გამჭვირვალე თვითმმართველობა
პროექტი, რომლებიც დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით ხარაგაულში განხორციელდა
FaceBook
"ქუთაისიპოსტი" კვირაში რამდენჯერმე შემოგთავაზებთ იმერეთის რეგიონში განხორციელებული იმ პროექტების შესახებ ინფორმაციას, რომლებიც საერთაშორისო პარტნიორების ფინანსური მხარდაჭერით გაკეთდა.

რომ არა დონორების ფინანსური დახმარება, შესაძლოა, დღეს ამ პროექტების დიდი ნაწილი არც განხორციელებულიყო.

ჩვენი მიზანია, მოქალაქეებს მოვუყვეთ და ვაჩვენოთ სინამდვილეში ის "უცხოური ძალა", რომელიც რუსულ კანონში წერია, რეალურად ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორები არიან, რომლებიც გრანტებს როგორც მედიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებზე, ასევე მთავრობაზეც, ქვეყნის განვითარებისთვის გასცემენ.


ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, ბოლო 5 წელში, საერთაშორისო ფონდების ფინანსური მხარდაჭერით ექვსი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა.

ამის შესახებ ჩვენ მიერ მერიიდან გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციაშია ნათქვამი.

კერძოდ, დაბა ხარაგაულში კულტურის და დასვენების პარკის რეკონსტრუქცია სწორედ ევროკავშირის დაფინანსებით, "საპილოტე რაგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

პროექტის ფარგლებში, პარკის ტერიტორია ორი ავარიული შენობისა და ძველი ატრაქციონებისგან გასუფთავდა, მოიჭრა დაზიანებული ხეები, ქვით მოპირკეთდა პარკის ბილიკები.

სარეაბილიტაციო სამუშაოები შპს „არბამ“ განახორციელა, რისთვისაც 1 460 942 ლარი დაიხარჯა.


განახლებული კულტურისა და დასვენების პარკი ხარაგაულში

ასევე, ევროკავშირის დაფინანსებით განხორციელდა ხარაგაულისთვის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათის, დევების ქანდაკებებისა და მიმდებარე სკვერის რეკონსტრუქციაც.

პროექტის ფარგლებში მოეწყო ახალი ლამპიონები, საპარკინგე ადგილი, ხელნაკეთობებისათვის სავაჭრო სივრცე, საინფორმაციო დაფა. მოპირკეთდა და დამცავ გარსში მოექცა დევების გამოსახულება.

ამასთან, სკვერის ტერიტორიაზე მოეწყო ლანდშაფტური გარე სანათები და დამონტაჟდა ვიდეო სათვალთვალო კამერები. მოხდა სკვერის გამწვანება ბუნებრივი კორდით.

პროექტი „საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის“ საგრანტო კონკურსის ფარგლებში 264 999 ლარით დაფინანსდა.


ასე გამოიყურება დევების განახლებული ტურისტულ-რეკრეაციული სივრცე

სოფელ ხუნევში, საბავშვო ბაღის მშენებლობაც სწორედ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით მოხერხდა.

აღნიშნული ბაღი, წლების განმავლობაში, მოძველებულ შენობაში ფუნქციონირებდა. 1986 წელს აგებულ ავარიულ შენობაში სარემონტო სამუშაოების ჩატარება უკვე შეუძლებელი იყო.

30 აღსაზრდელზე გათვლილი ბაღის ახალი შენობა „საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის“ ფარგლებში აშენდა, რისთვისაც 588 000 ლარი დაიხარჯა.


ხუნევის ახალი საბავშვო ბაღი

სოფელ მირონწმინდაში ეკლესიამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციაც „საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების“ პროგრამის ფარგლებში მოხერხდა, რომელსაც ასევე ევროკავშირი აფინანსებს.

პროექტის ფარგლებში, მოწესრიგდა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან მისასვლელი გზების საფარი და ასევე მიმდებარედ არსებული ინფრასტრუქტურა, რისთვისაც 234 444 ლარი დაიხარჯა.

ხარაგაულის სოფელ კიცხის იგორეთში ჭაბურღილისა და მართვის კარადის მოწყობა ასევე საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით განხორციელდა. პროექტი 55 000 ლარით მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (IOM) დააფინანსა.

გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზაციის (GIZ) დაფინანსებით მოხდა დაბა ხარაგაულში ინოვაციების ცენტრის ფუნქციური გაძლიერება და შესაბამისი ინვენტარით აღჭურვაც, რისთვისაც 76 210 ლარი დაიხარჯა.

"ქართულმა ოცნებამ" 3 აპრილს, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პროექტი მეორედ დააინიციირა. მესამე, საბოლოო მოსმენით კი, 14 მაისს, პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით მიიღო. კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს — „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის”, ხოლო მათ შორის აშშ-ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის” სტატუსს მიანიჭებს.

კანონპროექტი, ერთი წლის წინ, ხალხის პროტესტის შედეგად "ოცნებამ" უკან გაიწვია. მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და უმრავლესობის წარმომადგენელმა ირაკლი კობახიძემ პირობა დადო, რომ ამ კანონს არასოდეს მიუბრუნდებოდნენ.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
11:28 / 10.07.2024
"ქუთაისიპოსტი" კვირაში რამდენჯერმე შემოგთავაზებთ იმერეთის რეგიონში განხორციელებული იმ პროექტების შესახებ ინფორმაციას, რომლებიც საერთაშორისო პარტნიორების ფინანსური მხარდაჭერით გაკეთდა.
12:07 / 15.06.2024
"ქუთაისიპოსტი" კვირაში რამდენჯერმე შემოგთავაზებთ იმერეთის რეგიონში განხორციელებული იმ პროექტების შესახებ ინფორმაციას, რომლებიც საერთაშორისო პარტნიორების ფინანსური მხარდაჭერით გაკეთდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.