საფრანგეთის მეფე ლუი მე-13 -ს ჩვევა ჰქონდა დაუძახებდა ქვეშევდრომებს
და ეტყოდა "მოდი ერთად მოვიწყინოთ".
ქვეშევრდომებიც იწყენდნენ. არ ვიცი რამდენად შეეფერება სიმართლეს ეს
ისტორია. თუმცა, ალექსანდრე დიუმა " სამ მუშკეტერში" ასე
ჰყვება.
ლუი მე-13-ს მსგავსად, როგორც ჩანს, თორნიკე მარჯანიშვილიც ძალიან
მოწყენილია და უნდა სხვებიც მოწყენილები იყვნენ. იგი მონარქი არ არის,
სამაგიეროდ, რეჟისორია, თანაც საკმაოდ დიდი თეატრის. ამიტომ შეუძლია
ერთ დარბაზში თავმოყრილი, იმაზე მეტი ადამიანი გახადოს მოწყენილი
(მაგალითად, სპექტაკლის პრემიერაზე), ვიდრე ლუი მე-13-ს.
ქუთაისის მესხიშვილის თეატრში პრემიერა გაიმართა. წარმოდგენილი იყო
ნოდარ დუმბაძის "თეთრი ბაირაღების" თორნიკე მარჯანიშვილისეული დადგმა.
ცნობილი ტექსტი, არაერთხელ ინსცენირებული, არაერთხელ დადგმული და
განხორციელებული. თუმცა, ბუნებრივია, ეს ხელს არ უშლის სპექტაკლის
ავტორებს რაიმე ახალი თქვან. ზოგადად სპექტაკლებსაც იმიტომ დგამენ,
რომ ცნობილი და შეიძლება არაერთხელ დადგმული დრამატურგების ტექსტებით,
რაღაც ახალი გვითხრან.
თუმცა, სპექტაკლის ავტორებმა მხოლოდ ის გვითხრეს, რომ სათქმელი
არაფერი აქვთ და ამ თუ სხვა მიზეზით მთელი სადადგმო ჯგუფი მოწყენილია.
შესაბამისად, მსახიობები უენთუზიაზმოდ და უხალისოდ განასახიერებენ
ციხის საკანში გამომწყვდეულ პატიმრებს. გვთავაზობენ ტიპიურ
ტიგრანას,ტიპიურ ლიმონას, ტიპიურ შოშიას და ა.შ. იმ პერსონაჟებს,
რომელთაც დიდი ხანია ვიცნობთ და გიგა ლორთქიფანიძის ფილმის წყალობით
მოწყენილიც გვყავს.
პუბლიკამ ლორთქიფანიძისეული გმირების დავიწყება ისე ვერ შეძლო, რომ
მათი, უკვე სცენაზე ნახვა მონატრებოდა, მითუმეტეს იმ პირობებში
როდესაც სპექტაკლში "თეთრი ბაირაღების" სტერეოტიპულ პერსონაჟებს
არაფერი ემატებათ, ამიტომ განმეორებით მოგვრილ მოწყენილობას ვერ
ვიქარვებთ, რადგან ვერ ვხედავთ სხვა ტიგრანას, სხვა ლიმონას, სხვა
შოშიას...ისინი ვერ შეიცვლებოდნენ თავისით, ეს პერსონაჟები სპექტაკლის
რეჟისორის ხედვის სხვაგვარ რაკურსს უნდა შეეცვალა. ეს რაკურსი კი არ
არსებობს.
სტერეოტიპის ორბიტას ვერ სცდება სპექტაკლში გაჟღერებული ე.წ.
მარადიული თემებიც - სიყვარული, მეგობრობა, ერთგულება. რომელთაც
ემატება დუმბაძის ტექსტში ბიბლიური ისტორიის შემოტანა - ამ
შემთხვევაში ხომ "მარადიულობა" გარანტირებულია. მაგრამ მარადიულ
თემებსაც ჭირდებათ ავტორი, რომელიც ამბავს მოყვება და რაც მთავარია,
სხვაგვარად მოჰყვება, აქამდე რომ არ მოგვისმენია ისე. თანაც ბიბლიურ
თემებს შესაბამის ადგილს, დროს, კონტექსტს გამოუძებნის და თავს
"უფლებას" მისცემს ბიბლიური ტექსტი სხვაგვარად წაიკითხოს.
თუმცა, მარადიული თემების სიმრავლე და ის რომ ისინი ძალიან
თვალშისაცემია გვაფიქრებინებს ავტორის კონკრეტული სათქმელის
უქონლობაზე. ეს კი პრობლემაა, რადგან სათქმელის ქონა მხატვრული
ნაწარმოების მთავარი პირობაა, სხვაგვარად რატომ წერ, თხავ, ხატავ,
დგამ, იღებ?! მაგრამ არის სხვა შემთხვევაც, როდესაც შეგიძლია სწორედ
„სათქმელის არქონა“ აქციო სათქმელად - როცა გააზრებულად ამბობ, რომ
სათქმელი არაფერი გაქვს, რომ ეს გაწუხებს და გტკივა, შეიძლება არც
გტკივა, მაგრამ ეს გაუტკივარობა გაოცებს და ამის მიზეზებს ეძებ.
მაგალითად, ფედერიკო ფელინი თავის „8 ½“ -ში სწორედ ამაზე საუბრობს
იმაზე, რომ სათქმელი არაფერი აქვს, რომ შთაგონებას ვერაფრიდან იღებს,
რომ ყველაფერი ამაოა, რომ შემოქმედებითი კრიზისი დიდხანს გაგრძელდა,
რომ მან, როგორც შემოქმედმა, თავი ამოწურა, რომ ვეღარაფერს იღებს და
გასცემს, აღმოჩნდა რომ ამ უთქმელობაში ფელინიმ შედევრი შექმნა
შემოქმედის გაჩერებაზე, მოწყენაზე. იმედგაცრუებაზე, საკუთარი თავის
ამოწურვაზე, ეჭვებზე, ნაკლზე, ხელმოცარულობაზე.
მაგრამ ჩვენთან აღიარებას, გულწრფელობას და ამის საშუალებით შესაძლო
შედევრის ან შედევრთან მიახლოებული ნაწარმოების შექმნას, ისევ
არაღიარება, მარადიული თემებით თამაში, „ფორმაში მყოფი“ ავტორის
განსახიერება და მოწყენა ურჩევნიათ. თავადაც იწყენენ და პუბლიკასაც
მოწყენაში ამყოფებენ. მოწყენას სიცარიელე განაპირობებს.
სიცარიელე კი უმეტესად ისეთი დესტრუქციაა, რომ მას სათნოებად ვერ
აქცევს სამყაროს ყველაზე მაღალ მწვერვალზე გამოფენილი თეთრი
ბაირაღებიც.
მასალის გამოყენების პირობები