახის მატარებელი გახდება, როგორც არის ქვევრის ღვინის დაყენების ტრადიცია, დამბალხაჭო, „ვეფხისტრაოსნის“ ზეპირად თქმა და ასე შემდეგ.

მსოფლიოში უკვე წლებია არსებობს სამზარეულოსთვის სტატუსის მინიჭების კულტურა. მაგალითად ფრანგული სამზარეულო, ზღვის პროდუქტების მომზადების წესი, თურქული ყავის მოდუღება და სხვა.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
30 ნოემბერს, ქუთაისში, მესხიშვილის სახელობის თეატრში, ანრი ჯოხაძის
კონცერტი გაიმართება.
13:32 / 22.11.2024
30 ნოემბერს, ქუთაისში, მესხიშვილის სახელობის თეატრში, ანრი ჯოხაძის კონცერტი გაიმართება.
პირველად იმერეთის რეგიონში, ტყიბულის მუნიციპალიტეტში, ლეგენდარული
იტალიური ჯგუფის RICCHI E POVERI-ის კონცერტი გაიმართება.
11:29 / 12.11.2024
პირველად იმერეთის რეგიონში, ტყიბულის მუნიციპალიტეტში, ლეგენდარული იტალიური ჯგუფის RICCHI E POVERI-ის კონცერტი გაიმართება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.