"ქუთაისიპოსტი" კვირაში რამდენჯერმე შემოგთავაზებთ
იმერეთის რეგიონში განხორციელებული იმ პროექტების შესახებ
ინფორმაციას, რომლებიც საერთაშორისო პარტნიორების ფინანსური
მხარდაჭერით გაკეთდა.
რომ არა დონორების ფინანსური დახმარება, შესაძლოა, დღეს ამ
პროექტების დიდი ნაწილი არც განხორციელებულიყო.
ჩვენი მიზანია, მოქალაქეებს მოვუყვეთ და ვაჩვენოთ სინამდვილეში ის
"უცხოური ძალა", რომელიც რუსულ კანონში წერია, რეალურად ქვეყნის
სტრატეგიული პარტნიორები არიან, რომლებიც გრანტებს როგორც მედიებსა და
არასამთავრობო ორგანიზაციებზე, ასევე მთავრობაზეც, ქვეყნის
განვითარებისთვის გასცემენ.
ხონის მერიის მიერ "ქუთაისიპოსტისთვის" მოწოდებული საჯარო ინფორმაციის
მიხედვით, მუნიციპალიტეტში, საერთაშორისო ფონდების მხარდაჭერით, ბოლო
ხუთი წლის განმავლობაში, 9 მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი
დაფინანსდა, რისთვისაც, ჯამში, 9 მილიონამდე ლარი დაიხარჯა.
სწორედ, ევროკავშირის დაფინანსებით ჩაუტარდა რეაბილიტაცია ხონში,
გუბის ადმინისტრაციულ ერთეულში,
ახალგაზრდულ მულტიფუნქციურ
ცენტრს, რისთვისაც 237 014 ლარი დაიხარჯა. პროექტის შედეგად,
არსებული ობიექტი გარდაიქმნა ახალი მრავალპროფილიანი საქმიანობის
ცენტრად, რომელიც აუცილებელია ადმინისტრაციული ცენტრის
სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერებისთვის და საჯარო მომსახურების
სერვისების მიწოდებისთვის, ახალგაზრდობისა და მოსახლეობისთვის. ასევე,
განვითარდა ინფრასტრუქტურა ახალი ბიზნეს საქმიანობის
ჩამოსაყალიბებლად. გარდა ამისა, პროექტის შედეგად, გაუმჯობესდა
ადგილობრივებისთვის საჯარო მომსახურების ხარისხისა და IT სერვისების
ხელმისაწვდომობა.
ასევე, ევროკავშირის დაფინანსებით, ადგილობრივი ბიზნესის
განვითარების მხარდასაჭერად, მოეწყო
სოფელ ხიდის დიდღვაბუნას
ტბამდე მისასვლელი საგზო ინფრასტრუქტურაც. პროექტის
განხორციელების შემდეგ, განვითარდა ახალი ბიზნეს გარემო, სამრეწველო
სივრცე და შეიქმნა ახალი სამუშაო ადგილები. ჩამოყალიბდა ახალი ბიზნეს
სუბიექტები. ამასთან, ტურისტები უკვე მოკლე მარშტურით გადაადგილდებიან
პრომეთეს მღვიმეს-გორდის კანიონის-კინჩხის წყალვარდნილისა და
მარტვილის კანიონის მიმართულებით. აღნიშნული პროექტის
განსახორციელებლად ევროკავშირმა 718 342 ლარი გამოყო.
725 497 ლარის ღირებულების სამუშაოები
შესრულდა
ივანდიდის ადმინისტრაციულ ერთეულში
ბიზნესის ხელმშემწყობი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად და ეს
თანხაც ევროკავშირმა დაფარა. პროექტის შედეგად, მოხდა ადგილობრივი
ბიზნესის სტიმულირება ახალი სამუშაო ადგილების შექმნისთვის და
გაუმჯობესდა ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების პირობები.
რომ არა ევროკავშირის მხარდაჭერა,
ხონის ბულვარის
რეაბილიტაცია, ალბათ, ვერ განხორციელდებოდა. აღნიშნული
პროექტი 1 717 545 ლარით დაფინანსდა და შედეგად, გაიზარდა
განახლებულ-გაუმჯობესებულ ბულვარში როგორც ვიზიტორთა, ისე სერვისების
მიმწოდებელი ადგილობრივი მცირე და საშუალო მეწარმეების რაოდენობაც.
ასევე, ხელი შეეწყო ტურიზმის განვითარებას.
გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებისა (GIZ) და
გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) ფინანსური
მხარდაჭერით აშენდა ხონში,
სათემო განათლების
ცენტრის შენობაც, რისთვისაც 785 804 ლარი დაიხარჯა.
ლტოლვილთა დანიის საბჭოს (DRC) დაფინასებით კი რეაბილიტირდა
ხონში, დევნილთა დასახლებაში
კულტურის სახლი
(დაიხარჯა 669 944 ლარი) და ასევე,
ხონის #2 საბავშვო
ბაღი (დაიხარჯა 765 472 ლარი), შედეგად შეიქმნა სკოლამდელი
ასაკის აღსაზრდელებისათვის განათლების მისაღებად აუცილებელი და საჭირო
პირობები.
გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და ხონის მუნიციპალიტეტს შორის
გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის
მოსაწყობად, მომზადდა ინფრასტრუქტურული პროექტების
საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, რისთვისაც 44 175 ლარი
დაიხარჯა.
ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ევროკავშირმა ხონის მუნიციპალიტეტს
ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და ინტეგრირებული ტერიტორიული
განვითარების მხარდასაჭერად განსახორციელებელი პროექტებისთვის
(2023-2025 წელი) 971 000 ევრო გამოუყო. პროექტის მიზანია ადამიანის
უფლებების, დემოკრატიისა და ინტეგრირებული ტერიტორიული განვითარების
მხარდაჭერა და დაცვა.
"ქართულმა ოცნებამ" 3 აპრილს, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის
შესახებ“ პროექტი მეორედ დააინიციირა. მესამე, საბოლოო მოსმენით კი,
14 მაისს, პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით მიიღო. კანონპროექტი
გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს — „უცხოური ძალის ინტერესების
გამტარებლის”, ხოლო მათ შორის აშშ-ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო
ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის”
სტატუსს მიანიჭებს.
კანონპროექტი, ერთი წლის წინ, ხალხის პროტესტის შედეგად "ოცნებამ"
უკან გაიწვია. მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და
უმრავლესობის წარმომადგენელმა ირაკლი კობახიძემ პირობა დადო, რომ ამ
კანონს აღარასოდეს მიუბრუნდებოდნენ.
მასალის გამოყენების პირობები