კულტურა
შობის სიზმარი - ზეიმი ავტორიტარულ რეალობაში
FaceBook
"მხიარული ახალგაზრდები", "ბედნიერი შეხვედრა", "კოლმეურნის ქორწილი", "ქეთო და კოტე", "ჭირვეული მეზობლები", "დაკარგული სამოთხე" - ყველა ეს ბედნიერი სახელწოდების და შინაარსის ფილმი სტალინურ ეპოქაში გადაიღეს, მაშინ როდესაც რეპრესიები პიკზე იყო და ყოველდღიურად ასობით ოჯახი უბედურდებოდა.

რაც უფრო მასშტაბური იყო ტრაგედია, მით უფრო მხიარული კინო. საბჭოთა პროპაგანდის ნაწილად ქცეული კინო ჯიუტად ამტკიცებდა, რომ ყველაფერი კარგადაა, იქამდე საუკეთესოდ. ერთი-ორი გზიდან აცდენილი თუ გამოჩნდა იმასაც სასწრაფო წესით მოათვინიერებენ და დააყენებენ სწორ გზაზე. კინო ქადაგებდა საბჭოურ მორალს და ასხივებდა საბჭოთა ტოტალიტარულ "სიკეთეს".

მსგავსი ტენდენცია იყო ნაცისტურ გერმანიაში, იქაც ბედნიერი ცხოვრვბის კადრები იღვრებოდა ეკრანებიდან, ულამაზესი ქალ-ვაჟები დარონინებდნენ სამოთხისებრ ფონზე. საკონცენტრაციო ბანაკები და გაზის კამერები კი შეუჩერებლად მუშაობდნენ. ემსახურებოდნენ ერთი ერის გენოციდს და სხვა ერების დამორჩილებას.

ტოტალიტარული რეჟიმების გამოცდილებებმა აჩვენეს, რომ რაც უფრო ბრწყინვალე, უდარდელი და ბედნიერია ხელოვნება, მით უფრო ცუდადაა საქმე იმ ქვეყანაში. რაც უფრო სწორხაზოვნად, კარგებად და ცუდებად იყოფა სამყარო, მით უფრო ბოროტია რეჟიმი. რაც უფრო უხინჯოა სხვადასხვა სახელისუფლო მედიუმებიდან წარმოდგენილი აწმყო, მით უფრო ძლიერია ცენზურა.

მეორე წელია საქართველო პროტესტის რეჟიმში ცხოვრობს. ხელისუფლების მხრიდან მიტაცებულმა ძალაუფლებამ პროტესტი ყოველდღიურ მოვლენად აქცია სადაც შეურაცხყოფენ, იჭერენ, აწამებენ ადამიანებს, არღვევენ და არაფერად აგდებენ ადამიანის უფლებებს და კონსტიტუციას.

ყველაფერი ამის წინააღმდეგ მიმართული საყოველთაო პროტესტის ერთ-ერთ თვალსაჩინო ფიგურებად მსახიობები იქცნენ,რამდენიმე რეჟიმის პატიმარიც გახდა, რომელთაც წლობით ციხეში გამოკეტვა ემუქრება. ისინი გახდნენ მათი დიდი წინაპრების სულიერი მემკვიდრეები, რომლებიც ურთულეს ეპოქებში წინააღმდეგობის ავანგარდში იმყოფებოდნენ და არც ისინი დაინდო რეჟიმმა.

ხელოვანები ცდილობენ არ დაემორჩილონ, როგორც ქართული სახელმწიფოს, ასევე ხელოვნების დასამარების მცდელობას, ხელოვნება იბრძვის თავისუფლებისა და სიცოცხლისთვის.

ასეთი კონტექსტის და ამ რეალობის პირობებში მესხიშვილის თეატრში ჩარლზ დიკენსის" საშობაო სიმღერის" მიხედვით სპექტაკლი "საშობაო სიზმარი" დადგეს.

ამბავი ებენიზერ სკრუჯზე ფულზე შეყვარებულ და სიმდიდრეზე დახარბებულ მოხუცზე, ვისაც მხოლოდ მოხვეჭა და ფულის დაგროვება ადარდებს. მთელ დღეებს სამსახურის ოთახში გამოკეტილი ატარებს და არასდროს უხარია შობის დადგომა. თუმცა ერთ დღეს მასთანაც მივა სიკვდილის აჩრდილი, რომელიც უცილობელ ჭეშმარიტებებს შეახსენებს. სკრუჯი გამოსწორდება და კეთილი გახდება.
მოკლედ თეატრმა მორალზე დაფუძნებული ფეიერვერკული სიზმარი შესთავაზა პუბლიკას, კეთილი დასასრულით.

მაყურებელი საათნახევრის განმავლობაში ამოგზაურეს ილუზორულ და მშვენიერ სამყაროში,სადაც სიკეთე და სამართლიანობა იმარჯვებს.

სპექტაკლი პასუხობდა ამოცანას, რომელიც ავტორებმა დააყენეს - მსახიობების თამაშით, ატმოსფეროს შექმნით, მეტნაკლებად გამართული მიზანსცენებით, მუსიკით, მხატვრობით, მაგრამ ეს ის შემთხვევაა,როდესაც ყველაფერ ამას არანაირი მნიშვნელობა არა აქვს. მნიშვნელობა ენიჭება მხოლოდ იმას, რამდენად პასუხობს სპეტაკლი, როგორც ცოცხალი, ახლა და ამ დროში მიმდინარე აქტი, რეალობას, აწმყოს და კონტექსტს.
ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან ისევე ახლოსაა, როგორც დედამიწა  HD1 გალაქტიკასთან, რომელიც ჩვენგან 13.5 მილიარდი სინათლის წლითაა დაშორებული.

ეს ლამაზი სპექტაკლი გახდა იმის მაგალითი, რამდენად მძიმეა კონტექსტს აცდენილი ხელოვნება. როდესაც თეატრი კონკრეტულ მომენტში არ იმჩნევს ქართული დემოკრატიული სახელმწიფოსა და თავისუფალი საზოგადოების წინააღმდეგ მიმართულ დამანგრეველ სისტემას, არ სცნობს ქართული თეატრისა და სახელოვანი თეატრალების მიერ დამკვიდრებულ უსამართლობისა და ტერორის წინააღმდეგობის ტრადიციებს, არ იმჩნევს უსამართლოდ დაკავებულ კოლეგებს და ემორჩილება ავტორიტარიზმის წესებს, რომელიც მოითხოვს რეალობიდან მაქსიმალურად დაცილებას და მორალის ქადაგებას, სახელმწიფოს მიერ დამკვიდრებულ ამორალურ გარემოში.

მესხიშვილის თეატრი ისევ გაურბის სინამდვილეს და ლამაზ სიზმრებს გვთავაზობს. არ სურს გამოფხიზლდეს, უფრო მეტიც - მაყურებელსაც სიზმრებში ეპატიჟება ავტორიტარიზმის "საუკეთესო" ტრადიციებით.

21-ე საუკუნე, საქართველო, მესხიშვილის თეატრის შენობაში ზეიმია, გარეთ - ტერორი და ავტორიტარიზმი.


ფოტო: მესხიშვილის თეატრი

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ამერიკული გამოცემა The New Yor Times-ი მიიჩნევს, რომ ქალაქი ქუთაისი
ერთ-ერთი ადგილია, რომელიც ტურიზმის მოყვარულმა ადამიანებმა 2025 წელს
უნდა მოინახულოს.
12:54 / 11.01.2025
ამერიკული გამოცემა The New Yor Times-ი მიიჩნევს, რომ ქალაქი ქუთაისი ერთ-ერთი ადგილია, რომელიც ტურიზმის მოყვარულმა ადამიანებმა 2025 წელს უნდა მოინახულოს.
30 ნოემბერს, ქუთაისში, მესხიშვილის სახელობის თეატრში, ანრი ჯოხაძის
კონცერტი გაიმართება.
13:32 / 22.11.2024
30 ნოემბერს, ქუთაისში, მესხიშვილის სახელობის თეატრში, ანრი ჯოხაძის კონცერტი გაიმართება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.