სოხუმიდან დევნილმა ჯიმშერ უზარაშვილმა, 45 წლიანი მუშაობის შემდეგ,
საკუთარი ნამუშევრები ფართო საზოგადოებას პირველად გააცნო.
63 წლის უცნობი ხელოვანის ფერწერული ტილოებისა და ჭედური ნაკეთობების
გამოფენა, ქუთაისის მე-17 საქალაქო ბიბლიოთეკისა და "ღირსების
დარბაზის" ორგანიზებით გაიმართა.
გამოფენაზე ჯიმშერ უზარაშვილმა ის ნამუშევრები წარმოადგინა, რომლებიც
ბოლო 25 წლის მანძილზე, სოხუმის დატოვების შემდეგ, აქ ქუთაისში
შექმნა. ამბობს, რომ ბევრად უფრო მეტი, რაოდენობრივად და შინაარსითაც
იქ, სოხუმში დატოვა.
"უფრო დიდი და მნიშვნელოვანი ნამუშევრები იქ დავტოვე. ჩემს ბავშვობას
მახსენებდა თითოეული მათგანი. ისეა, რომ გამოზრდი ბავშვს და მერე აღარ
გემეტება დასაკარგად", – ამბობს ხელოვანი.
63 წლის ასაკში პირველ გამოფენას დაგვიანებულად თვლის, თუმცა,
ამასთანავე მიაჩნია, რომ განსაკუთრებულს არაფერს აკეთებს.
"დავბერდი და რაღა დროს ჩემი გამოფენაა. ან განა რას ვაკეთებ ისეთს
განსაკუთრებულს?! თუმცა, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმდენად, რომ
ზოგჯერ გასაყიდადაც არ მემეტება", – ამბობს ჯიმშერ უზარიაშვილი.
მის ნამუშევრებში ეროვნული და ისტორიული მოტივები სჭარბობს. ამბობს,
რომ ამ მოტივების გარეშე თითქმის არასდროს არაფერს ქმნის.
განსაკუთრებით ჭედური ნაკეთობა უყვარს. მოსწონს და უმარტივდება
ლითონთან მუშაობა.
გარდა ფერწერისა და ჭედური ნაკეთობისა, გამოფენაზე მის მიერ
დამზადებული ხელჩანთებიც იყო წარმოდგენილი.
ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც საზოგადოებას საკუთარი ნამუშევრები
გააცნო, ნაცვლად 12 საათისა, რასაც იგი დღის განმავლობაში
მუშაობას უთმობდა, მის საყვარელ საქმეს უფრო მეტ დროს მოახმარს.
ნახეთ ჯიმშერ უზარაშვილის ხელოვნება:
მასალის გამოყენების პირობები