გამჭვირვალე თვითმმართველობა
აუქციონის გარეშე გაიჯარებული ტროტუარი და დეპუტატის „ფერადი ქვიშა“
FaceBook
ქუთაისიპოსტი იწყებს ქუთაისის საკრებულოს დეპუტატების ბიზნეს საქმიანობისა და ქონებრივი დეკლარაციების შესწავლას.

ვინ რა ბიზნესს და ქონებას ფლობს წარმომადგენლობით ორგანოში, ინფორმაციას ამის შესახებ ეტაპობრივად შემოგთავაზებთ, რუბრიკაში "დეპუტატი ბიზნესში".

რუბრიკის პირველი მასალა ქუთაისის საკრებულოს დეპუტატის,  ალეკო ახალაძის ბიზნესზე მოგითხრობთ.

ალეკო ახ
ლაძე: ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნების" დეპუტატი 2017 წლიდან;  ეკონომიკის, ქონების მართვისა და საქალაქო მეურნეობის  და კულტურის, სპორტის, განათლებისა და ახალგაზრდობის  საქმეთა კომისიების წევრი;  ქუთაისის საკრებულოში თანამდებობა არ აქვს.

###
ქუთაისის საკრებულოს "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ალეკო ახალაძემ, ოჯახური ბიზნესის გასაფართოებლად, ქუთაისში, ორახელაშვილის ქუჩაზე, ქალაქის საკუთრებაში არსებული ტროტუარი 25 წლიანი იჯარით აიღო. ქუთაისის მერიამ შპს "დეკორას", რომლის დამფუძნებელი და 50%-იანი წილის მფლობელი ალეკო ახალაძეა, 523 კვ.მ  ტროტუარზე 100 კვ.მ  2017 წლის 16 აგვისტოს ბრძანებით, აუქციონის გარეშე, პირდაპირი განკარგვის წესით  გადასცა. ტროტუარი ზუსტად იმ ადგილზეა, სადაც ახალაძის შპს მდებარეობს.



ქუთაისის მერიასა და შპს "დეკორას" შორის გაფორმებული იჯარის ხელშეკრულების მიხედვით, მოიჯარემ ტერიტორიაზე  მაღაზია  უნდა მოაწყოს, სადაც მის მიერ წარმოებულ პროდუქციას გაყიდის. სანაცვლოდ კი ადგილობრივ ბიუჯეტში ყოველწიურად 700 ლარი ქირის სახით უნდა გადაიხადოს. გარდა ამისა, იჯარის ხელშეკრულების მიხედვით, ალეკო ახლაძემ  ადგილზე  ძელსაკმები და საბავშვო ატრაქციონი (საქანელა) უნდა მოაწყოს და  საიჯარო ვადის ამოწურვამდე მისი მოვლა-პატრონობა უზრუნველყოს.

საიჯარო ხელშეკრულების გაფორმებიდან 7 თვის შემდეგაც ადგილზე არც მაღაზიაა და არც კეთილმოწყობილი სკვერი. 

დეპუტატი ალეკო ახლაძე ამბობს, რომ შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად პროექტი უკვე შედგენილი აქვს და მერიის არქიტეტქურის სამსახურშიც შეიტანა, თუმცა, პროცესი მისთვის გაუგებარი მიზეზების გამო ჭიანურდება.

"რამდენიმე თვეა ჯერ მხოლოდ გასული. შეტანილი მაქვს არქიტექტურაში და არ ვიცი რატომ გაჭიანურდა. მშენებლობა  ჯერ ვერ დავიწყეთ, მაგრამ არის რაღაც გათვალისწინებული. მაღაზია უნდა გაკეთდეს და "აწარმოე საქართველოს" ფარგლებში დაფინანსებულმა კომპანიამ უნდა გაყიდოს თავისივე ნაწარმი, თუმცა, ჯერ არ ვიცით რა", - ამბობს ალეკო ახალაძე,".

როგორც ირკვევა, მერიას ხელშეკრულების გაფორმების მომენტში,  მოიჯარესთვის  საბავშვო ატრაქციონის და  ძელსაკმების მოწყობის ვადა არც კი  განუსაზღვრავს, ანუ, შესაძლოა, ალეკო ახალაძემ იჯარის 25 წლიანი ვადა ისე ამოწუროს, რომ ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულება 
საერთოდ არ შეასრულოს.

ქუთაისის მერიის არქიტექტურის სამსახურში ამბობენ, რომ  უკვე გაფორმებულ ხელშეკრულებაში მათ ცვლილების შეტანა არ შეუძლიათ.

"მე არ მაქვს უფლება ვადა ჩავუწერო უკვე გაფორმებულ ხელშეკრულებაში.  შპს "დეკორას" პროექტი აქვს შემოტანილი დროებით შენობა- ნაგებობაზე და შემიძლია დოკუმენტში ავსახო მისი ეს ვალდებულებები. ვადების გაწერის უფლება კი არ მაქვს. ეს იმას უნდა კითხოთ, ვინც გააფორმა ხელშეკრულება. რაც შეეხება ძელსკამებს და ატრაქციონს,  ჩვენთან ეს  პროექტი არ არის  შემოსული",- ამბობს მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, ზაზა ჩხიკვაძე. 

შპს "დეკორა", რომელიც ალეკო ახალაძემ 2014 წელს, სახელმწიფო პროგრამა "აწარმოე საქართველოს" ფარგლებში დააფუძნა, საქართველოში ფერადი ქვიშისა და სილის მწარმოებელი  კომპანიაა. მომხმარებლები პროდუქციას, ძირითადად, ეზოებისა და სასაფლაოების დეკორატიულად მოსაწყობად უკვეთავენ. 

შპს "დეკორას" ალეკო ახალაძე ბოლო სამი თვეა აღარ ხელმძღვანელობს. კომპანიის დირექტორობა მისმა ძმამ, გია ახალაძემ გადაიბარა, თუმცა, დეპუტატი შპს-ში 50%-იან წილს კვლავ ფლობს. 

ალეკო ახალაძემ კომპანიის დირექტორობაზე უარი 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებიდან ორ თვეში, მას შემდეგ თქვა, რაც ქუთაისის საკრებულოს დეპუტატი გახდა.

გარდა შპს "დეკორასი",ალეკო ახალაძეს კიდევ ორ კომპანიაში შპს "სკამი+" და შპს "ადა ჯგუფში" აქვს წილი. კომპანიებს საჯარო რეესტრში ამ დრომდე აქტიური სტატუსი აქვთ, თუმცა, ალეკო ახალაძე ამბობს, რომ არც ერთი მათგანი, გარდა "დეკორასი", არ ფუნქციონირებს.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
11:28 / 10.07.2024
"ქუთაისიპოსტი" კვირაში რამდენჯერმე შემოგთავაზებთ იმერეთის რეგიონში განხორციელებული იმ პროექტების შესახებ ინფორმაციას, რომლებიც საერთაშორისო პარტნიორების ფინანსური მხარდაჭერით გაკეთდა.
14:01 / 25.06.2024
"ქუთაისიპოსტი" კვირაში რამდენჯერმე შემოგთავაზებთ იმერეთის რეგიონში განხორციელებული იმ პროექტების შესახებ ინფორმაციას, რომლებიც საერთაშორისო პარტნიორების ფინანსური მხარდაჭერით გაკეთდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.